მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

- რუსეთის ოპოზიციური მოძრაობა "დემოკრატიული არჩევანის" ლიდერმა უარყო პრემიერ-მინისტრ პუტინის განცხადება ამჟამინდელი ოპოზიციონერების მიერ 1990-იან წლებში მილიარდების ქურდობასთან დაკავშირებით.

"პირდაპირი ხაზის" დროს თანამემამულეების შეკითხვაზე, - სინამდვილეში რა სურს ბორის ნემცოვს, ვლადიმირ რიჟკოვსა და ვლადიმირ მილოვსო, პუტინმა უპასუხა: "ფული და ძალაუფლება. ახლანდელმა ოპოზიციონერებმა მილიარდები მიითვისეს და თუ ჩვენ ახლა მათ კვლავ მივცემთ ამის საშუალებას, ცალკეული მილიარდებით აღარ დაკმაყოფილდებიან მთელ რუსეთს გაჰყიდიან."

"ბატონი პუტინი ცრუობს... მას არ შეუძლია ახსნას, იმისი ხელმძღვანელობის დროს რატომ გაიზარდა კორუფცია 10-ჯერ, რატომ გახდნენ მისი მეგობრები დოლარიანი მილიარდერები, ვერაფრით ვერ ხსნის ვერც მოსკოვში ბოლო დღეებში დატრიალებულ ამბებს და ნაცვლად იმისა, რომ პატიოსნად შეეცადოს თავისი პოლიტიკის ჩავარდნის გაანალიზებას, ცდილობს სხვები დაადანაშაულოს  და ოპოზიცია დააშინოს, - განაცხადა კოალიცია "რუსეთი კორუფციის გარეშე"-ს წევრმა ვლადიმირ რიჟკოვმა.

- ავსტრალიის პოლიციამ შეისწავლა ავსტრალიის მოქალაქის, ჟულიან ასანჟის მიერ შექმნილ  საიტ ჭილილეაკს-ზე გამოქვეყნებული მასალები და მიაჩნია, რომ ადგილობრივი კანონების თანახმად, მისი საქმიანობა დანაშაულს არ წარმოადგენს. ამჟამად სექსუალურ ძალმომრეობაში ეჭვმიტანილია ასანჟი შვედეთის მოთხოვნით დიდ ბრიტანეთში დააპატიმრეს, მაგრამ მისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და ის შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას.

- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა ჭილილეაკს-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტების გამო, რომლებშიც ილჰამ ალიევი კინოფილმ "ნათლიის" გმირის მაფიოზური ბანდის თავკაცთან არის შედარებული. სატელეფონო საუბარში ჰილარი კლინტონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ აშშ-სა და აზერაბიჯანს შორის ურთიერთობა წინანდებურად მტკიცეა. ქალბატონმა ჰილარიმ ისარგებლა შემთხვევით და ჭილილეაკს-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო სინანული გამოთქვა.

- პალესტინის ხელმძღვანელობამ ევროპის ქვეყნებს მიმართა თხოვნით, აღიარონ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო დასავლეთი სანაპიროსა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე 1967 წლის საზღვრებში. პალესტინის წარმომადგენლის თქმით, შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთსა და დანიის მთავრობებს, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს.

საერთაშორისო სარბიელზე არცთუ დიდმნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა - ბრაზილიამ და არგენტინამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ეს ნაბიჯი გაკიცხეს აშშ-მა, ისრაელმა და ევროკავშირმა. ევროკავშირს მიაჩნია, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების დრო ჯერ არ დამდგარა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მოლაპარაკების პროცესში ორი სახელმწიფოს შექმნის გზით...