რომში ეცინებათ, ბერლინში უარყოფენ - კვირის პალიტრა

რომში ეცინებათ, ბერლინში უარყოფენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელსაც აშშ-ის ვებგვერდ WikiLeaks–ის მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო დეპარტამენტის წერილებში "პატივმოყვარე ცხოველს" და "ღამის წვეულებების მოყვარულს" უწოდებენ, ამ მამხილებელი ინფორმაციის წაკითხვისას "გულიანად იცინა".

ამ დოკუმენტებიდან ბევრი უკვე კვირას, საღამოს იყო ხელმისაწვდომი. მასობრივი ინფორმაციის რამდენიმე საშუალებამ, მათ შორის SPIEGEL-მა, New York Times-მა, Guardian-მა და El País-მა დაიწყეს სტატიების სერიის გამოქვეყნება და მიმოწერის მასალათა ანალიზი.

ბერლუსკონის გარდა, დოკუმენტებში განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კიდევ რამდენიმე მსოფლიო ლიდერია. ამ დოკუმენტებიდან ცალსახად ჩანს, რომ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო დეპარტამენტს ძალიან უნდოდა იმის გარკვევა, არის თუ არა სიმართლის მარცვალი იმ ჭორებში, სადაც ნათქვამია, რომ სილვიო ბერლუსკონი და მისი ახლო მეგობარი ვლადიმირ პუტინი კერძო კომერციულმა ინტერესებმა გააერთიანა. ამ ჭორს ორივე ლიდერი დაჟინებით უარყოფს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ ინფორმაციის გაჟონვას "მსოფლიო დიპლომატიის 11 სექტემბერი" უწოდა.

ჩანს, ფრატინის თვალსაზრისს აშშ-იც იზიარებს. თეთრმა სახლმა WikiLeaks-ზე დოკუმენტების გამოჩენა გამოქვეყნებისთანავე დაგმო:  "ასეთი მამხილებელი დოკუმენტაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დიპლომატებს, პროფესიონალ მზვერავებს და იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში დემოკრატიის პროგრესისა და გამჭვირვალე სახელმწიფო ხელისუფლების შექმნის საქმეში მხარდაჭერისთვის ჩამოდიან".

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა პიტერ კინგმა, ობამას ადმინისტრაციას მოსთხოვა იმის განსაზღვრა, შეიძლება თუ არა WikiLeaks-ის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების კატეგორიას მიაკუთვნონ. გამოქვეყნებული მასალებიდან 1.700 დოკუმენტი ბერლინში, ამერიკის საელჩოში შეიქმნა.

ბევრგან გერმანული პოლიტიკის შეფასება ბერლუსკონისას არ სჯობს. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უწოდებენ ლიდერს, რომელსაც„"გარისკვა არ უყვარს და იშვიათად ავლენს შემოქმედებით მიდგომას". ერთ-ერთი ბერლინური წერილით, ის "ობამასთან მიმართებაში„ზოგჯერ არადამაჯერებლად იქცევა". 2009 წლის 18 სექტემბრით დათარიღებულ წერილში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეზე ნათქვამია, რომ მას აკლია სიმტკიცე, პატივმოყვარეა, ამერიკის მიმართ კრიტიკულია.

ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრმა და ფედერალური პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენცმა ინფორმაციის გაჟონვის შესახებ განაცხადა, - "ვფიქრობ, მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია. ამერიკელებს მოუწევთ მოკავშირეების იმაში დარწმუნება, რომ მათ შეიძლება ენდო".

მასალების გამოქვეყნებაზე კომენტარები სხვა ქვეყნებიდანაც ისმოდა. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გამოაქვეყნა, - ჩვენ ვგმობთ საიდუმლო ოფიციალური ინფორმაციის უპასუხისმგებლო გამჟღავნებასო. რუსეთმა განაცხადა, - დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დავაფიქსირებ საკუთარ პოზიციასო.

"შპიგელი", გერმანია