"არ მომწონს, როცა ფულს ვაძლევთ ქვეყნებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან"
03-10-2019
"არ მომწონს, როცა ფულს ვაძლევთ ქვეყნებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან"
ეს არის გაიძვერობა და იცით მასში ვინ მონაწილეობს? თქვენისთანა ხალხი და ფეიქნიუსის გამავრცელებელი მედია, რომელიც ქვეყანაში არსებობს, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვას მის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ.

ტრამპის გაღიზიანება განსაკუთრებით "როიტერსის" ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, რომელმაც პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რის გაკეთებას სთხოვდა ის უკრაინის პრეზიდენტს ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებით.

"ჩემი საუბრის თემა უკრაინაში კორუფცია იყო. არ მომწონს, როცა ფულს ვაძლევთ ქვეყნებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან. არ მსურს,
ადვილად მოსატყუებელი ქვეყანა ვიყოთ," - განაცხადა ტრამპმა და ჟურნალისტს მოუწოდა, უხეშობას ნუ იჩენდა.

25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ "დემოკრატებმა" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა კონგრესის "დემოკრატი" წევრების ვარაუდი იმის შესახებ, რომ 25 ივლისს გამართული
სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში მარია იოვანოვიჩი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე კვირაში ჩვენებას მისცემენ.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით