"ირანისგან ველოდებით დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და ბოდიშის მოხდას" - კვირის პალიტრა

"ირანისგან ველოდებით დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და ბოდიშის მოხდას"

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანისგან არა მხოლოდ ბრალის აღიარებას, არამედ ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციასაც ელოდება.

ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა. ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე, ირანმა თავისი ბრალი აღიარა. ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას",- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომაა" და მათ "ბოინგ 737""უნებლიედ" ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, 8 იანვარს "უკრაინის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"