როგორ აპირებს ემანუელ მაკრონი საფრანგეთში იმიგრანტების, მათ შორის ქართველი ლტოლვილების შემცირებას? - კვირის პალიტრა

როგორ აპირებს ემანუელ მაკრონი საფრანგეთში იმიგრანტების, მათ შორის ქართველი ლტოლვილების შემცირებას?

საფრანგეთის პარლამენტში (ეროვნულ კრებაში) 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, იმიგრაციის ახალი კანონპროექტის ირგვლივ დებატები უნდა გაიმართოს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეროვნული კრების დეპუტატებს შეხვდა თავისი პარტიიდან "წინ, რესპუბლიკა!", რათა მათ წინაშე რეფორმის მთავარი მიმართულებებზე ესაუბრა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ფრანგული პრესაში რამდენიმე სტატიაა გამოქვეყნებული, რომელთა მიმოხილვა ფრანგული სახელმწიფო რადიოსადგურის - «Radio France Internacionale»-ს ეთერში გადაიცა.

"საფრანგეთი ყოველთვის იყო "იმიგრანტთა მიწა", - განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე გააფრთხილა დეპუტატები: დღეს ქვეყანა პრაქტიკულად ორ ბანაკადაა გაყოფილი: პირველი - ვინც იმიგრაციას მხარს უჭერს და ხმას აძლევს უკიდურესად მემარჯვენე "ნაციონალურ გაერთიანებას" (ყოფილი "ნაცფრონტს") და მეორე - ვისაც სურს თავისი სამშობლო იყოს ღია, მაგრამ არა მიამიტი და გულუბრყვილო", - ასე გადმოსცემს ემანუელ მაკრონის სიტყვებს გაზეთი «Le Figaro».

პუბლიკაციებს შორის საყურადღებოა გაზეთ Le Monde-ში დაბეჭდილი მასალაც:

"საფრანგეთში საიმიგრაციო საკითხი სულ უფრო მწვავე პრობლემა ხდება, - წერს ფრანგული გავლენიანი გამოცემა, - ჯერ კიდევ აგვისტოში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ, როცა ფრანგი ელჩების წინაშე გამოვიდა, იმიგრანტთა რაოდენობის თაობაზე ციფრები წარადგინა. იმ დროს, როცა ბოლო წლებში საფრანგეთის მეზობელ ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა მცირდება, საფრანგეთში, პირიქით, მატულობს. 2017 წელს საფრანგეთის ლტოლვილებისა და აპატრიდების დაცვის სამსახურში (OFPRA) 100 ათასი თხოვნა შევიდა თავშესაფრის მიცემის თაობაზე, 2018 წელს კი - 120 ათასზე მეტი. თუ ეს ტემპი შენარჩუნდება, მაშინ მიმდინარე 2019 წელს თავშესაფრის მსურველთა რაოდენობამ შეიძლება 130 ათასს მიაღწიოს. პრეზიდენტის განცხადებით, ლტოლვილთა ასეთი ზრდა იმას მოწმობს, რომ "ჩვენ ცუდად ორგანიზებული ქვეყანა ვართ".

როგორი მეთოდებით ცდილობს მთავრობა საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მსურველ ლტოლვილთა რაოდენობის შემცირებას? Le Monde განმარტავს იმ ძირითად ზომებს, რომლებიც კანონპროექტშია წარმოადგენილი:

პირველ რიგში, საჭიროა საფრანგეთის "მიმზიდველობასთან" ბრძოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთი ლტოლვილებისთვის, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საცხოვრებლად მიმზიდველი ქვეყანა არ უნდა იყოს: მთავრობა გეგმავს საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას, რომლებიც თავშესაფრის მიღების მთხოვნელებისათვის გამოიყოფა. დღეისათვის იმ ლტოლვილებისა და მიგრანტების სოციალური დახმარებისათვის, რომლებთაც მუშაობის უფლება არ აქვთ, წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროა გამოყოფილი. გარდა ამისა, მათთვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად ხაზინა წელიწადში თითქმის მილიარდ ევროს ხარჯავს.

მეორე - მთავრობას განზრახული აქვს გააძლიეროს კონტროლი იმ ლტოლვილების მიმართ, რომლებიც ე.წ. "უსაფრთხო" ქვეყნებიდან არიან ჩასული საფრანგეთში. ისინი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოდან და ალბანეთიდან ჩასულ პირებს წარმოადგენენ. მიმდინარე წელს ქართველებმა და ალბანელებმა, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რაოდენობაში. პირველ ადგილზეა ავღანეთი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ "უსაფრთხო" ქვეყნებიდან წამოსული პირები საფრანგეთს იმიტომ ირჩევენ, რომ უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ. ამასთან, თუნდაც მათ უარი განუცხადონ პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე (უარი ქართველებთან მიმართებით 95%-ს, ხოლო ალბანელებში - 91%-ს აღწევს), ისინი მაინც ინარჩუნებენ უფასო სამედიცინო მომსახურების უფლებას ერთი წლის განმავლობაში. ამიტომაც მთავრობას წინადადება შეაქვს პარლამენტში, რომ მოხდეს ლტოლვილებისათვის დახმარების გაწევის სისტემის რეფორმა.

მესამე - ასევე განზრახულია იმ სოციალური დახმარების მნიშვნელოვანი შემცირებაც, რომლებიც დღეისათვის ლტოლვილებისა და იმიგრანტებისათვის არის გამოყოფილი. ამჟამად დახმარების მოცულობა ერთ ადამიანზე დღეში 6,80 ევროს შეადგენს", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ