ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა - როგორ გამოეხმაურა ტრამპი მომხდარს? - კვირის პალიტრა

ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა - როგორ გამოეხმაურა ტრამპი მომხდარს?

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა" დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.

"ზარალის შეფასების მიზნით შესაბამისი მუშაობა ხორციელდება. ყველა საჭირო ზომას მივმართავთ რეგიონში აშშ-ის პერსონალის, პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად,"- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.

მისივე თქმით, შეტევის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ბაზა - ალ-ასადი და ირბილი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარს გამოეხმაურა.

"ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა," - წერს ტრამპი "ტვიტერზე".

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანი აპირებს დაარტყას ჰაიფას (ისრაელი) და დუბაის (გაერთიანებული არაბთა ემირატები) იმ შემთხვევაში თუ აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს ერაყში მის ბაზებზე თავდასხის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ის თეირანის ბიუროს ხელმძღვანელი ალი აროუზი ავრცელებს.

"ირანმა გაფრთხილება გასცა, რომ თუ იქნება პასუხი, ისინი დაიწყებენ დატყმების მესამე ტალღას დუბაისა და ჰაიფაში", - წერს აროუზი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ირანულ მედიაზე დაყრდნობით, არხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერაყის თავზე ირანის ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: ირანის პასუხი ამერიკას სოლეიმანის მკვლელობისთვის - რა მოხდა გასული 24 საათის განმავლობაში?

იხილეთ ვიდეო