ევრაზია ათი წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

ევრაზია ათი წლის შემდეგ

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (ჩEPA) უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ედვარდ ლუკასის პროგნოზით 2020 წლისთვის რუსეთის პოზიციების სერიოზული ვარდნაა მოსალოდნელი და ის ისეთი ქვეყნების უკან აღმოჩნდება, როგორებიცაა ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი.

ამავდროულად დაფიქსირდება ცენტრალური ევროპის აღმასვლა, ხოლო ბალტიის სამი სახელმწიფო „გაუსწრებს სამხრეთ-ევროპის მოუქნელ და ვალებით დამძიმებულ ქვეყნებს. 2020 წლისთვის როგორი იქნება ცენტრალური ევროპა? პირველ რიგში ნატო უფრო სუსტი იქნება! ავღანეთის ომი ალიანსისთვის სერიოზული გამოცდა გახდა. თუკი მას არ შეუძლია შორეულ ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებების წარმოება, ის არ ღირს იმ თანხად, რაც მასზე იხარჯება. ნატოს ევროპელმა წევრებმა ტესტი ვერ ჩააბარეს - ეს ერაყზე გაცილებით მნიშვნელოვანი მარცხია.

იმ ომში უმცროსი ჯორჯ ბუშის უგუნურობისა და დონალდ რამსფელდის პენტაგონის არაკომპეტენტურობის დადანაშაულება შეიძლება. თავად ამერიკაშიც ერაყის ომმა სერიოზული უთანხმოება გამოიწვია. ავღანეთი სხვა საქმეა. თალიბებთან ბრძოლის იდეა ევროპაში ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა. სწორედ მემარცხენე ყაიდის ევროპელები გაჰყვიროდნენ ყველაზე მეტს და მოითხოვდნენ საერთაშორისო ჩარევას მოძრაობა "თალიბანის" მიერ ადამიანის საბაზისო უფლებების დარღვევის გამო.

დღეს სწორედ ევროპაა ის, ვინც ტესტი ვერ ჩააბარა. სხვადასხვა პროტესტით და მასშტაბური სამხედრო მოქმედებების წარმოებაზე ათასგვარი პირობებით შეზღუდული და ავღანეთისგან კულტურულად ზედმეტად დაშორებული იმისთვის, რომ წვრთნა და მომზადება მასობრივ რეჟიმში ჩაატაროს, ევროპელები (ზოგიერთი ისეთი გამონაკლისის გარდა, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი და ბრიტანეთი) ამერიკული თვალსაზრისით ფუჭი აქტივია.

ევროპელები ამას სიმშვიდით პასუხობენ. საკუთარი თავისადმი ლოიალურობით გამორჩეულ ევროპას მოკავშირის სახით აბსოლუტურად სხვა, უფრო კორექტული და მადლიერი ამერიკის ხილვა სურს. თუკი ნატოს შტაბბინა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობა 2020 წლისთვის კიდევ იარსებებს, ეს ამ სტრუქტურების უფრო შემცირებული და იაფფასიანი ვერსია იქნება. ის ბრიუსელის შემოგარენში დარტყმას მიაყენებს უძრავი ქონების ბაზარს, ასევე ზოგიერთი სამხედრო ბიუროკრატის პერსონალურ ფინანსურ გათვლებს, მაგრამ სხვები თითქმის ვერაფერს შეამჩნევენ, რადგან ნატოს „ვარგისიანობის ვადა“დიდი ხნის წინ ამოიწურა.

ნატოს დასუსტება არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა აღარ იქნება ჩართული ევროპის უსაფრთხოებაში, მაგრამ ის მონაწილეობის ფორმატს შეცვლის. ევროპა საკუთარ გამოწვევებთან და უსაფრთხოების პრობლემებთან გამკლავებას საკუთარი ძალებით შეეცდება და დიდწილად პროგრესს ბალკანეთის დასავლეთში მიაღწევს. 2020 წლისთვის ყოფილი იუგოსლავიის ნამსხვრევების უმრავლესობა და ალბანეთი ევროკავშირის წევრი იქნება. ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიც ბოსნია და ჰერცოგოვინაა, როგორც ჩანს, ბლოკში გაწევრიანება მაინც მოხდება.

თურქეთი ევროკავშირისგან აღარაფერს დაელოდება და ნორვეგიის ტიპის ასოციაციურ წევრობას დაამყარებს. 2020 წლისთვის ევროპისთვის სერიოზული საქმე გახდება თურქეთსა და უკრაინაში ევროენთუზიაზმის აღორძინება. საქართველო კვლავ კარზე კაკუნის მდგომარეობაში იქნება და იმის გამო, რომ იქ ევროკავშირის ზოგიერთ წევრზე უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტები და მთავრობა იქნება, თბილისისთვის უარის თქმა გართულდება.

ევროპულ საქმეებში ამერიკული ჩართულობის დარჩენილ ელემენტთა რიცხვში, უმთავრესი პრიორიტეტი ყველაზე ჩრდილოეთი და არქტიკული რეგიონები იქნება. უსაფრთხოების სფეროში ნორვეგია ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მოგვევლინება (შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნადაც ვიდრე კანადა, რომელმაც, გერმანიის მსგავსად, შეიძლება რუსეთთან დაახლოვება გადაწყვიტოს). დანია გრელანდიასთან კავშირის წყალობით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ასევე ბრიტანეთიც. (თუ ვივარაუდებთ, რომ თავდაცვაზე ხარჯების შემცირება ფლოტს ბოლომდე არ გაანადგურებს). ყველაზე ცხელი თემა გახდება სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებაზე შეთანხმებების გაფორმება. თუ გაგვიმართლა, მოსალოდნელია უამრავი კონფერენცია, თუ არა საერთაშორისო სარჩელები და შესაძლოა საზღვაო დაპირისპირებებიც კი.

ნავთობი და ისრაელი იმის გარანტი გახდება, რომ ამერიკა დარჩება  ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რაიონში. ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან აზერბაიჯანი და საქართველო, დარჩებიან ამერიკული ინტერესის ობიექტებად. რუსეთის მონოპოლია მილსადენებით გაზის მიწოდებაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, როგორც ჩანს, წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, ვიდრე საფრთხედ. შეშფოთების სერიოზული მიზეზი იქნება არა რუსეთის ძალა, არამედ მისი სისუსტე. ცენტრალური აზიის ქვეყნები დასავლეთსა და ჩინეთში ექსპორტს პირდაპირ განახორციელებენ, ხოლო რუსეთი მის საექსპორტო მოლოდინებთან სიტუაციის შესაბამისობისთვის იბრძოლებს.

2020 წლისთვის რუსეთის პოზიციების ვარდნა საგრძნობი გახდება. სამხედრო მოდერნიზაციის გეგმა ჩავარდება. რუსეთი გარკვეულ იარაღს უცხოეთში იყიდის (ამის მაცნე საფრანგეთისთვის ”მისტრალის” დაკვეთაა), მაგრამ მას არ ეყოფა ფული იმ ყველაფრის საყიდლად, რაც აუცილებელია. ნავთობიდან მიღებული შემოსავლები ნავთობისა და გაზის დაზვერვასა და საბადოების დამუშავებაში ინვესტიციების დეფიციტის შესაბამისად შემცირდება.

რუსეთი ბრაზილიის, ინდოეთისა და ჩინეთის უკან მოექცევა და შეეცდება მეორე დონის განვითარებულ ეკონომიკებს გაუსწორდეს, როგორებიცაა ვიეტნამი და ნიგერია. ჩვეულებრივი შეიარაღების ხარვეზების კომპენსაციის გამო, ის სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება სულ უფრო შემცირებულ ბირთვული შეიარაღების არსენალზე (როგორც სამხედრო, ასევე სტრატეგიული).

თუმცა რუსეთი მეზობლებისთვის კვლავ საფრთხედ დარჩება. ამერიკის დარჩენილი ჩართულობა ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ბალტიის რეგიონში გამოვლინდება: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი ნატოს იმ ერთადერთ კომპონენტად რჩება, რომელსაც მართლაც სჭირდება რუსეთისგან დაცვა.

ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა კვლავ მოუწესრიგებელი იქნება. ახალი გეგმები არაფერს მოიტანს, ძველი ორგანიზაციები, მაგალითად ეუთო, არ იმუშავებს. მაგრამ ამით არავინ შეწუხდება.

უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორც ჩანს,  ყველაზე მნიშვნელოვანი ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება და არალეგალური იმიგრაცია იქნება და არა შეიარაღებული ძალების განთავსება პოტენციურ სამხედრო საფრთხესთან საბრძოლველად. ადრე თუ გვიან ევროპა გამოფხიზლდება მცდარი პოსტმოდერნისტული წარმოდგენებისგან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს 2020 წლისთვის მოხდება.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი