თურქეთმა სირიაში საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელა - კვირის პალიტრა

თურქეთმა სირიაში საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელა

თურქეთის ჯარმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში ქურთების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

თურქული მედია იუწყება, რომ მათი შეიარაღებული ძალები სირიაში ოთხი მიმართულებით შევიდნენ.

"ოპერაცია "მშვიდობის გაზაფხულის" ფარგლებში, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ნაციონალურმა არმიამ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს", - წერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

"სირიის დემოკრატიული ძალების" ინფორმაციით, რას-ალ-აინის რეგიონიდან ჰასაკას პროვინციისკენ ათასობით ადამიანი გაიქცა. თურქეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას კი სულ მცირე 5 მშვიდობიანი ადამიანისა და "სირიის დემოკრატიული ძალების" 3 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

"როიტერსის" ინფორმაციით, თურქეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც დღეს სირიის საკითზე მსჯელობას გეგმავს, წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება "პროპორციული, მოზომილი და პასუხისმგებლიანი."

გუშინ თურქეთის პერზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. "ჩვენი მიზანია ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარება", - წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"