"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, შეიძლება ითქვას, სულს მხდიდა და ისე მიპყრობდა" - პუტინის ყოფილი ცოლის მოგონებები
"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, შეიძლება ითქვას, სულს მხდიდა და ისე მიპყრობდა" - პუტინის ყოფილი ცოლის მოგონებები
რუსული შოუ-ბიზნესის ჟურნალ Star hit-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც გადმოცემულია  ვლადიმირ პუტინის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები - როგორც მეუღლესთან, ლუდმილა პუტინასთან თანაცხოვრების პერიოდში, ასევე მასთან გაყრის შემდეგ. სტატიაში ასევე გადმოცემულია მისი ყოფილი მეუღლის მოგონებები. გთავაზობთ ნაწყვეტებს სტატიიდან
როგორც ირკვევა, 1980 წელს 22 წლის კალინინგრადელი ქალიშვილი ლუდმილა შკრებნევა სამი დღით ესტუმრა მეგობარ გოგონას იმჟამინდელ ლენინგრადში. ნაცნობმა გოგონები თეატრში სპექტაკლზე მიიწვია და თან თავისი მეგობარი, 28 წლის ვლადიმირ პუტინიც წაიყვანა. მომღიმარე და ხალისიანი
ქერათმიანი ქალიშვილი რუსეთის მომავალ პრეზიდენტს მოეწონა. მომდევნო საღამოს უკვე მან თვითონ მიიწვია თეატრში ლუდმილა, იგივე განმეორდა მესამე საღამოსაც... და როცა ლუდმილა კალინინგრადში ბრუნდებოდა, ვლადიმერმა მას თავისი ტელეფონის ნომერი მისცა.

ვლადიმირ პუტინი ცოლს  2013 წელს გაეყარა. მათ საზოგადოებას განუცხადეს, რომ გაყრის გადაწყვეტილება ერთმანეთთან იყო შეთანხმებული. არადა,
ვიდრე დაქორწინდებოდნენ, ერთმანეთის გრძნობებს ისინი სამი წლის განმავლობაში ამოწმებდნენ. ვლადიმირ პუტინმა ქორწინებაზე ლაპარაკი 1983 წლის აპრილში დაიწყო: თავდაპირველად მან გაბედულად აღიარა საცოლის წინაშე, რომ ზოგჯერ უკმეხია და შეიძლება აწყენინოს, თუმცა გოგონა ამას არ შეუშინდა...

როგორც ამბობენ, მათი ურთიერთობა თეატრში დაიწყო და თეატრშივე დასრულდა: 2013 წლის 6 ივნისს ბალეტ "ესმერალდას" დასრულების შემდეგ წყვილმა ტელეარხ "როსიას" კორესპონდენტთან ინტერვიუში გაყრის თაობაზე თავიანთი გადაწყვეტილება გამოაცხადა.

პრეზიდენტისა და მისი მეუღლის - ქვეყნის პირველი ლედის ერთმანეთთან დაშორების მიზეზებისა და მათი სამომავლო დამოკიდებულების თაობაზე უამრავი ჭორები ვრცელდებოდა და ვრცელდება.

ისმის კითხვა: სინამდვილეში როგორ ჩამოყალიბდა ურთიერთობა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის? თვალი გადავავლოთ მოგვიანებით მათივე ბაგეთაგან გაგონილს და მოსმენილს:

ვლადიმირ პუტინი:
"მე მივხვდი, რომ თუ ცოლს ორი-სამი წლის განმავლობაში არ მოვიყვან, მაშინ ეს არასოდეს აღარ მოხდება. მე უკვე შევეგუე მარტოხელა ცხოვრებას და მივეჩვიე კიდეც".

ლუდმილა:
"მე ვლადიმირს ცოლად გაცნობიდან სამი წლის შემდეგ გავყევი. საწყენია, რომ ერთად ცხოვრების დროს ქორწინების წლისთავი არასოდეს არ აღგვინიშნავს... მე მინდოდა, რომ ჩვენი პირველი გოგონასათვის ნატაშა დაგვერქმია, ვლადიმირმა კი თქვა - "არა, იგი მაშა იქნება". მე ისე მეწყინა, რომ ცრემლები ვღვარე. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს და ჩვენს გოგონას სახელი მაშა იქნება".

"იგი არასოდეს არ აძლევდა მნიშვნელობას ტანსაცმელს, მხოლოდ ორი თუ სამი კოსტიუმი ჰქონდა. ჯინსებიც, პერანგებიც, რა თქმა უნდა. სახლში ჯინსებში და სვიტერში დადიოდა. მოგვიანებით, როცა საჯარო პიროვნება გახდა, ტანსაცმლისთვის ყურადღების მიქცევა დაიწყო... ადრე დასასვენებლად ერთად დავდიოდით, საზღვარგარეთაც ვიყავით, შემდეგ კი... იცით, მე გეგმებს მეტად აღარ ვაწყობ. ადრე ვგეგმავდი ხოლმე, მაგრამ ყველაფერი ინგრეოდა ვლადიმირის ნათქვამის შემდეგ. ეს ჩემთვის საშინლად ტკივილისმომგვრელი იყო, ცუდ განწყობაზე ვდგებოდი, მწყინდა მისი ქცევა... შემდეგ კი მივხვდი - უფრო ადვილი იყო არავითარ გეგმებზე არ მეფიქრა - არც ერთად დასვენებაზე, არც საოჯახო დღესასწაულებზე და არც შვებულებებზე"...

"... ახალგაზრდობას თუ გავიხსენებ, ვიტყვი, რომ ჩვენი შეხვედრები - ეს განსაკუთრებული ისტორიაა. არასოდეს ვაგვიანებდი პაემნებზე, ის კი პირიქით - მისთვის საათნახევრით დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვდგავარ მეტროსთან. პირველი 15 წუთი ნორმალურად ველოდები, 30 წუთსაც არა უშავს, მაგრამ როცა უკვე ერთი საათი გადის, უბრალოდ ვტიროდი ხოლმე წყენისაგან. შეხვედრის დროს კი ემოციების გამჟღავნების თავიც არ მქონდა. ახლა ვხვდები, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, შეიძლება ითქვას, სულს მხდიდა და ისე მიპყრობდა".

"მე რომ მხოლოდ ჩემს პირად ბედზე მეფიქრა, ქმარს ასე ვეტყოდი: ვალოდია, გემუდარები, არ გვინდა პოლიტიკა, ნუ ჩავერევით, გვერდზე დავრჩეთ, სხვანაირად ვიცხოვროთ- მეთქი... მაგრამ მე ეს არ მითქვამს. პოლიტიკა არ მაინტერესებს, ის ჩემთვის ძალიან მოსაწყენი სფეროა. როცა იგი პირველად ვნახე სამსახურში, პირდაღებული ვიჯექი: ვალოდია პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ისტორიაზე, იურისპრუდენციაზე ლაპარაკობდა. ვუსმენდი და ვფიქრობდი: "საიდან იცის ეს ყველაფერი?". საერთოდ, მისი მჯეროდა: საქმე ბევრჯერ ნულიდან დაუწყია და მიზანი შეუსრულებია".


2014 წელს რუსეთის პრეზიდენტთან "პირდაპირი ხაზის" დროს, სატელეფონო საუბრისას ზოგიერთები დაინტერესდნენ - აპირებს თუ არა ვლადიმირ პუტინი ცოლის შერთვას? პრეზიდენტმა ჩვეული ხუმრობით უპასუხა ისე, რომ თავისი პირადი ცხოვრების დეტალები არ გაუმხელია: "იცით, მე ჯერ ჩემს ყოფილ ცოლს გავათხოვებ, შემდეგ კი საკუთარ თავზე ვიფიქრებ".

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ: ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღიარა, რომ პერიოდულად ყოფილ ცოლს ხვდება ხოლმე. "მე და ლუდმილა ალექსანდროვნა ზოგჯერ ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე. იშვიათად, მაგრამ მაინც. ჩვენ კეთილი დამოკიდებულებები გვაქვს - შეიძლება ითქვას, უკეთესიც კი, ადრინდელთან შედარებით".

2016 წლის იანვარში რუსულმა მმასმედიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ 57 წლის ლუდმილა შკრებნევა მეორედ გათხოვდაო - პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე ცოლად გაჰყვა 37 წლის არტურ ოჩერეტნის, რომელიც "პიროვნებათაშორისო კომუნიკაციის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და საგამომცემლო სახლის "ლიტერატურნაია უჩებას" მფლობელია. მათი პირადი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, "დახურულია" და მასმედიის წინაშე არ ჩნდებიან.

უცნობია სად ცხოვრობენ პრეზიდენტის ცოლყოფილი და მისი ახალი მეუღლე. 2017 წლის მარტში ისინი ორივე ლონდონის აეროპორტ "ჰიტროუ"-ში შენიშნეს.
ყოფილი პირველი ლედის ბედის შესახებ ბოლო საჯარო მონაცემები 2018 წლით თარიღდება: რუსეთის სახელმწიფო რეესტრში ქონებრივ საკითხთან დაკავშირებით ლუდმილა შკრებნევა (ყოფილი პუტინა) უკვე ლიუდმილა ოჩერეტნაიას გვარ-სახელით ფიგურირებს. წყარო



მოამზადა სიმონ კილაძემ


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა