"გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას" - კვირის პალიტრა

"გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას"

გრიგორი კარასინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, სექტემბრიდან კი სენატორია, კვლავაც გააგრძელებს მონაწილეობას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი ამ ფორმატში მუშაობას განაგრძობს. მომდევნო, რიგით 23-ე შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაიმართება" - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.

"ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ გვაქვს ჰუმანიტარული, ტექნიკური კონტაქტები. ადამიანები სულ უფრო მეტად დადიან ერთმანეთთან", - აღნიშნა ზახაროვამ.

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა პრაღაში 13 ივნისს შედგა.

სააგენტო "ტასს"-თან საუბარში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გრიგორი კარასინს ნოემბრის ბოლოს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილ ავიამიმოსვლის საკითხზე ისაუბრებენ.

"ინტერპრესნიუსი"