ოსამა ბინ ლადენის ვაჟი მოკლეს - რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
აშშ-ის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ჰამზა ბინ ლადენი მოკლეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია ავღანეთ-პაკისტანის რეგიონში ჩატარდა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი არაა.
"ჰამზა ბინ ლადენის დაკარგვა ალ-ქაიდას მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის ძირის გამოთხრას ნიშნავს," - განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჰამზა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ "როიტერსმა" 31 ივლისს გაავრცელა, თუმცა მაშინ აშშ-ის ხელისუფლებას ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰამზა ბინ ლადენი გლობალურ ტერორისტად 2017 წელს გამოაცხადა, როდესაც მან დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში ტერორისტული აქტების განხორციელების შესახებ გააკეთა მოწოდება და დაიმუქრა, რომ მამამისის მკვლელობის გამო აშშ-ზე შურს იძიებდა. ჰამზა ბინ ლადენი დაახლოებით 30 წლის იყო.
ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"