მსოფლიო, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა - კვირის პალიტრა

მსოფლიო, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა

სავალუტო ომები. ტერორისტული აქტები, სამხედრო კონფლიქტები, ბირთვულ იარაღს გამოდევნებული გარიყული რეჟიმები და ახლა კიდევ საიდუმლო დოკუმენტების მასობრივი გაჟონვა. რა არის ამ ძვრების მიზეზი? იმპერიის არარსებობა. ცივი ომის დროს მსოფლიო ორ იმპერიალისტურ საბჭოთა და ამერიკულ – სისტემად გაიყო.

კიევის რუსეთის, შუა საუკუნეების მოსკოვისა და რომანოვების დინასტიური სახელმწიფოს მემკვიდრე საბჭოთა იმპერია აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას და შუა აზიას მოიცავდა, ასევე მხარს უჭერდა ზოგიერთ რეჟიმს  აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში. ამერიკული იმპერია საზღვაო სახელმწიფოების - ვენეციის და დიდი ბრიტანეთის მემკვიდრეა. ვაშინგტონს, რომის იმპერიის ტრადიციების თანახმად, სამხედრო ბაზები განთავსებული ჰქონდა დასავლეთ გერმანიაში, თურქეთში, სამხრეთ-კორეასა და იაპონიაში და საბჭოთა კავშირს ფაქტობრივად ალყაში აქცევდა.

მაგრამ საბჭოთა იმპერიის ნგრევას, რამაც მართალია დასავლეთში ეიფორიის ტალღა გამოიწვია და ცენტრალური ევროპა გაათავისუფლა, ბალკანეთსა და კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტები მოჰყვა, დაპირისპირებამ ასობით-ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანი დევნილი გახდა (მარტო ტაჯიკეთში გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა, რაც ამერიკულ მედიაში ფაქტობრივად არც გაშუქებულა, 50 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა).

საბჭოთა კავშირის ნგრევის გამო ქაოსი შეიქმნა თავად რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, სიტუაცია ახლო-აღმოსვლეთშიც შეირყა. არ არის შემთხვევითი ის, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ქუვეიტში ბერლინის კედლის დაცემიდან სულ რამდენიმე თვეში შეიჭრა, საბჭოთა კავშირს (ბაღდადის ერთგულ მფარველს) რომ ეარსება მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ აშშ ერაყს 2003 წელს თავს დასხმოდა. საბჭოთა იმპერია რომ არ დანგრეულიყო და ავღანეთი სამარცხვინოდ არ დაეტოვებინა, უსამა ბენ ლადენი იქ თავეშაფარს ვერ იპოვიდა და შესაძლოა 2001 წლის 11 სექტემბერიც არ მომხდარიყო. ასეთია იმპერიის დაცემის ფასი.

ახლა კი მეორე ბოძი, აშშ ირყევა, რომელიც ცივი ომის დროს შედარებით უზრუნველყოფდა მშვიდობას, მაშინ როდესაც ახალი ზესახელმწიფოები ჩინეთი და ინდოეთი მზად არ არიან და არც სურთ გათავისუფლებული ნიშის დაკავება. ჩვენ აშშ, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, უცბად არ დავინგრევით, რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება გვიცავს, მაგრამ ჩვენი უნარი მსოფლიოს მოწყობაში მცირედი წესრიგი მაინც შევიტანოთ, ნელ-ნელა წარსულს ბარდება.

მეორე საკითხია აშშ-ს სამხედრო ძლიერება. ქვეითი არმია, რა თქმა უნდა, ომებს იგებს, მაგრამ ჩვენს ეპოქაში, როდესაც მთელი პლანეტა საბრძოლო მოქმედებების თეატრად გადაიქცა, ნაციონალურ ძლიერებაზე არა არმიები, არამედ ფლოტი და ავიაცია მეტყველებს (მაგალითად, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, მოქმედება მხოლოდ საჰაერო და საზღვაო ძალებით შეიძლება). რეიგანის ეპოქაში აშშ-ის თითქმის 600 სამხედრო ხომალდი ჰყავდა, დღეს მათი რიცხვი 300-ზე ნაკლებია, იმ ფონზე როდესაც ჩინეთის და ინდოეთის ფლოტები თვალსა და ხელს შუა იზრდება.

მსგავსი ტენდენციები მხოლოდ გაღრმავდება, რადგან ამერიკის ფისკალური კრიზისისგან გადარჩენას თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცის ხარჯზე შეეცდებიან. ჯერჯერობით ზღვაზეც და ჰაერშიც ამერიკა ბატონობს, მაგრამ უფსკრული მასსა და სხვა ქვეყნებს შორის მცირდება.

ტერორისტული აქტები, ეთნიკური დაპირისპირებების კოშმარი, ბირთვული იარაღის მოპოვების გამალებული მცდელობა და საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნება.

ეს ყველაფერი იმ ადამიანების ნამუშევარია, რომლებიც ვერ აარიდებენ თავს საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობას. ჩრდილოეთ კორეა მთელი ძალით ავითარებს საკუთარი ბირთვული შეიარაღების  პროგრამას და ამავდროულად არ წყვეტს სამხრეთ კორეის კუნძულზე არტილერიულ შეტევებს, რითაც ჩვენს ამ ნახევრად ანარქიულ მსოფლიოში არამხოლოდ აშშ-ს, არამედ ჩინეთის ძალის შეზღუდულობის დემონსტრირებას ახდენს. ცივი ომის დროს ჩრდილოეთ კორეა ცხვირს ვერსად ვერ ჰყოფდა სსრკ-ის შიშით, ხოლო წყნარ ოკეანეში აშშ-ს ფლოტი ბატონობდა.

ახლა რეგიონში ჩინეთის ბატონობა, ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულ ომებთან ერთად, წყნარი ოკეანის დასავლეთში მშვიდ და სტაბილურ სიტუაციას ნაკლებად პროგნოზირებად და რთულ ვითარებად გარდაქმნის.

ჩინეთის ფლოტი ამერიკულს ათწლეულებით ჩამორჩება, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. რაც შეეხება ტაივანს, ჩინეთმა კუნძულს ათას ხუთასამდე მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა დაუმიზნა, მაგრამ ამავდროულად ხმელეთს კუნძულთან ყოველკვირეულად ასობით კომერციული ავიარეისი აკავშირებს, რაც მშვიდობიან ვაჭრობის ფარგლებში ხორციელდება. უახლოეს წლებში ჩინეთი ტაივანს საკუთარ შემადგენლობაში მოაქცევს, რაც იმის სიგნალი გახდება, რომ აღმოსავლეთ-აზიურ რეგიონში სამხედრო სიტუაცია რეალურად მრავალპოლარულ და ნაკლებად პროგნოზირებად სიტუაციად გარდაიქმნება.

საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მისიონერი-სახელმწიფოები იყვნენ, ერთს კომუნიზმის, მეორეს კი ლიბერალიზმის და დემოკრატიის იდეალები ამოძრავებდა, რომელთა დახმარებითაც ისინი მსოფლიოს მართვას ახერხებდნენ, მაგრამ ჩინეთს ასეთი დიდი იდეალი არა აქვს. ჩინეთის ექსპანსიის მამოძრავებელი ბუნებრივი რესურსების (ნახშირწყლები, საბადოები და ლითონები) წყურვილია, რომელიც ქვეყანას იმისთვის სჭირდება, რომ მილიონობით საკუთარი მოქალაქე საშუალო კლასის წარმომადგენლად აქციოს.

მორალური პასუხისმგებლობა ძლიერებასთან ერთად მოდის, მაგრამ იმას რომ ჩინეთს ისეთი ფლოტი და ავიაცია ჰყავდეს, რაც მას რეალურ პარტნიორად აქცევს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფაში, ათწლეულები დასჭირდება. თუკი ცივი ომის ეპოქა მეტ-ნაკლები სტაბილურობის ეპოქა იყო, რადგან ამ სტაბილურობის გარანტიას იმპერიების უსიტყვო ურთიერთგაგება ქმნიდა, ახლა ჩვენ გვაქვს ერთი იმპერია (აშშ), რომელიც სულ უფრო სუსტდება და ცდილობს წესრიგის დამყარებას მსოფლიოში, სადაც ახალი ზესახელმწიფოები აღმასვლას განიცდიან და პერიოდულად მტრულ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებენ.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მსოფლიო დღეს ძალიან მჭიდროდაა დასახლებული. მთელს ევრაზიაში მოსახლეობა პროვინციებიდან მეგაპოლისებში გადავიდა. ისინი იოლად ექვემდებარებიან მედიის გავლენას და ასევე იოლად შეიძლება განადგურდნენ ეკოლოგიურ კატასტროფაში. განთავსებისთვის რთულ და  უზარმაზარ არმიებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ზონები ცვლის.

ახალი ტექნოლოგიები ისეთ სიტუაციას ქმნის, სადაც ყველა ყველაფერზე დამოკიდებული ხდება, თანაც გაცილებით სწრაფად და მომაკვდინებლად, ვიდრე ოდესმე წარსულში. ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევა, რაც Wikileaks-ის სკანდალმა ცხადყო და იარაღის მინიატურიზაცია, რასაც პაკისტანის ქალაქებში ტერორისტული აქტები მოწმობს, ხელს უშლის იმპერიული მსოფლიო წესრიგის მოწყობას და შენარჩუნებას.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ