ჟურნალისტის მკვლელობის სავარაუდო შუამავალი ბიზნესმენი საკუთარ იახტაზე დააკავეს - რა აკავშირებს ამ საქმეს ილჰამ ალიევის ქალიშვილთან? - კვირის პალიტრა

ჟურნალისტის მკვლელობის სავარაუდო შუამავალი ბიზნესმენი საკუთარ იახტაზე დააკავეს - რა აკავშირებს ამ საქმეს ილჰამ ალიევის ქალიშვილთან?

ცნობილი მალტელი ბიზნესმენი იორგენ ფენეში გახმაურებული "პანამური დოკუმენტების" საქმის ავტორის, ჟურნალისტისა და ბლოგერის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის საქმეზე დააკავეს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჟურნალისტმა დაფნე კარუანა გალიციამ კორუფციული დოკუმენტები მოიპოვა და გაასაჯაროა.

დაკავებისას ბიზნესმენი იორგენ ფენეში საკუთარ იახტაზე იმყოფებოდა.

მალტის პრემიერ-მინისტრის ჯოზეფ მუსკატის განცხადებით, ის განიხილავს შეიწყალოს იორგენ ფენეში, თუ ის სამართალდამცავებთან ითანამშრომლებს.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია, რომელიც ანტიკორუფციული ბლოგის ავტორი გახლდათ, 2017 წლის ოქტომბერს საკუთარ სახლთან ააფეთქეს. მკვლელობის შემდეგ, მალტის ხელისუფლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, გარდაცვლილის ვაჟმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მაფიოზებიც კი უწოდა.

დაფნე კარუანა გალიციას მანქანა აფეთქების შემდეგ

საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია დაფნეს საქმის გამოძიების გაჭიანურებამ. მალტის პრემიერმა განაცხადა, რომ შუამავალმა, რომელიც ბიზნესმენია და შემჩნეულია ფულის გათეთრებაში, თავდაპირველად სასამართლოს უნდა მისცეს ჩვენება და ამის შემდეგ შესაძლოა ის შეიწყალონ.

"გენპროკურორს მივეცი უპრეცედენტო უფლება, თუ მკვლელობის საქმეში ჩართული შუამავალი ბიზნესმენი მისცემს სასამართლოს ჩვენებას და დაასახელებს მკვლელობის შემკვეთს, შესაძლოა შეიწყალონ", - განაცხადა პრემიერმა.

ვინ არის იორგენ ფენეში?

ბიზნესმენი იორგენ ფენეში რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელია, მათ შორისაა ელექტროკომპანია Electrogas და Tumas. მან მალტის ხელისუფლებისგან რამდენიმე მილიონიანი დაფინანსებაც მიიღო, რათა ფენეშის კომპანიას ქვეყანაში თბოელექტროსადგურები აეშენებინა.

იორგენ ფენეში

მალტის საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ფენეში არის დუბაიში არსებული კომპანიის "17 Black"- ის მფლობელი. სწორედ ეს კომპანია ფიგურირებდა "პანამის დოკუმენტების" საქმეში, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. ამ საქმეში არსებული დოკუმენტებით ჟურნალისტმა უამრავი მაღალჩინოსანი ფულის გათეთრებაში ამხილა. მათ შორის იყო როგორც მალტის მაღალჩინოსნები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და ბიზნესმენები.

გამოძიებისას დადგინდა, რომ კომპანია "17 Black" მილიონიან გადარიცხვებს აწარმოებდა გაურკვეველ პანამურ კომპანიებთან, მათ შორის აზერბაიჯანელ და რუს ბიზნესმენთან.

როგორ მიმდინარეობდა გამოძიება

2017 წელს დაწყებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მკვლელობის საქმეში მონაწილე შუამავლის გარდა, ფიგურირებს კიდევ სამი ადამიანი. სწორედ მათ მოიყვანეს ქმედებაში ასაფეთქებელი ნივთიერება და ჟურნალისტი სახლთან ააფეთქეს. ცნობილია მათი სახელებიც, ესენია ძმები ალფრედ და ჯორჯ დეგიორჯები, ასევე ვინსენტ მუსკატი. მათ მალტის გენერალურმა პროკურორმა გალიციას მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა.

რატომ მოკლეს დაფნე კარუანა გალიცია?

ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია ყველასთვის ცნობილი იყო თავისი ანტიკორუფციული ბლოგით Running Commentary, რომელსაც 2008 წლიდან აწარმოებდა. 30-წლიანი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, ის მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებთან, მათ შორის ბეჭდურ გამოცემებში: Malta Sunday, Times და Malta Independent. დაფნე კარუანა გალიცია ვაჟიშვილთან ერთად

პანამური იურიდიული ფირმის Mossack Fonseca- ს დოკუმენტებზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ამერიკულმა გამოცემებმა გალიციას სხვადასხვა სახელი შეარქვეს, ამბობდნენ რომ ის იყო "ვიკილიქსი" ქალის სახით" და რომ სწორედ ის აწარმოებდა ჯვაროსნულ ომებს კორუფციის წინააღმდეგ იმ კუნძულზე, რომელიც ყველაზე მეტად არის ცნობილი მექრთამეობით.

ჟურნალისტს რეგულარულად ემუქრებოდნენ მოკვლით. უამრავი საქმე აღიძრა მის წინააღმდეგ სწორედ იმ გავლენიანი პოლიტიკოსების სახელით, რომელთა კორუფციული გარიგებების შესახებ ჟურნალისტი ღიად წერდა.

გარდაცვალებამდე ჟურნალისტი ფიქრობდა, რომ უსაფრთხოების გამო კუნძული უნდა დაეტოვებინა. დაფნე უარს ამბობდა სამართალდამცავთა მხრიდან დაცვის გამოყოფაზე, რადგან ფიქრობდა, რომ ასე ჟურნალისტურ გამოძიებაში ხელი შეეშლებოდა.

ჟურნალისტმა საბოლოო პოსტი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ: "სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ქურდებს დაინახავ".

შეგახსენებთ, რომ გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი დაფნე კარუანა გალიცია, 2017 წლის 16 ოქტომბერს სახლთან ააფეთქეს. ჟურნალისტის მკვლელობიდან ორ თვეში სამი მამაკაცი დააკავეს, სამართალდამცავთა ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება სწორედ მათ მოიყვანეს მოქმედებაში.

ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია "პანამის დოკუმენტებს" სწავლობდა და მან უამრავი კორუფციული გარიგება და დოკუმენტი აღმოაჩინა, რომელშიც მალტელი მაღალჩინოსნების გარდა სხვა ქვეყნის სახელმწიფო პირები იყვნენ ჩართულები.

ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის მეუღლე, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფლობდა, რომელიც ფულს იღებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან.

იურიდიული ფირმა "მოსაკ ფონსეკადან" გაჟონილ "პანამურ დოკუმენტებში" ლაპარაკი იყო ქართველი ბიზნესმენებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზეც.

მონაცემები ქართულ მედიას, პროექტის "ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა" წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა: ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა გააცნეს.

როგორც მათ განაცხადეს, "პანამის დოკუმენტებში" 85 ქართველი იყო  მოხსენიებული, რომელთა შორისაც იყვნენ ბიძინა ივანიშვილი, დავით კეზერაშვილი, არჩილ კბილაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი, კობა ნაყოფია და დავით იაკობაშვილი. (წყარო)

იხილეთ ასევე: ვინ არის 85 ქართველი, ვინც ე.წ. პანამურ დოკუმენტებშია მოხსენიებული