"ახლა მუდამ ერთად იქნებიან" - ვინ არიან ავიაკატასტროფისას დაღუპულები და რა აკავშირებდა მათ ნაწილს საქართველოსთან? - კვირის პალიტრა

"ახლა მუდამ ერთად იქნებიან" - ვინ არიან ავიაკატასტროფისას დაღუპულები და რა აკავშირებდა მათ ნაწილს საქართველოსთან?

"უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავი "ბოინგ 737", რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, 8 იანვარს თეირანში, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. თვითმფრინავში იმყოფებოდა 176 ადამიანი, მათ შორის მგზავრები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეკიპაჟის წევრები. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა.

"უკრაინული ავიახაზების" თვითმფრინავი აეროპორტიდან დაახლოებით დილის 7 საათზე აფრინდა და თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთით 2400 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 7 ქვეყნის 176 მოქალაქე. 82 ირანის მოქალაქე, 63 კანადელი, 11 უკრაინელი, 10 შვედეთის მოქალაქე, 4 ავღანელი, 3 ბრიტანელი და 3 გერმანიის მოქალაქე.

უკრაინის პრემიერის, ალექსეი გონჩარუკის ცნობით, ბორტზე კიდევ 2 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, თუმცა ისინი ფრენისას არ გამოცხადდნენ. უკრაინელმა სამართალდამცავებმა არ გაასაჯაროეს თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გადარჩენილი მგზავრები, მაგრამ აღნიშნეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" ირანული განყოფილების ხელმძღვანელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავს ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩებოდა.

უკრაინული ბოინგის კატასტროფის შემდეგ, მსოფლიოს დიდმა ავიაკომპანიებმა: Singapore Airlines, Qantas, China Southern Airlines, Lufthansa and Malaysia Airlines მიიღეს გადაწყვეტილება, აღარ შეესრულებინათ ფრენები ირანისკენ, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენები ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მთლიანად შეწყვიტა.

ავიაკატასტროფის შემდეგ განცხადება გააკეთა"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ტექნიკურმა დირექტორმა, ალექსანდ შოფიევმა. მისი თქმით, თვითმფრინავთან დაკავშირებით აქამდე არანაირ შენიშვნას ადგილი არ ჰქონია.

"თვითმფრინავი 2016 წელს იყო გამოშვებული და ის მწარმოებლისგან პირდაპირ ავიახაზებს გადაეცა, ანუ მანამდე არსად ყოფილა გამოყენებული. შემოწმება ბოლოს 6 იანვარს გაიარა და არც ამ დროს გამოვლენილა რაიმე ხარვეზი. თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო. ეკიპაჟისგან არც თეირანში ჩასვლისას ყოფილა რაიმეზე შენიშვნა და არც ამ ფრენის წინ", - განაცხადა შოფიევმა.

კომპანიაში ასევე დასძინეს, რომ ეკიპაჟი შესანიშნავად იყო მომზადებული, მათ შორის რთულ პირობებში ფრენისთვისაც.

ავიაკატასტროფამ, რომელმაც 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბი-ბი-სი-მ ფრენისას დაღუპულთა ისტორიები მოიძია. როგორც ცნობილია, მგზავრთა უმეტესი ნაწილი აკადემიური სივრცის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის სტუდენტები, მასწავლებლები, მეცნიერები და სხვა.

ეკიპაჟის დაღუპული წევრები

მარია მიკიტიუკი

24 წლის მარიას უკვე მოვლილი ჰქონდა 23 ქვეყანა. ის გასულ წელს საქართველოშიც იყო სტუმრად, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" გოგონას ბევრი ფოტო აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის თბილისიდანაც.

მარია მიკიტიუკი

როგორც ჩანს, მარიას ძალიან მოსწონდა ქართული ღვინო და კულინარია. ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ის კოკა-კოლის აპარატთან ზის, სახუმარო წარწერა აქვს გაკეთებული: "უკეთესი იქნებოდა ეს ხაჭაპურისა და ღვინის ავტომატი რომ ყოფილიყო".

დენის ლიხნო

დენისმა 2018 წელს დაასრულა სწავლა ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტში და ბორტგამცილებლად დაიწყო მუშაობა. ის სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა ჩანახატებს. დენისის "ინსტაგრამზეც" ნახავთ თბილისში გადაღებულ ფოტოებს. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ის ხშირად იღებდა მზის ჩასვლის ფოტოებს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან, სადაც მათი თვითმფრინავი თეირანიდან უნდა ჩაფრენილიყო. მზის ჩასვლის ერთ-ერთ ფოტოზე დენისს დაუწერია: "ყველას აქვს საკუთარი დაისი და ღამე მხოლოდ მზის ამოსვლით სრულდება".

ვალერია ოვჩარუკი

ვალერია ბორტგამცილებლად 2015 წლიდან მუშაობდა. ის ლუგანსკში დაიბადა და 28 წლის იყო. ვალერიას სოციალურ ქსელში ბევრი ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული. როგორც ჩანს, ძალიან უყვარდა ფეხით სეირნობა და სხვადასხვა ქვეყნის დათვალიერება. ვალერია ოვჩარუკი

ის საქართველოშიც იმყოფებოდა და ერთ-ერთ ფოტოზე წარწერაც აქვს გაკეთებული: "ვერც კი წარმოვიდგენდი საქართველო ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა".

მგზავრები

ფორუგ ჰადემი

ფორუგი 39 წლის იყო. ახალგაზრდა მეცნიერის სადოქტორო კვლევითმა ნამუშევარმა მეცნიერებს საშუალება მისცა ლეიშმანიოზის შესახებ ახალი და საინტერესო ინფორმაციები მიეღოთ. "ლაბორატორიაში დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ყველაზე მეტად სამზარეულოში გემრიელი კერძის მომზადება მიყვარს. ამიტომ, ჩემი უეცარი შეთავაზებით ხშირად სარგებლობენ ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები", - ხუმრობდა ფორუგი. ფორუგ ჰადემი ახალგაზრდა მეცნიერი 8 იანვარს დილით თეირანიდან კანადაში ბრუნდებოდა, სადაც ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობდა, რომლის მიზანიც იყო სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე მეცნიერებისთვის გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა.

ზეჰრა ნაგიბი ზეჰრა ნაგიბი

ზეჰრა კანადაში, უინძორის უნივერსიტეტში ასპირანტურაში სწავლობდა. ის სოფლის მეურნეობის დახურულ სივრცეში განვითარების პროექტებზე მუშაობდა.

მუსავების ოჯახი ოჯახის უფროსი პედრამი, დედა მოიგანი და ორი მცირეწლოვანი - გოგონა დარია და დორინა თეირანიდან საახალწლო არდადეგების შემდეგ კანადაში - ედმონტონში ბრუნდებოდნენ.

"ისინი ჩემთვის სიყვარულის სიმბოლოები იყვნენ. მათ ძალიან უყვარდა ერთმანეთი და ახლა მუდამ ერთად იქნებიან", - დაწერა პედრამ მუსავის მეგობარმა.

ევინ არსალანის ოჯახი ევინ არსალანი მეუღლესთან ერთად

ბიზნეს ანალიტიკოსი ევინ არსალანი მეუღლესთან და წლინახევრის გოგონასთან ერთად თეირანიდან ტორონტოში ბრუნდებოდა.

საიდ ჰადემასი 35 წლის საიდი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და მუშაოდა. "მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგიკული ამბის გამო. საიდი იყო ძალიან კარგი ინჟინერი და მისი ნამუშევრები კიდევ დიდხანს მოუტანს სარგებელს საზოგადოებას", - განაცხადეს ლონდონის იმ უნივერსიტეტში, სადაც საიდი მუშაობდა. საიდ ჰადემასი

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე საიდი დაოჯახდა. დაოჯახების შემდეგ ისინი ირანში გაფრინდნენ, რათა მათი დაოჯახება ოჯახთან ერთად აღენიშნათ. თეირანიდან ლონდონამდე გზა კი ახალდაქორწინებული წყვილისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "აფრენის შემდეგ, ბოინგი უკან, აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა" - ახალი დეტალები ირანში მომხდარ ავიაკატასტროფაზე