ნატო ახალი ურთიერთობების მომხრეა - კვირის პალიტრა

ნატო ახალი ურთიერთობების მომხრეა

ცივი ომის დასრულებიდან ოცი წლის შემდეგ ორი ყოფილი მოსისხლე მტერი - ნატო და რუსეთი - იმაზე შეთანხმდნენ, რომ უთანხმოებები განზე უნდა გადადონ და არაერთ საკითხში ითანამშრომლონ, უპირველესად ანტისარაკეტო თავდაცვის ამერიკული სისტემის სფეროში, რომლის მიზანიც ევროპის დაცვაა.

რფ პრეზიდენტ მედვედევსა და ნატოს 28 წევრი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ შესაძლოა, სათავე დაუდოს უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რის შესახებაც ლისაბონის სამიტზე ამ ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს.

"ჩვენ მოვილაპარაკეთ თანამშრომლობაზე ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში, რისი წყალობითაც წარსული დაძაბულობის წყარო ნამდვილი თანამშრომლობის სფეროდ გარდაიქმნება, რომელიც მიმართული იქნება საერთო საფრთხესთან ბრძოლისკენ, - განაცხადა ლისაბონის სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, - ჩვენ რუსეთს  მივიჩნევთ პარტნიორად და არა მოწინააღმდეგედ".

თანხმობის შესახებ მინიშნებები ევროპის ლიდერებისგანაც გაისმა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთთან საერთო საფრთხეებსა და ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, - ეს ადასტურებს იმას, რომ, როგორც იქნა, ცივი ომი დასრულდა."

რუსეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ამერიკის გეგმებს - ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების განთავსებას. განსაკუთრებით აპროტესტებდა პრემიერ-მინისტრი პუტინი, რომელიც პრეზიდენტობის დროს ამ სისტემას მკაცრად აკრიტიკებდა. ამბობდა, რომ პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგება, რომლებიც ერთ დროს ვარშავის ხელშეკრულების წევრები იყვნენ, რუსეთის უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებდა.

ეს არგუმენტები მას შემდეგ შესუსტდა, რაც ობამამ აღნიშნული სისტემის გეგმები შეცვალა და რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვა" დაიწყო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაფორმდა შეთანხმება რუსეთის და აშშ-ის ბირთვული არსენალების შემცირებაზე.

აშშ-ის რესპუბლიკელებმა ახალი ხელშეკრულების სწრაფ რატიფიკაციაზე უარი თქვეს, მაგრამ ამ ფონზე ძალიან უჩვეულო ალიანსი შეიქმნა. ობამას დღეს მხარს უჭერს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც, რომლებიც ამ შეთანხმების დაუყოვნებლივ დამტკიცებას მოითხოვენ.

რუსეთი დათანხმდა ავღანეთში ნატოს ტვირთების, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის საკუთარი ტერიტორიის გავლით გადაზიდვაზე. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის ბადრაგს და სამხედრო ტექნიკას პაკისტანის ტერიტორიაზე რამდენჯერმე თავს დაესხნენ. მხარეები ასევე ქმნიან საერთო ფონდს ავღანეთში შვეულმფრენების ფუნქციონირებისთვის.

"ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, ვიმუშავებთ ყველა სფეროში, მათ შორის ევროპულ ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროშიც", - განაცხადა მედვედევმა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თუმცა, ახლა დგება ყველაზე რთული მომენტი და მედვედევმა ლისაბონში ეს აღიარა. მისი თქმით, ჯერ კიდევ წინ არის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ბევრი დეტალის განხილვა. "ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ღირებული მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ის უნივერსალურია", - განაცხადა მან.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ