ისლამისტი ტერორისტები გერმანიას ემუქრებიან - კვირის პალიტრა

ისლამისტი ტერორისტები გერმანიას ემუქრებიან

ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ნოემბრის დამლევს გერმანიაში ტერაქტებით იმუქრებიან, აეროპორტებში ჩხრეკის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში ტყეების გავლით გეგმავენ შეღწევას.

ტერორისტთა მთავარი სამიზნე უნდა გახდეს ბერლინი და მისი შემოგარენი, ან რაინ-მაინის რეგიონი, რომლის ტერიტორიაზეა განთავსებული გერმანიის ფინანსური დედაქალაქი მაინის ფრანკფურტი. ზოგიერთი მონაცემით, ტერორისტები პაკისტანიდან მოდიან ინდოეთის ან არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით.

დაგეგმილი ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორად სახელდება "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი პაკისტანში, მოჰამედ ილიას ქაშმირი. სავარაუდოდ, ამ ჯგუფში 4 კაცი შედის. მათ შორის შეიძლება იყვნენ ამერიკული სარაკეტო დარტყმის შედეგად ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე, ერთ-ერთ საწვრთნელ ბანაკში მოკლული გერმანელი ისლამისტების ნათესავები ან მეგობრები.

17 ნოემბერს, ბერლინში, ჟურნალისტების წინაშე გამოსულმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, - თუ ადრე ვლაპარაკობდით აბსტრაქტულ ტერორისტულ საფრთხეზე, ახლა ჩვენ გაგვაჩნია ზუსტი მონაცემები მოსალოდნელ ტერაქტზე, ხელისუფლება გააძლიერებს ზომებს უპირველესად სადგურებისა და აეროპორტების დასაცავად.