ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური დაიღუპნენ - კვირის პალიტრა

ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური დაიღუპნენ

ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის "ქუდსის ძალების" ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ, - ამის შესახებ ერაყის გასამხედროებული ძალების პრესსპიკერმა "როიტერსს" განუცხადა.

"აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ქასემ სულეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები,"- აღნიშნა ერაყის "სახალხო მობილიზაციის ძალების" პრესსპიკერმა აჰმედ ალ-ასაადიმ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, "როიტერსთან" საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.

ამ გაიძვერული ავანტიურიზმის შედეგებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომლის დროსაც ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი დაიღუპა.

მისივე თქმით, სულეიმანის მკვლელობა სიტუაციის "უკიდურესად სახიფათო და უგუნური ესკალაციაა."

ზარიფის თქმით, ირანელი გენერლის მკვლელობა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში აშშ-სა და ისრაელის მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს. "ამერიკული ტერორისტული ძალების სისასტიკე და სისულელე, რაც მეთაურ სულეიმანის მკვლელობაში გამოიხატა, უდავოდ წარმოქმნის წინააღმდეგობას რეგიონსა და მსოფლიოში", - ნათქვამია მუჰამედ ჯავად ზარიფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანელი გენერლის დაღუპვაზე კომენტარი გააკეთა "ირანის რევოლუციური გვარდიის" ყოფილმა მეთაურმა მოჰსენ რეზაეიმაც.

"ის წამებით მოკლულ ძმებს შეუერთდა, მაგრამ ჩვენ ამერიკაზე მძლავრ შურისძიებას განვახორციელებთ,"- წერს რეზაეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."

შეგახსენებთ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც, ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 "მნიშვნელოვანი სტუმრის" სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"