ავღანური ტრაგედია
02-09-2019
ავღანური ტრაგედია
"მაღალჩინოსებს პატარა ბიჭები საყვარლებად მიჰყავთ, ქალის ტანსაცმელს აცმევენ და..."

რამდენიმე საუკუნის წინ დამკვიდრებულ ავღანურ ტრადიციაზე მუშაობას ქვეყნიდან წასული ჟურნალისტები ვერ ბედავენ, თუმცა­ ბრიტანეთში გადასახლებული ავღანელი ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი ნაჯიბულა ქურაიში, რომლის მომზადებული დოკუმენტური ფილმები შეისყიდეს CNN–მა, ALJAZEERA-მ, BBC–მ და სხვა საერთაშორისო კომპანიებმა, მუდმივად აშუქებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მიმდინარე პროცესებს.

"კვირის პალიტრა" ავღანელ ჟურნალისტს ინტერნეტით ესაუბრა. ნაჯიბულა ქურაიში იყო ავღანეთში კოალიციური ძალების ბაზაზე, სადაც საქართველოს სამშვიდობო მისიის­ წარმომადგენლებიც გაიცნო.

-
ქართველ სამშვიდობოებზე ცალკე მასალა არ მომიმზადებია. 2016 წელს, როდესაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს მანდატით მოქმედი სამშვიდობო ძალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ქართველებიც იყვნენ მოხსენიებული, დავინტერესდი. საუბარი იყო აფრიკაში ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის განცხადებით, მას ხელთ ჰქონდა ინფორმაცია,
თითქოს ამ საქმეში ქართველი, ფრანგი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ... გამოძიების თანახმად, ქართველების მონაწილეობა არ დადასტურდა, თუმცა ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე ძალადობის ფაქტები საყოველთაოდ ცნობილია. ამ თემის სათანადოდ გაშუქების უფლება, მიზეზთა გამო, ჟურნალისტებსაც არ გვაქვს...

- ქართველმა სამხედროებმა როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვეს?
- ძალიან კარგი. მათ ავღანეთში­ რთული მისიის შესრულება უწევთ და ძალიან კარგად არიან მომზადებული. უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა და ამან გამაოცა. ალბათ, ძალიან­ მამაცი უნდა იყო, ამ ასაკში ასეთი სარისკო გადაწყვეტილება რომ მიიღო. ვესაუბრე ადგილობრივ მოსახლეობასაც, ისინი ქართველ სამხედროებს განსაკუთრებით ენდობიან, თუმცა ჩემს სამშობლოში შექმნილი ვითარება არავის აძლევს მშვიდად ყოფნის უფლებას...



- როგორც ვიცი, თქვენ "თალიბებზეც" მოამზადეთ დოკუმენტური ფილმი...
- დიახ, "36 წელი თალიბანთან" - ასე ჰქვია ჩემს ფილმს, რომელიც CNN-ზე გავიდა.­ დიდი ძალისხმევით მოვახერხე და "თალიბანის" მეთაურებს შევხვდი, რათა მათი სიმართლეც მომესმინა. ცალკე მოვამზადე ფილმი მათ ცხოვრებაზე. ადრე მომზადებული ვიდეოსიუჟეტებისა და ფილმების გამო ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემს ხელში ჩაგდებას, ან სულაც ლიკვიდაციას, ემუქრებოდნენ ჩემს შვილებსაც, რისთვისაც დიდი თანხის გადახდამაც მომიწია...

გავაშუქე სირიის ომიც.­ იქ უარესი ვითარებაა, ვიდრე მედია გადმოსცემს.­ ჩემს ფილმში ჩანს, როგორ ვაჭრობს რუს­ეთი­ სირიაში "ისლამური სახელმწიფოთი".

- ბრიტანელი მწერალი­ და რეჟისორი რობერტ იანგ ფელტონი თავის წიგნში - "მსოფლიოს ყველაზე საშიში­ ადგილები", ავღანეთზეც წერს. გასული საუკუნის 90-იან წლებში მოჯაჰედები იტაცებდნენ პატ­არა­ ბიჭებს, პატარძლის კაბაში გამოაწყო­ბდნენ და ქორწინების რიტუალს ატარებდნენ...
- დიახ, ეს არის ჩემი სამშობლოს ყველაზე მახინჯი ტრადიცია, რომელთან ბრძოლასაც თაობების შეცვლა სჭირდება. იმ ბიჭებს ახალი "პატრონი" ალკოჰოლითა და ოპიუმით ჭყეპდა, შემდეგ კი მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... თავიდან ამას ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა, შემდეგ კი სხვანაირი სახე მისცეს - პატარა ბიჭებს მშობლებისგან ყიდულობდნენ და ეს ამაზრზენი რიტუალი ხშირად მშობლებისავე თანდასწრებით ტარდებოდა. თუ რომელიმე მათგანი გაქცევას შეეცდებოდა, "პატრონი" მას კლავდა ან ასახიჩრებდა. ეს უკუღმართი ტრადიცია ავღანეთის პროვინცია ბაჩა-ბაზიში (სპარსულ ენაზე "ბიჭებთან თამაშს" ნიშნავს) სექსუალური მონობის, ბავშვთა პროსტიტუციის ფორმად ჩამოყალიბდა. ახლა მდიდარი ავღანელებისთვის ეს გართობაა - პატარა ბიჭები საყვარლებად მაღალჩინოსან ავღანელებს მიჰყავთ.

- მათზე არასრულწლოვნების უფლებების შესახებ კანონი არ ვრცელდება?
- ავღანეთში კანონი მხოლოდ ქაღა­ლდზე მოქმედებს. ბაჩა-ბაზის პროვინციაში მდიდარი ავღანელები ბიჭებს 6 წლის ასაკიდან ყიდულობენ. იქ უამრავი ბავშვი უდედმამოდ იზრდება, ზოგს დედ-მამა ყიდის "ბაჩებად" ანუ საყვარლებად. ამას ფულის გამო თანხმდებიან, რადგან სხვა შვილები შიმშილით ეხოცებათ. ხანდახან ბიჭებს პირდაპირ ქუჩიდან იტაცებენ. ამისთვის კარგად გაწვრთნილი "ხელის ბიჭები" ჰყავთ, რომლებსაც პატარების მანქანაში შეტყუება არ უჭირთ. ადგილობრივები ამ ტრადიციას ისეთ ტრაგედიად არ აღიქვამენ, როგორც ცივილიზებული სამყარო. "პატრონები" ბიჭებს ქალის ტანსაცმელს აცმევენ. ზოგიერთ "პატრონს" რამდენიმე ბიჭი ჰყავს საყვარლად და მათთვის ცეკვისა და მუსიკის მასწავლებელს ქირაობს. ბავშვები სწავლობენ, როგორ მოემსახურონ ბატონსა და მის სტუმრებს. დროთა განმავლობაში გამოცდილი "ბაჩები" ხდებიან და ზოგჯერ მათ გამო ფულიან, გავლენიან ავღანელ მამაკაცებს შორის ნამდვილი ბრძოლა იმართება. დაპირისპირება ზოგჯერ სისხლის ღვრითაც მთავრდება. ხშირად ერთმანეთის გასამწარებლად ისინი "ბაჩებსაც" ხოცავენ... ამ ბიჭების "სამსახურებრივი" ზღვარი 20 წელია, შემდეგ "ბერდებიან", თუმცა, ბევრი ამ ასაკს ვერც აღწევს - სხვადასხვა ინფექციური დაავადებით ან სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. ზოგი გაქცევას ცდილობს, რის გამოც გაბრაზებული "პატრონი" მას წამებით კლავს, რათა ეს სხვებისთვის მაგალითი იყოს.

- გისაუბრიათ იმ ადამიანებთან, ვინც ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწია?
- დიახ. მათი მოსმენა ძალიან მძიმე იყო. თითქმის არ ვიცი შემთხვევა, ვინმეს ასეთი წარსულის შემდეგ ცხოვრება ნორმალურად გაეგრძელებინოს.

საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საზარელ ტრადიციას გმობენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ პირდაპირ გალაშქრებას ყველა ერიდება. ამას ეწინააღმდეგებიან მუსლიმი სასულიერო პირებიც. ბევრი მათგანი ამ საქმეს შეეწირა კიდეც, რადგან ამ ბიზნესს გავლენიანი ადამიანები მფარველობენ, რომელთაც თვითონ ჰყავთ პატარა ბიჭები საყვარლებად. მათ შორის მხოლოდ ბიზნესმენები კი არა, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნებიც არიან.

ჩემი რამდენიმე კოლეგა ამ საქმეს შეეწირა, ბევრი მუშაობის პროცესს ჩამოაშორეს - გააფრთხილეს, ამ თემაზე არ ემუშავათ... არ ვიცი, რამდენად საამაყოა, მაგრამ მე პირველი ავღანელი ჟურნალისტი ვარ, ვინც 2010 წელს ამ საშინელებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და რამდენიმე ტელევიზიას მიაწოდა. ეს იყო საერთაშორისო სკანდალი. შევეცადე, მსოფლიოსთვის მეჩვენებინა ჯოჯოხეთი, რაც ბაჩა-ბაზის პედოფილებისთვის ნამდვილი დარტყმა იყო. მსოფლიოში ატეხილი ხმაურის გამო ადგილობრივი პოლიცია იძულებული გახდა, რამდენიმე მაღალჩინოსანი და ბიზნესმენი დაეპატიმრებინა... მაშინ ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს და ფულადი ჯილდოც დაწესდა. ერთხანს ქუვეითსა და ავღანეთს თავს ვარიდებდი, მაგრამ მერე ლონდონშიც მომაგნეს და სასტიკად მცემეს. ქალაქის პოლიციამ მოგვისწრო და გადავრჩი, თუმცა რამდენიმე თვე ლოგინს მივეჯაჭვე. ჩემს ოჯახსაც ემუქრებოდნენ.

სამი შვილი მყავს და ჩემი საქმიანობა­ სარისკოა, მაგრამ მინდა, მსოფლიოში "დანაღმულ უდაბნოდ" აღიარებულ ავღანეთში, რომელიც ჩემი სამშობლოცაა, რამე შევცვალო, თუნდაც სიცოცხლის ფასად... ჩემი შვილები იქ, ალბათ, არასდროს დაბრუნდებიან...

- რა შედეგი მოჰყვა თქვენს ფილმს, "ბაჩა-ბაზი"?
- საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით, ავღანური პოლიცია მუდმივად ავიწროებს ამ საქმიანობის მიმდევარ პედოფილებს. ბიზნესს ართმევენ, რის შემდეგაც ისინი ქვეყნიდან წასვლას ცდილობენ, მაგრამ ეს არ კმარა, რადგან არიან ოჯახები, რომლებიც თვითOონ ეძებენ ასეთ ადამიანებს, რომ შვილები მიჰყიდონ... ამ თემაზე ამერიკაში მოხსენებაც გაკეთდა, შეიქმნა ჯგუფი ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დასაცავად...

- თქვენ როდის წამოხვედით ქვეყნიდან?
- 2002 წელს იძულებული გავხდი, ავღანეთი დამეტოვებინა. იქ მუშაობა დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს. ერთხელ სკოლის შენობაში ადგილობრივებთან შეხვედრა გვქონდა, სიუჟეტს ვამზადებდით. უცებ ვიღაც უცხო, ჰიჯაბიანი ქალი მომიახლოვდა და ხელით რაღაც მანიშნა. ქუვეითში დავიბადე და გავიზარდე და ვიცი, ესა თუ ის ჟესტი რასაც ნიშნავს. მივხვდი, საფრთხე გველოდა. სასწრაფოდ შევწყვიტეთ გადაღება, სკოლის დირექტორსაც ვთხოვე, ბავშვები გაეყვანა, მაგრამ ყველამ ვერ მოასწრო გამოსვლა. მაშინ აფეთქებამ შვიდი ბავშვი შეიწირა. ვცადე, მაგრამ ვერ გავარკვიე, ის ქალი ცოცხალია თუ არა... მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი საქმიანობის ტემპი არ შემინელებია... მსოფლიოს გავაგებინებ იმ ამაზრზენი ფაქტების შესახებ, რომელთაც ავღანურ "ტრადიციად" ასაღებენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?