იანუკოვიჩმა რუმინეთს თავისი ადგილი მიუჩინა - კვირის პალიტრა

იანუკოვიჩმა რუმინეთს თავისი ადგილი მიუჩინა

ამ დღეებში, დნესტრისპირეთი ბრიუსელში, კიევსა და მოსკოვში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ადრე სამივე მხარე ბუქარესტს აფრთხილებდა, რომ მოლდავეთ-დნესტრისპირეთის სექტორში ზედმეტი აქტიურობა არ გამოეჩინა.

ახლა მათ ვიქტორ იანუკოვიჩი შეუერთდა და ბუქარესტი გააფრთხილა, - უსუსური უკრაინის დრო წავიდა, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა რანგში დნესტრისპირეთის პრობლემა შედისო.

უკრაინელ ანალიტიკოსთა აზრით, რუმინეთს სურს მოლდავეთი დნესტრისპირეთის გარეშე შეიერთოს, ამ უკანასკნელს კი დამოუკიდებლობის საშუალება მისცეს. ეს ხელს არ აძლევს უკრაინას. რუმინეთში მოლდავეთის შესვლისთვის ხელის შესაშლელად კიევს მიზანშეწონილად მიაჩნია დნესტრისპირეთის ინტეგრირება მოლდავეთში, ანუ კიევი გაერთიანებულ მოლდავეთს უჭერს მხარს, თუმცა მიაჩნია, რომ დნესტრისპირეთს უნდა ჰქონდეს გარანტიები, ვთქვათ, იმ შემთხვევისათვის, თუ მოლდავეთი რუმინეთთან შეერთებას მოინდომებს.

მაშინ დნესტრისპირეთს შეეძლება თვითგამორკვევის უფლების მოთხოვნა. მაგრამ რუმინეთის ჩარევა ამ პერსპექტივას საფუძველს აცლის. რუმინეთის პრეზიდენტ ბესესკუს შეჩერება კი სულ უფრო ჭირს. სწორედ ამას უკავშირდება იანუკოვიჩის ნათქვამი, - საზღვრების გადასინჯვა არც უკრაინას სჭირდება და არც ევროკავშირსო.