ჩინეთი ინდოეთში ადგილს იმკვიდრებს - კვირის პალიტრა

ჩინეთი ინდოეთში ადგილს იმკვიდრებს

ხუთი წლის განმავლობაში ინდოეთს ვიზიტით პირველად ეწვია ჩინეთის სახალხო საბჭოს პრემიერი ვენ ძიაბაო მსოფლიოს ორ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის განსამუხტავად.

პრემიერი ვენი დაესწრო 16 მლრდ დოლარის კონტრაქტებზე ხელმოწერას და შეეცადა, ჩინელ ინვესტორებს რგებოდა ინდოეთის სწრაფმზარდი ეკონომიკის მსუყე ნაჭრები.

ვენ ძიაბაო მსოფლიოს პირველი ლიდერი როდია, რომელმაც წელს ინდოეთი მოინახულა. ზაფხულში ქვეყანას ესტუმრა დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი, შემოდგომაზე - აშშ-ის მეთაური ბარაქ ობამა, დეკემბერში - საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ერთხმად აღნიშნავდნენ ინდოეთში ვლ. პუტინის ვიზიტის მნიშვნელობას.

მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების ყურადღება მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყნის მიმართ, რომლის ეკონომიკა წელს 9%-ით გაიზარდა, სრულიად გასაგებია. უახლოეს წლებში ინდოეთი სწრაფად ვითარდება და მეზობელი ჩინეთისაგან განსხვავებით, თავის ეკონომიკაში უცხოელ ინვესტორებს აქტიურად უშვებს.

ჩინეთს, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით, უჭირს ბრძოლა ინდური ბაზრისთვის. დელი საფუძვლიანად მიიჩნევს პეკინს თავის მთავარ კონკურენტად ენერგორესურსების, ინვესტიციებისა და აზიაში გავლენისათვის ბრძოლაში. თუმცა კონკრეტულ ვითარებაში ინდოეთი ხშირად ჩინეთთან წაგებული რჩება.

ტენდერები, რომლებშიც პეკინიც მონაწილეობს და დელიც, უმეტესად ჩინეთს რჩება. ორი ქვეყნის ურთიერთობას აფუჭებს სასაზღვრო კონფლიქტიც, რომლის გამო 1965 წელს წაეკიდნენ კიდეც ერთმანეთს. მას შემდეგ ჰიმალაიზე საზღვრის დასადგენად მოლაპარაკებების 14 რაუნდი გამართეს, მაგრამ მათ შედეგი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, ჩინეთი იარაღს აწვდის პაკისტანს, რომელთანაც ინდოეთი დიდი ხანია დაპირისპირებულია.

ინდოეთს ძალიან აღელვებს ჩინეთთან სავაჭრო დისბალანსი, რამაც წელს შესაძლოა 25 მლრდ დოლარს მიაღწიოს.