"ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო" - კვირის პალიტრა

"ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო"

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო.

"ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა მგლოვიარე ოჯახს", - წერს ჰასან რუჰანი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."

მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი "ადამიანური გადაცდომაა" და რომ ის "უნებლიედ" მაშინ ჩამოაგდეს, როცა "ირანის რევოლუციური გვარდიის" კუთვნილ "სენსიტიურ ტერიტორიას" მიუახლოვდა.

აღსანიშნავია, რომ ირანი აქამდე კატეგორიულად უარყოფდა ვარაუდებს იმის შესახებ, რომ უკრაინული "ბოინგ 737" დედაქალაქთან ახლოს ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, 8 იანვარს "უკრაინის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"