"ჩემი გამგზავრება უცხო ქვეყანაში წარუმატებლად დამთავრდა. ვკვდები, ვერ ვსუნთქავ" - რას წერს "ბიბისი" სატვირთოში აღმოჩენილ ცხედრებზე - კვირის პალიტრა

"ჩემი გამგზავრება უცხო ქვეყანაში წარუმატებლად დამთავრდა. ვკვდები, ვერ ვსუნთქავ" - რას წერს "ბიბისი" სატვირთოში აღმოჩენილ ცხედრებზე

იმ ადამიანებს შორის, რომელთა ცხედრებიც ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონთან ახლოს სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინა, სავარაუდოდ, ვიეტნამელებიც არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, VietHome-ი, ორგანიზაცია, რომელიც ბრიტანეთში ვიეტნამურ საზოგადოებას წარმოადგენს, აცხადებს, რომ სატვირთო მანქანის აღმოჩენის შემდეგ ორგანიზაციამ დაახლოებით 20 დაკარგული ვიეტნამელის ფოტო მიიღო.

"ბიბისი" ერთ-ერთი დაკარგული გოგოს ოჯახს ესაუბრა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია: "ძალიან ვწუხვარ, ჩემი გამგზავრება უცხო ქვეყანაში წარუმატებლად დამთავრდა. ვკვდები, ვერ ვსუნთქავ. დედა და მამა, მიყვარხართ."

ცხედრების აღმოჩენის საქმეზე, პოლიციამ მეოთხე ეჭვმიტანილი დააკავა. 48 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დააკავეს. მანამდე დაკავებული 3 ადამიანიდან ორი ჩეშირის საგრაფოს ქალაქ უორინგტონის მკვიდრია, მესამე კი ასევე ჩრდილოეთ ირლანდიელი, სატვირთო ავტომობილის 25 წლის მძღოლი.

შეგახსენებთ, ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინეს. სამართალდამცველების განცხადებით, გარდაცვლილებს შორის 38 ზრდასრული, ერთი კი არასრულწლოვანია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ადამიანები ჩინეთიდან არიან.

"ინტერპრესნიუსი"