"ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია" - ამერიკელები ირანის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს? - კვირის პალიტრა

"ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია" - ამერიკელები ირანის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს?

"მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს - ამერიკელები ირანის რეჟიმის შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელები ირანლების შეტევის თაობაზე გაფრთხილებულები იყვნენ, ანუ ირანის მმართველმა რეჟიმმა ერაყის ხელისუფლებას მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შესახებ შეატყობინა, მათ კი ამერიკელები გააფრთხილეს.

დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზეც ისაუბრა:

"ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც ათასობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში. ამასთანავე ის ახალ თავდასხმებსაც გეგმავდა, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ."

თუ ირანი აგრესიას გააგრძელებს, აშშ ირანულ რეჟიმს დაუყოვნებლივ სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ეს სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი ქცევას არ შეცვლის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ირანი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ჩემი მითითებით აშშ-სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ჰეზბოლას. ბოლო პერიოდში ჩვენზე თავდასხმები სწორედ მისი მითითებით განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ის ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩოზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმასაც. ის უახლოეს მომავალში ბაღდადში ამერიკელებზე თავდასხმას გეგმავდა. მას ხელები ჰქონდა გასვრილი როგორც ირანელების, ასევე ამერიკელების სისხლით. ის დიდი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა. მისი ლიკვიდაციით ჩვენ ძლიერი მესიჯი გავუგზავნეთ ტერორისტებს", - განაცხადა ტრამპმა.