მორიგი ჩახშობილი სამოქალაქო პროტესტი, გათიშული ინტერნეტი და დაკავებული "ჯაშუშები" - რა ხდება ირანში? - კვირის პალიტრა

მორიგი ჩახშობილი სამოქალაქო პროტესტი, გათიშული ინტერნეტი და დაკავებული "ჯაშუშები" - რა ხდება ირანში?

ირანის ხელისუფლება: "ჩვენმა ერმა მტრები დაამარცხა"

ირანის მთავრობამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მტრების მზაკვრული გეგმები ჩაიშალა და მთავრობამ ბოროტ ძალებზე გაიმარჯვა. ბოლო დღეებია თეირანში და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში უკვე მთავრობის მხარდამჭერი აქციები იმართება, წინა დღეების ანტისამთავრობო გამოსვლებისაგან განსხვავებით. პროსამთავრობო მიტინგებზე გამომსვლელები იწონებენ ხელისუფლების მოქმედებას და სახელმწიფოს მხარდაჭერას უცხადებენ.

"ცეცხლზე ბენზინის დასხმის" ეფექტი

ანტისამთავრობო აქციები და უწესრიგობები კი ირანში 15 ნოემბერს დაიწყო: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა დეგრადირებას განიცდის. ეროვნული ვალუტა - რიალი სწრაფად უფასურდება - თითქმის 45%-ით, მატულობს უმუშევრობა - ბოლო თვეში 15%-ით. მთავრობამ დაიწყო დღემდე არსებული შეღავათების, მათ შორის ნავთობით უმდიდრეს ირანში ბენზინზე არსებული დაბალი ფასის გაუქმება. რასაკვირველია, ეკონომიკური კრიზისი მოსახლეობის უკმაყოფილებას ისედაც იწვევდა, ავტოსაწვავზე შეღავათების გაუქმება და მისი ფასის მკვეთრი მატება (თითქმის სამჯერ მეტად), "ცეცხლზე ბენზინის დასხმის" ეფექტი იქონია: უკმაყოფილო მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა დაიწყეს საბანკო დაწესებულებებში შეჭრა და სახელმწიფო ქონების განადგურება, დაწვეს ავტომობილები და ა.შ.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, საპროტესტო აქციების მონაწილეებს პოლიციამ სროლა საბრძოლო ვაზნებით აუტეხა. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი ციფრი, ბუნებრივია, უცნობია, რადგან ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, 16 ნოემბრიდან ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ინტერნეტი დაიბლოკა და ინფორმაციები გლობალური ქსელით არ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ მოკლულია 160-ზე მეტი ადამიანი. არაა გამორიცხული, რომ ეს ციფრი შეიძლება მეტი იყოს.

აიათოლა ალი ჰამენეი: "ჩვენ სილა გავაწანით მტრებს"

ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერმა აიათოლა სეიდ ალი ჰამენეიმ, 28 ნოემბერს ნებაყოფლობითი სამხედრო-სალაშქრო ორგანიზაცია "ბესიჯის" წევრებთან შეხვედრის დროს, ირანელი ერის სიფხიზლე შეაქო და განაცხადა, რომ ისინი სამშობლოს მტრების მიერ მოწყობილი შეთქმულებებისაგან იცავენ

აიათოლამ ანტისამთავრობო მიტინგებისა და საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ირანელი ხალხის ნეგატიური დამოკიდებულება დადებითად შეაფასა და აღნიშნა: "ჩვენმა ერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად ძლიერია საფრთხის წინაშე".

"მტრებმა დიდი თანხები დახარჯეს, რომ ღრმად შენიღბული შეთქმულება მოეწყოთ და იფიქრეს, რომ ბენზინის გაძვირებას თავიანთი ინტერესებისათვის გამოიყენებდნენ, მაგრამ ხალხი მიხვდა მათ მზაკვრულ ჩანაფიქრს და ბოროტ ძალებს გეგმები ჩაუშალა. პოლიცია, "ბასიჯი" და ისლამური რევოლუციის გუშაგები ბნელ ძალებთან ბრძოლის ველზე გავიდნენ და მთლიანად შეასრულეს მიცემული დავალება - მტრების მხარდამჭერებთან შეტაკებაში გაიმარჯვეს. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ირანელი ხალხის აბსოლუტური უმეტესობა ხელისუფლების ერთგულია... მტრები რბილ ომს გვიცხადებენ, ისინი მონიტორებთან სხედან და ახალი მეთოდებით და საშუალებებით ხალხის მასების წაქეზებას ცდილობენ. ისინი არ შეყოყმანდებიან და ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ძალასაც გამოიყენებენ", - განაცხადა ირანის ლიდერმა..

აიათოლა სეიდ ალი ჰამენეიმ დადებითად შეაფასა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქებში - ზენჯანსა და თავრიზში, ასევე სოფლებში დაწყებული "დიდი ეროვნული მოძრაობა", რომელსაც სოლიდარობა თეირანის მოსახლეობამაც გამოუცხადა. მან აღნიშნა, რომ ირანელმა ხალხმა ამ მოძრაობით სილა გააწნა მტრებს და სიონისტებს, აიძულა ისინი უკან დაეხიათ. ამ კვირამ ნამდვილად დაამტკიცა ირანელი ერის დიდება და ბრწყინვალება. ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს და ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა აიათოლამ და იქვე "ბესიჯელებს" სიფრთხილისაკენ მოუწოდა: "გლობალური ჰეგემონიის მსურველები თავიანთ ძალას ახლა ისეთი ინსტიტუტებისაკენაც მიმართავენ, როგორიც "ბესიჯია", ამიტომ ფხიზლად უნდა იყოთ".

დააკავეს ამერიკის აგენტები და პროვოკატორები

და, რასაკვირველია, ირანის სპეცსამსახურები "უქმად არ სხედან" - 29 ნოემბერს ირანის დაზვერვის სამინისტროს ანტიჯაშუშური დეპარტამენტის (ასეთი სტრუქტურაც არსებობს!) გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ საიდუმლოდ შეეკრიბათ ინფორმაცია და საზღვარგარეთ გადაეცათ.

ჩინოვნიკის თქმით, დაკავებულები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) მიერ არიან გაწრთვნილნი, ისინი ირანში ჩუმად შეგზავნეს და დაავალეს მონაწილეობა მიეღოთ ანტისამთავრობო აქციებში, მიტინგების შემდგომი გამწვავების მიზნით. მათ მიიღეს ინსტრუქციები უწესრიგოებების მოწყობის თაობაზე, უნდა გადაეღოთ ფოტოსურათები და მოემზადებინათ ანგარიშები.

ანტიჯაშუშური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის კონტრდაზვერვა ერთგულად დაიცავს ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო დაწესებულებებს. "მტრებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ ჩვენ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაკვირდებით და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს განახორციელებენ, დაუყონებლივ იქნებიან დაპატიმრებულნი", - განაცხადა მან.

ინტერნეტი: ტოტალური გამორთვიდან ნაწილობრივ ჩართვამდე

როგორც ჩანს, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ ანტისამთავრობო განწყობები ძირშივე იქნას აღმოფხვრილი. იმ მიზნით, რომ გარესამყარომ რაც შეიძლება ნაკლები გაიგოს საპროტესტო აქციების თაობაზე, მთავრობა არ ერიდება საინფორმაციო საშუალებების დაბლოკვასაც, განსაკუთრებით გლობალური ინტერნეტის გამორთვას, რაც უმეტესად მობილური ტელეფონებს შეეხო.

ჯერჯერობით თვით ირანის მასმედია მომხდარ ამბებზე ცოტას ან თითქმის არ წერს. თითქმის ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მკაცრად კონტროლდება და ცენზურაა დაწესებული.

დღეისათვის, როცა უკვე მთავრობამ თავი მყარად იგრძნო და გამარჯვებას ზეიმობს, მობილური ინტერნეტი უკვე ნაწილობრივ ჩაირთო თეირანში და იმ ქალაქებში, სადაც გამოსვლები ან არ იყო, ან მოსახლეობის მცირე რაოდენობა მონაწილეობდა.

------------

მომზადებულია ბრიტანული ბი-ბი-სის, გერმანული "დოიჩე ველეს", ამერიკული "რადიო ფრი იუროუფ // რადიო ლიბერთის" რუსული სამსახურის, აგრეთვე სხვა რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე.

მოამზადა სიმონ კილაძემ