ჯაშუშური სკანდალის მიუხედავად საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა - კვირის პალიტრა

ჯაშუშური სკანდალის მიუხედავად საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად ქვეყნის ხელისუფლების მიერ  რუსული ჯაშუშური ქსელის მხილებისა, თბილისი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა მას შემდეგ რაც ნატოს ლისაბონის სამიტის წინ, რომელსაც პრეზიდენტი მედვედევიც დაესწრება, თბილისმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მოსკოვმა საქართველო „აშკარა პროვოკაციის“ ორგანიზებასა და „პოლიტიკურ ფარსში“ დაადანაშაულა.

დუბლინში ვიზიტის დროს, კითხვაზე: ხომ არ ავნებს დიალოგის პერსპექტივას ჯაშუშური დაპირისპირება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ „ამ კითხვის ადრესატი უფრო რუსეთია… ჩვენ მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს ჯაშუშურ ქსელზე თუკი ასეთს აღმოვაჩენთ და აღმოვაჩინეთ კიდეც, ერთადერთი გზა რეალური მოლაპარაკებებია“.

ბატონმა გილაურმა „მცირე, მაგრამ მაინც პოზიტიური ნიშანი“ უწოდა რუსეთის სამხედრო ძალების გასვლას პერევიდან.

ბატონმა გილაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მთავარი იარაღი მოსკოვზე ევროპისა და ამერიკის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლაა. წარმატებული ეკონომიკური რეფორმები საქართველოში და ამავდროულად პოლიტიკური ზეწოლა ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა საქართველოს პოლიტიკური რეინტეგრაციის თვალსაზრისით.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ბრაიან კოუენთან შეხვედრისას, ბატონმა გილაურმა იმ მოლოდინზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს 2012 წელს ეუთო-ში ირლანდიის თავმჯდომარეობისგან აქვს. "ჩვენთვის რუსეთთან კონფლიქტის დასრულება პრიორიტეტია", - თქვა მან, ირლანდიას შეუძლია სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანა საკუთარი გამოცდილებით, რომელიც თქვენ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ურთიერთობით ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაგიგროვდათ.

ბატონმა გილაურმა უარყო საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული წუხილი, რომელიც ოპონენტთა თქმით გზას უხსნის მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრი გახდეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება, ისევე როგორც ეს ვლადიმირ პუტინმა გააკეთა რუსეთში. "პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებია ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იმისთვის არ განხორციელებულა, რომ ის რომელიმე ადამიანს მოერგოს“, - განაცხადა ბატონმა გილაურმა და დასძინა, რომ ახალი კონსტიტუცია თავისი ბუნებით "უფრო ევროპულია".

აირიშ ტაიმსი, ირლანდია

მარი ფიცჯერალდი