რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ზელენსკი პარიზში გამართულ შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ზელენსკი პარიზში გამართულ შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარიზში გამართული შეხვედრის დროს აღმოსავლეთ უკრაინაში 2019 წლის ბოლომდე "სრულ და ყოვლისმომცველ" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ბოლომდე მხარეებმა უნდა გაცვალონ "კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებული პირები."

გარდა ამისა, ორ პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის მარტის ბოლომდე უკრაინის სამი რეგიონი სამხედრო ძალებისგან უნდა გაათავისუფლონ, თუმცა, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელიც სამი რეგიონი იგულისხმება.

ვლადიმერ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხი ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ "განიბლოკა" და აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევაც მოხდება.

თუმცა მხარეები ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯარების გაყვანასა და იქ არჩევნების ჩატარების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ელისეის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კონფლიქტის დეესკალაციისკენ გადადგმული "მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო." მან უკრაინას კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელებისა და დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა.

ვლადიმერ ზელენსკიმ კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას არ დათანხმდება.

"ჩვენ დღეს დავინახეთ განსხვავებები. ვერ მოვძებნეთ ჯადოსნური გამოსავალი, თუმცა პროგრესს მივაღწიეთ,"- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრას გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად უმასპინძლა.

მხარეები მოლაპარაკებების ოთხ თვეში გაგრძელებაზე შეთანხდნენ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პარიზში გუშინ შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"