ბერეზოვსკი - WikiLeaks-ის და პუტინ-მედვედევის ტანდემის შესახებ - კვირის პალიტრა

ბერეზოვსკი - WikiLeaks-ის და პუტინ-მედვედევის ტანდემის შესახებ

ოდიოზური ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი უკრაინული გამომცემლობა "გლავრედ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიკილისკის საიტის, რუსეთის ტანდემოკრატიასა და იუდეურ-ქრისტიანული ცივილიზაციების კრიზისის შესახებ საუბრობს.

ბერეზოვსკის აზრით, - WikiLeaks-ის საიტი "ისტორიული მასშტაბის მოვლენაა", ხოლო მისი დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი - ღვთიური ნების გამტარებელი". მარკოზის სახარებაში წერია: "არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს". უბრალოდ, ადრე ამისათვის წლები იყო საჭირო, უფრო ადრე - ათწლეულები და საუკუნეები. დღეს კი, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების წყალობით, ყველანაირი საიდუმლო უმალ ხდება ცხადი; ამიტომ, რაც ამ ავსტრალიელმა ყმაწვილმა გააკეთა, ღვთიური ნების ნაწილის რეალიზება იყო.

ოლიგარქის აზრით, WikiLeaks-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ხელისუფლების გამჭვირვალობას. "ვინც ხალხის მართვის პასუხისმგებლობას კისრულობს, უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უფლება გვაქვს, ვიცოდეთ ყველაფერი მის შესახებ. ყველაფერი და ყველაზე, უგამონაკლისოდ - ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც კი, თუ ვისთან წვანან ისინი.

ფროიდი ჯერ არავის უარყვია და თუ სექსუალური პრობლემები აქვთ, ეს მათ ქცევაზე აისახება, აქედან გამომდინარე - ჩვენზეც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი მორალური კრედო. რატომ ცოფდება პუტინი, როცა მის საყვარელზე, კაბაევაზე და უკანონო შვილებზე ეკითხებიან? პოლიტიკოსებმა თავისი ნებით უნდა გააკეთონ არჩევანი - გახდნენ გამჭვირვალენი. თუ სურთ, რომ ჩვენ გვმართონ, კანონების დაცვით ცხოვრებაში დაგვეხმარონ, უნდა ესმოდეთ, რომ მათი იმთავითვე არ გვჯეროდა და გვინდა, ყოველდღიური, ყოველწლიური ცნობები გვქონდეს მათ შესახებ:

როგორ ცხოვრობდნენ, რით ცხოვრობდნენ, საიდან აქვთ ფული, რა ხდება მათ ოჯახებში და ა.შ. ამის შემდეგ უნდა შეგვეძლოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მათთვის პირში თქმა: - ძმაო, ჩვენ სულ სხვანაირი გვეგონე, შენ კი რა ყოფილხარ, ამიტომაც გადაგაყენებთო. აი, ეს არის დემოკრატია. ჩვენ არა მარტო არჩევის, გადარჩევის უფლებაც უნდა გვქონდეს". ბერეზოვსკი დარწმუნებულია, რომ WikiLeaks-ი თანამედროვეობის სულისკვეთებას შეესაბამება.

ოლიგარქი ამბობს, რომ სკანდალური პორტალით გამოწვეული შედეგები ისტორიული მნიშვნელობისა იქნება. "გადასარჩენად მენტალიტეტის შეცვლა გახდება საჭირო. მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან შედეგები პოლიტიკური ლიდერების ფასეულობებზე იქნება დამოკიდებული. მზად არის დღეს ხალხი გლობალური გამჭვირვალობისთვის კი არა, უბრალოდ, ყველა ანგარიშის გახსნისთვის? - კითხულობს რუსი ოლიგარქი.

გარდა ამისა, მისი აზრით, პირველი ქვეყანა, რომელიც შინ ფინანსურ გამჭვირვალობას მაინც შემოიღებს, მსოფლიო ლიდერი გახდება. ის ამბობს, რომ WikiLeaks-ი მეორედ მოსვლის მსგავსი მოვლენაა, რადგან "ჩვენი საზოგადოება გახრწნილია. მასში ძალიან მდიდრებიც კი არაკომფორტულად გრძნობენ თავს, დანარჩენი მილიარდერები კი შავ დღეში არიან, ამიტომ ეს ჩიხია".

ამბოხებული ოლიგარქი დარწმუნებულია, რომ 2012 წელს არც პუტინი იქნება რუსეთის პრეზიდენტი და არც მედვედევი. "პუტინი ბანდიტის ნაირსახეობაა, მედვედევი - უსახელო მცენარეა, არარაობაა, მაგრამ ამ მცენარეს სახელი აქვს - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

მას გვერდში ამოუდგა ბანდიტით უკმაყოფილო ხალხი". ბერეზოვსკის აზრით, ელიტას პუტინის მმართველობა არ სურს, რადგან ის ღრჯუ, საშიში, დაუნდობელი და თანაც ბრიყვი აღმოჩნდა. "ლადა კალინიზე" მისი მოგზაურობა იმაზე მეტყველებს, რომ მართლა სულელი, ყველასათვის სახიფათო კაცია. გაიხსენეთ რუსული ანდაზა: "ჭკვიანთან დაკარგვა გიჯობს სულელთან პოვნასო". ამიტომაც აღარ უნდათ ის".

ბერეზოვსკის აზრით, ბიზნესელიტას "მცენარე მედვედევი უფრო აძლევს ხელს, რადგან მეტი თავისუფლებაა გარანტირებული.WikiLeaks-ის ინფორმაციის შემდეგ პუტინი ყველასათვის საშიში გახდა. ვთქვათ და, პრეზიდენტად აირჩიეს - დასავლეთისთვის ის უკვე მაფიოზია. ოლიგარქი ამბობს, რომ პუტინ-მედვედევის ტანდემის დარღვევა მხოლოდ ხალხს შეუძლია. ეს ის ძალაა, რომელიც აიძულებს რუსეთს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეს.

არ არის მართალი, თითქოს პრეზიდენტი და პრემიერი ერთი გუნდი იყოს, - ამბობს ოლიგარქი, - პუტინი პატრონია, მედვედევი - დაქირავებული მენეჯერი.