აფეთქება რუსეთის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის უმსხვილეს კვლევით ცენტრში - არის თუ არა სასიკვდილო ვირუსების გავრცელების საფრთხე? - კვირის პალიტრა

აფეთქება რუსეთის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის უმსხვილეს კვლევით ცენტრში - არის თუ არა სასიკვდილო ვირუსების გავრცელების საფრთხე?

16 სექტემბერს, რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის კვლევით ცენტრ "ვექტორში", რომელშიც ლეტალურ ვირუსებს, მათ შორის ებოლასა და ჩუტყვავილას იკვლევდნენ, აფეთქება მოხდა. აფეთქება ცენრტში სარემონტო სამუშაოებისას ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა 6-სართულიანი შენობის მეხუთე სართულზე მოხდა და შემთხვევისას შენობაში ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა. მძიმედ დაშავდა ერთი თანამშრომელი, რომელიც დამწვრობით რეანიმაციაშია მოთავსებული.

როგორ ცნობილია, ქალაქ კოლცოვოში, ნოვოსიბირსკში, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის კვლევით ცენტრ "ვექტორში" "ცივი ომის“ დროს ბიოლოგიურ იარაღს, ასევე ბაქტერიოლოგიური და ბიოლოგიური იარაღისგან დამცავ ვაქცინებს იკვლევდნენ.

"ვექტორში“ აფეთქების შემდეგ, საინფორმაციო საშუალებები საუბრობდნენ, რომ შესაძლოა აფეთქების შემდეგ ბიოლოგიური ვირუსების გავრცელებისა და დასნებოვნების რისკი გაზრდილიყო, თუმცა "ვექტორის“ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის მატერიალებზე კვლევა არ მიმდინარეობდა“.

კვლევით ცენტრ "ვექტორში“ ყველაზე დიდი რაოდენობის და სხვადასხვა სახეობის ვირუსი ინახება. მათ შორისაა ჩუტყვავილა, ებოლა, ფრინველის გრიპი და ჰეპატიტის სხვადასხვა სახეობა.

კვლევითი ცენტრის ისტორიას ახსოვს ლეტალური შედეგით დასრულებული, ერთ-ერთი თანამშრომლის, ანტონინა პრესნიაკოვას შემთხვევაც.

ებოლას ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა

2004 წელს ლაბორატორიის თანამშრომელი, რომელსაც შემთხვევით მარცხენა ხელში ებოლას ვირუსიანი ნემსი მოხვდა, გარდაიცვალა.

"კომერსანტის“ ცნობით, მეცნიერი ანტონინა პრესნიაკოვა გამოცდილი მკვლევარი იყო, ამ პერიოდში ის ცდისთვის გამზადებულ ღორებს ტესტირებას უკეთებდა. მას სპეციალური, დამცავი სამოსიც ეცვა, თუმცა ორგანიზმში მოხვედრილმა ვაქცინამ ის ორ კვირაში მოკლა. (წყარო)