ჯულიან ბორჯერი, "გარდიანი", დიდი ბრიტანეთი - კვირის პალიტრა

ჯულიან ბორჯერი, "გარდიანი", დიდი ბრიტანეთი

8 ნოემბერს სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დააპატიმრა კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ურანის მიყიდვაში ორი კონტრაბანდისტისთვის. ეს უკანასკნელნი წელს საქართველოში, შავ ბაზარზე, ურანის გაყიდვის მცდელობისთვის დააკავეს.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გარიკ დადაიანი, რომელმაც 2005 წელს მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის მცდელობისთვის რამდენიმე თვე ციხეში გაატარა, ქართველი გამომძიებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კვლავ დატუსაღებულია.

ორმა სომეხმა - ჰრანტ ოჰანიანმა და სუმბათ ტონოიანმა თბილისის სასამართლოში აღიარეს, რომ საქართველოს დედაქალაქში მაღალგამდიდრებული ურანის მიყიდვას აპირებდნენ იმ ადამიანისთვის, რომელიც მათ რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის წევრად მიაჩნდათ. გარიგება 11 მარტს უნდა შემდგარიყო, თუმცა პოტენციური აგენტი ქართული სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა, რომელიც დაცვის ქვეშ მუშაობდა.

ოჰანიანის და ტონოიანის განაჩენი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოცხადდება. დაკავებულების თქმით, მათ საქართველოში 18 გრამი ურანი შეიტანეს, რომელიც სიგარეტის კოლოფში მოათავსეს, ტყვიით შეფუთეს და იმ მატარებლის ვაგონებს შორის დამალეს, რომელიც სომხეთის დედაქალაქიდან (ერევანი) მოდიოდა.

ქართველ გამომძიებლებს მათ უამბეს, რომ ურანი შეიძინეს ოჰანიანის ნაცნობ დადაიანისგან, რომელიც ტრაბახობდა, - ურალსა და ციმბირში კავშირების წყალობით უფრო მეტი ურანის შოვნა შემიძლიაო.

შვიდი წლის განმავლობაში ეს მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის მესამე მცდელობა იყო საქართველოს ტერიტორიაზე. ის კითხვებს აჩენს იმ ბირთვული მასალების მარაგების შესახებ, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დარჩა. მიჩნეულია რომ რუსეთში ამ ნივთიერების რაოდენობა 700 ტონას აღწევს, თანაც ის ისეთ ობიექტებზე ინახება, რომლებიც უსაფრთხოების ხარისხით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

დადაიანი 2003 წელს დააკავეს, როდესაც 200 გრამ ურანზე, რომლის გადატანასაც ის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ცდილობდა, სპეციალურმა დეტექტორმა მოახდინა რეაგირება. მაშინ ის სამართალდამცავებს დაუსხლტდა, თუმცა მოგვიანებით სომხეთის ხელისუფლებამ დააკავა - ორწელიწადნახევარი მიუსაჯეს. ციხეში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა.

როგორც ქართველმა გამომძიებლებს აცნობეს, სომეხი სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ მოსყიდულმა ქართველმა მესაზღვრეებმა დადაიანს 2003 წელს მისი მარაგის ნაწილის შენახვის საშუალება მისცეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს დარჩენილი ნაწილი გადასცა მან ოჰანიანს და ტონოიანს იმ იმედით, რომ ისინი მყიდველს მოძებნიდნენ. სომეხ კონტრაბანდისტებს სინჯიდან ერთი გრამის გაყიდვა 500.000 დოლარად სურდათ, ხოლო დანარჩენის მიყიდვას იმ შემთხვევაში სთავაზობდნენ, თუ გარიგება სარფიანი იქნებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ შავ ბაზარზე მაღალგამდიდრებული ურანის პარტიების შემცირება იმედისმომცემია, თუმცა რუსეთში სიტუაციის ცვლილებამ შეიძლება ბირთვული ბომბების კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის ახალი ტალღა გამოიწვიოს.

გაჩნდა ახალი საფრთხე: რუსეთში კორუფციის დონის ზრდას და მაღალჩინოსნების მზარდ დაუსჯელობას შეიძლება ბირთვული მასალებით ვაჭრობის ახალი მცდელობები მოჰყვეს", - აღნიშნა უტიაშვილმა.

საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა, ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წელს გაჩაღებული ომის შემდეგ დაძაბული რჩება. რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ქართველებს დაეხმარნენ საქართველოში ურანის კონტრაბანდის ორი წინა შემთხვევის გამოძიებაში, დღეს მათთან აღარ თანამშრომლობენ.