პარალიზებული მსოფლიო - კვირის პალიტრა

პარალიზებული მსოფლიო

ორი წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა ხელახლა შესძლოს საკუთარი პოზიციების განმტკიცება და მეორე ვადით არჩევას მიაღწიოს.

სისტემატიური ობსტრუქციის სტრატეგია, რომელსაც გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკელები მიმართავენ, როგორც სჩანს მომავალში ამომრჩეველს დაღლის (რითაც სიმპათიები კვლავ დემოკრატებისკენ გადაიხრება), მაგრამ ამ მომენტში აშშ-ის პრეზიდენტი იძულებულია ყრუ თავდაცვის პოზიციაში იყოს.

მეტიც, მას სასოწარკვეთილი ბრძოლა მოუწევს საკუთარი პროექტების: სამედიცინო დაზღვევისა და მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის რეფორმების შესანარჩუნებლად. ობამას ასევე მოუწევს სოციალური ხარჯების შეზღუდვა, რათა კონგრესმა უბრალოდ დაფინანსების წყარო არ გადაუკეტოს. ასევე არ შეიცვლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც.

რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, რესპუბლიკელები დიდხანს არ დაკმაყოფილდებიან ეკონომიკური სანქციებით, რომელიც მაინც ასუსტებს მაჰმუდ აჰმადინეჟადს და ამწვავებს უთანხმოებას ისლამური რეჟიმის შიგნით. ისინი აუცილებლად მოინდომებენ კუნთებით თამაშს და შესაძლოა მათ მეგობრებს ისრაელური პოლიტიკის მარჯვენა ფრთიდან პრევენციული დარტყმებისკენაც უბიძგონ.

ჩინეთთან დაკავშირებით რესპუბლიკელები შეეცდებიან სავაჭრო სფეროში თანაფარდობის აღდგენას იმ აზიურ ქვეყნებზე დაყრდნობით, რომლებიც პეკინის რეგიონალური პოლიტიკით შეშფოთებულები არიან, რამაც აშშ შეიძლება მის მთავარ კრედიტორთან დაპირისპირებაში ჩაითრიოს.

გარდა ამისა, რესპუბლიკელების უმრავლესობა, როგორც ჩანს პალესტინური ტერიტორიების კოლონიზაციის შეწყვეტისთვის ისრაელზე ზეწოლას მოერიდება, მაშინ როცა ბარაკ ობამას მისწრაფებას რუსეთთან დავას თავი აარიდოს და მასთან  ერთობლივი ფრონტით იბრძოლოს ირანის საკითხზე, მარცხის სულ უფრო მეტი შანსი აქვს.

თავად ის ფაქტი, რომ რუსეთი ვეღარ იქნება დარწმუნებული აშშ-სთან დაახლოების პერსპექტივაში, კრემლის შიდა ბალანსზეც აისახება, რადგან დმიტრი მედვედევმა ვლადიმირ პუტინთან შედარებით საკუთარი პოზიციების განმტკიცებას დიდწილად სწორედ გადატვირთვის წყალობით მიაღწია. ზაფხულის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტი თავის წინამორბედს პოპულარობის რეიტინგით გაუტოლდა.

ვაშინგტონის, მოსკოვისა და ევროპული დედაქალაქების დაახლოვების შენარჩუნების ერთადერთი გზა ისაა, რომ ევროკავშირმა უმოკლეს ვადაში უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები რუსეთთან კონტინენტური თანამშრომლობისკენ, რისკენაც საფრანგეთი და გერმანია ისწრაფვიან, თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ჯერჯერობით ნაკლებად რეალურია. გერმანული კოალიცია თვალსა და ხელს შუა ირღვევა.

პრობლემები აქვს ნიკოლა სარკოზისაც. უახლოეს თვეებში ევროკავშირს მოუწევს ერთდროულად გამკლავება როგორც ზოგიერთი მისი წევრის ფინანსურ პრობლემებთან, ასევე ევროკავშირის სოლიდარობის ფონდის განმტკიცებისთვის არსებული ხელშეკრულებების ცვლილებებთან. საერთაშორისო არენაზე კავშირის აქტიურობა შუსუსტდება, მკაცრი ეკონომიის მიზნით მის მიერ გატარებული ზომები ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, სოციალური დაძაბულობა მომავალში მხოლოდ გამწვავდება, ხოლო ვაშინგტონში მიმდინარე ცვლილებები ცხოვრებაში წარსულ წინააღმდეგობებს დააბრუნებს.

თვითმფრინავის კაბინაში მფრინავი აღარ ზის. საერთაშორისო არენა მერყეობის ფაზაში შედის და, სამწუხაროდ, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელი გახდება მოსალოდნელი სავალუტო ომების თავიდან აცილება. ნიკოლა სარკოზი დარწმუნებულია, რომ მომავალ ზაფხულს ეს ომები ისეთ აქტიურ ფაზაში შევა, რომ მსოფლიო ფინანსური სისტემის გადახედვაზე მის მოწოდებებს გაიზიარებს, "დიდი ოცეული" მისი ბრძნული მეთაურობით მუშაობას შეუდგება, ხოლო მისი პრესტიჟი ისეთ მწვერვალებს მიაღწევს, რომ 2012 წელს კვლავ პრეზიდენტი გახდება და მთელ მსოფლიოს საკუთარ რელსებზე დააყენებს.

შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ჩინეთი იუანის გადაფასებაზე უარს ამბობს, აშშ-მა დოლარის დევალვაციისთვის საბეჭდი მოწყობილობა აამოქმედა, ევროს ცაში ავარდნილი კურსი კი ევროპის მთელ ეკონომიკას სერიოზული შედეგებით ემუქრება.

"ლიბერასიონი", საფრანგეთი

ბერნარ გეტა