აშშ-მა რუს დეპუტატებს ვიზების მიცემაზე უარი უთხრა - როგორ ეხმაურებიან მომხდარს რუსეთში? - კვირის პალიტრა

აშშ-მა რუს დეპუტატებს ვიზების მიცემაზე უარი უთხრა - როგორ ეხმაურებიან მომხდარს რუსეთში?

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩევსა და რამდენიმე სხვა კანონმდებელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზების გაცემაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს. გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სხდომა წელს ნიუ-იორკში, 24-30 სექტემბერს იმართება.

როგორც კონსტანტინ კოსაჩევმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, ვიზების გაცემაზე უარის გამო, რუსი კანონმდებლები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გამგზავრებას ვერ შეძლებენ.

"საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით, ამერიკულმა მხარემ დელეგაციის რამდენიმე წევრს, მათ შორის მეც, რომლებიც დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებლად ნიუ-იორკში გამგზავრებას ვაპირებდით, ვიზის გაცემაზე უარი გვითხრა," - განაცხადა კოსაჩევმა.

მისივე თქმით, ვიზაზე უარი რუსული დელეგაციის ათმა წევრმა მიიღო.

"ეს არის აღმაშფოთებელი საქციელი, რომლის არც ახსნა და არც გამართლება არ შეიძლება,"- დასძინა კოსაჩევმა.

მომხდარს გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება "მიუღებელია" და ამ ქმედებას როგორც მოსკოვისგან, ასევე ვაშინგტონისგან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"სიტუაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. ვაშინგტონი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. ეს არის ვაშინგტონის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების პირდაპირი დარღვევა, ვინაიდან ეს არ არის ორმხრივი ვიზიტი, არამედ ეს გახლავთ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე," - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ-ს არ აქვს უფლება იმ ადამიანებს, რომლებიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრებიან, რაიმე სახის შეზღუდვები დაუწესოს.

"ინტერპრესნიუსი"