პოლონეთის პრეზიდენტი მოსკოვის დიდ შვიდეულში დაბრუნების წინააღმდეგია - კვირის პალიტრა

პოლონეთის პრეზიდენტი მოსკოვის დიდ შვიდეულში დაბრუნების წინააღმდეგია

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბოლო 10 წლის მანძილზე საერთაშორისო სამართლის დარღვევა, არ იძლევა საშუალებას, მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობებზე გადასვლისთვის. პოლონური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დუდამ კითხვაზე პასუხისას განაცხადა - უჭერს თუ არა ის მხარს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას, რომ რუსეთი „დიდ შვიდეულში“ დაბრუნდეს.

"სამწუხაროდ, რუსეთი ბოლო წლებში დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მათ, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, გულგრილს ვერ დატოვებს. დავსვათ კითხვა: უნდა გადავიდეთ თუ არა რუსეთთან ნორმალურ დღის წესრიგზე, როდესაც ასეთი რამ ხდება? ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია“, - განაცხადა დუდამ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თავის იმპერიულ ამბიციებს ახორციელებს მეზობლებთან საზღვრების შეცვლისა და სამხედრო აგრესიის გზით: ასე მოხდა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს.

ანდჟეი დუდამ რუსეთის აგრესიაზე ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვნახეთ ევროპაში იმპერიალისტური ტენდენციების დაბრუნება, საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა, თავდასხმა სხვა სახელმწიფოებზე, ტერიტორიების მიტაცება“, - განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა მაგალითებად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია მოიყვანა.

„ამაზე თვალების დახუჭვა მშვიდობის შენარჩუნების რეცეპტი არ არის. ეს აგრესიული პირების წახალისების იოლი გზაა, იოლი გზაა, რომ ფაქტობრივად, დაეთანხმო შემდგომ შემოტევებს. ეს ჩვენთვის დიდი გაკვეთილია: ასეთ ქმედებებს არ უნდა დავეთანხმოთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას ფართო პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"