პეილინი დარწმუნებულია გამარჯვებაში - კვირის პალიტრა

პეილინი დარწმუნებულია გამარჯვებაში

ალასკის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი არ გამორიცხავს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და სჯერა, რომ ბარაქ ობამას მოუგებს. 2008 წლის წინასაარჩევნო არჩევნების სრბოლის დროს მსოფლიოს საშუალება ჰქონდა, ახლოს გასცნობოდა ქალბატონ სარა პეილინს, რომელიც რესპუბლიკელთა კანდიდატის ჯონ მაკეინის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდებოდა. მაშინ პეილინ-მაკეინის წყვილმა წააგო დემოკრატ ობამა-ბაიდენის წყვილთან.

"თვალყურს ვადევნებ იმას, რაც ქვეყანაში ხდება, ვცდილობ, გავაანალიზო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი შესაძლო მონაწილეობა, კარგი იქნება თუ არა ქვეყნისთვის, ჩემი ოჯახისთვის", - განაცხადა ტელეკომპანია ABჩ-თვის მიცემულ ინტერვიუში ალასკის ყოფილმა გუბერნატორმა. ჟურნალისტის კითხვაზე, - თუ იმონაწილევებთ საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორ ფიქრობთ, მოუგებთ ბარაქ ობამას? პეილინმა უპასუხა, - ვფიქრობ, მოვუგებ.

მართალია, სარა პეილინს გადაჭრით არ უთქვამს, რომ აუცილებლად წამოაყენებს თავის კანდიდატურას, მაგრამ საჯაროდ უკვე მეორედ ამბობს, რომ სერიოზულად ფიქრობს ამაზე. ბარაქ ობამამ კი უკვე დაიწყო სამზადისი მომავალი არჩევნებისთვის, მის საარჩევნო კამპანიას 2012 წელსაც, სავარაუდოდ, უხელმძღვანელებს მისი თანამოაზრე დავიდ აქსელროდი.

სარა პეილინი, როგორც პოლიტიკოსი დროდადრო განაცვიფრებს საზოგადოებას თავისი გამონათქვამებით და კომენტარებით. 2008 წლის კამპანიის დროს პეილინს არაერთხელ გამოუმჟღავნებია პოლიტიკური რეალობის უცოდინრობა. როცა მას ჰკითხეს, - რას ფიქრობთ "ბუშის დოქტრინაზეო", გაირკვა, რომ გუბერნატორმა არ იცოდა, რაზე იყო ლაპარაკი. პეილინმა ალასკის გუბერნატორის პოსტი დატოვა 2009 წლის ივლისში, მისი უფლებამოსილების პირველი ვადის დასრულებამდე 17 თვით ადრე.

ეს გადადგომა მოულოდნელი იყო და ექსპერტებიც მაშინვე ალაპარაკდნენ, რომ პეილინი უკვე იწყებდა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას.

გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ პეილინი შემოქმედებით შრომას ეწევა, მან დაწერა მემუარების წიგნი, რომელმაც 1,25 მლნ დოლარი შემოსავალი მოუტანა. ქალბატონი პეილინი მუშაობს Fox news-ში, კითხულობს ლექციებს აიდაჰოს შტატის უნივერსიტეტში.