"აფრენის შემდეგ, ბოინგი უკან, აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა" - ახალი დეტალები ირანში მომხდარ ავიაკატასტროფაზე - კვირის პალიტრა

"აფრენის შემდეგ, ბოინგი უკან, აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა" - ახალი დეტალები ირანში მომხდარ ავიაკატასტროფაზე

"უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის "ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნის შესახებ უცხოურ მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

8 იანვარს, დილით, თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ბოინგი უკან აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა - ნათქვამია ირანის სამოქალაქო ავიაციის ოფიციალურ განცხადებაში.

"თვითმფრინავი, თავდაპირველად დასავლეთით მიფრინავდა, აეროპორტის ზონის დატოვებისას მას რაღაც პრობლემა გაუჩნდა. ამის გამო ის მარჯვნივ შემობრუნდა და უკან აეროპორტში ბრუნდებოდა, რა დროსაც ჩამოვარდა“, - განაცხადა მედიასთან ირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა.

ირანის სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ბოინგის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე, თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა.

"თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ჩამოვარდნისას ბოინგი იწვოდა. რის გამო შეიძლება თვითმფრინავში ხანძარი გაჩენილიყო, ჯერ კიდევ უცნობია".

გამოძიებაში ჩაერთო უკრაინელი სპეციალისტებიც. ირანი უცხოელ გამომძიებლებთან ერთად გამოიკვლევს ბოინგის ჩამოვარდნის საქმეს. როგორც ცნობილია, თეირანი არ გადასცემს თვითმფრინავის ჩანაწერებს არც ამერიკის და არც უკრაინის მხარეს, მათი განცხადებით, გამოძიება თეირანში უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენ შავ ყუთს არ გადავცემთ არც უკრიანას და არც ამერიკის მხარეს“ - განაცხადა ირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ახლა მუდამ ერთად იქნებიან" - ვინ არიან ავიაკატასტროფისას დაღუპულები და რა აკავშირებდა მათ ნაწილს საქართველოსთან?