ირანი: თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოქცეული აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო - კვირის პალიტრა

ირანი: თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოქცეული აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო

სომხეთი არაკეთილმოსურნე მეზობლებით არის გარშემორტყმული და უკვე ოცი წელია, მთიანი ყარაბახის გამო აზერბაიჯანთან უკიდურესად მილიტარიზებულ ტერიტორიულ დავაშია ჩაბმული.

თუმცა, დიდი ხანია, რაც წარმატებულ ბრძოლას ეწევა დიპლომატიურ ფრონტზე და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს ერთდროულად როგორც ირანთან და რუსეთთან, ასევე აშშ-სთან. სომხეთი დაცვის, ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით ამ სამივე ქვეყანას ეყრდნობა.

მაგრამ ორი წლის წინ სომხეთმა საკუთარი ქმედებების შედეგი იწვნია და აშშ-ის რისხვის ობიექტი გახდა. 2008 წლის დეკემბერში სახელმწიფო მდივნის მიერ გადაცემული დეპეშის თანახმად, რომელიც WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, ამერიკელმა მზვერავებმა გაარკვიეს, რომ სომხეთი ირანს ბულგარულ რაკეტებს გადასცემდა.

როგორც ეს ერევანში ამერიკის საელჩოს 2009 წლის ანგარიშშია ნათქვამი, ეს იარაღი "აღმოაჩინეს ერაყში შიიტი მებრძოლების ორი თავდასხმის შედეგად, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი კი დაიჭრა".

ვაშინგტონმა განმარტება მოითხოვა და სომხებს შეშინდათ.

ამიერკავკასიის პატარა სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო - მოქცეულნი არიან ირანს (მას პოტენციურად შეუძლია, სამივე ქვეყანას პრობლემა შეუქმნას) და აშშ-ს შორის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მათ ისლამურ რესპუბლიკასთან კავშირების გაწყვეტა აიძულოს. ამის შესახებ ლაპარაკია WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ამერიკელი დიპლომატების ანგარიშებში.

სამივე ქვეყანას სეპარატისტების მადესტაბილიზებელ საქმიანობასთან და ეთნიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რისი გამოყენებაც გარე ძალებს იოლად შეუძლიათ.

პრობლემებს წააწყდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. გარედან ჩანს, რომ ის მზადაა, აშშ-ს ირანის იზოლირებაში დაეხმაროს, მაგრამ ბაქოში ამერიკის საელჩოდან 2010 წლის თებერვალში გაგზავნილი წერილიდან აშკარაა, რომ მას ძალიან ეშინია დიდი და ხმაურიანი მეზობლის გაბრაზების.

ალიევმა ამერიკელ დიპლომატებს უთხრა, რომ ირანული „პროვოკაციები აზერბაიჯანში მატულობს. მისი თქმით, ირანი არამხოლოდ „აფინანსებს რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს და „ჰეზბოლას“ ტერორისტებს, არამედ აღვივებს კონფესიათშორის შუღლს აზრბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისგან მოშორებულ ნახიჩევანის რეგიონში, აზერბაიჯანის საელჩოებთან უცხოეთში დემონსტრაციებს აწყობს, ასევე ცდილობს ალიევის რეპუტაციის შელახვას.

ალიევმაც და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმაც შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა, ირანის დარტყმების "სამიზნე" გახდეს. ორივემ, იურიდიული თვალსაზრისით, კასპიის ზღვაზე ირანთან არამკაფიოდ გაფორმებული საზღვრისკენ მიუთითა, როგორც ამგვარი დარტმის შესაძლო წერტილზე.

2006 წლის დეკემბრით დათარიღებულ დეპეშაში, ალიევი ჰგავს ადამიანს, რომელმაც თავდაცვითი პოზიცია დაიკავა, შეშფოთებულია რა აშშ-ის ირანული პოლიტიკით, რომელიც "არ ესმის", მაგრამ 2010 წლის თებერვალში ის თითქოს მორიგებისკენ იხრება და ირანის უფრო მეტად ეშინია. "რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ერთხელ თქვა, "რომ რუსეთს არ სურს, რომ ამერიკელებმა ირანი დაახრჩონ, მაგრამ არც ის სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს", - თქვა ალიევმა ამერიკული დეპეშების თანახმად, და როგორც ჩანს, ეს ის დილემაა, რომელიც მასაც კარგად ესმის.

საქართველოც არაერთხელ ყოფილა სცილას და ქარიბდას შორის. ორი წლის წინ მისი ურთიერთობა ირანთან სერიოზულად გართულდა იმის გამო, რომ ოფიციალურმა თბილისმა აშშ-ს ირანის მოქალაქე გადასცა, რომელსაც კონტრაბანდაში, ფულის გათეთრებასა და შეთქმულებაში ედებოდა ბრალი.

2010 წელს სიტუაცია განიმუხტა, და ირანმა და საქართველომ ერთმანეთთან მიმოსვლითვის სავიზო რეჟიმები გააუქმეს, აღადგინეს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირი და მცირე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროში პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რამაც, როგორც ჩანს, ვაშინგტონი ერთგვარად გააოცა.

არსებობს დეპეშა, რომელსაც რუსული და ქართული ვებგვერდები იმოწმებენ, თუმცა WikiLeaks–ის დოკუმენტებში ის ჯერჯერობით არ იძებნება; მასში მოყვანიალია ფრაგმენტები იმ ბრიფინგიდან, რომელიც მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა რიჩარდ ჰოლბრუკმა ამიერკავასიაში გამგზავრებამდე გამართა. ითქვა, რომ საქართველო "ცდილობს ირანთან ურთიერთობებში გარკვევას", თუმცა ეშინია ისეთი შეუქცევადი შეცდომების დაშვებისა, რაც ირანს აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის დამოკიდებლობის აღიარების შესაძლებლომას მისცემს, როგორც ეს 2008 წელს რუსეთმა გააკეთა.

"ის ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ გაიფუჭოს ურთიერთობა რეგიონში ძლიერ მეზობელთან და საგარეო ვაჭრობაში მსხვილ პარტნიორთან", - ნათქვამია წერილში. როგორც ჩანს, ყველა ამიერკავკასიურ რესპუბლიკაში ანალოგიური მოსაზრებები დომინირებს.

სომხეთს დიდი ხანია, რაც ირანთან კარგი ურთიერთობა აქვს, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ მას უკიდურესად სჭირდება რეგიონში ერთი მოკავშირე მაინც.

მას შემდეგ, რაც ამტკიცებენ, რომ სომხეთმა ირანს იარაღი გადასცა, სახელმწიფო მდივნის იმდროინდელმა მოადგილე ჯონ ნეგროპონტემ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს კონფიდენციალური გზავნილით მიმართა, სადაც მკაფიოდ მიანიშნა იმაზე, რომ სომხეთი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას ამერიკელი ინსპექტორები შემოწმებისთვის გაუფრთხილებლად ეწვევიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ პატარა ქვეყანას "ამერიკის მხრიდან დახმარების შეწყვეტა და გარკვეული საექსპორტო შეზღუდვები" დაემუქრება.

აშშ-ის სანქციები სომხეთისთვის კატასტროფა იქნებოდა. ეს ღარიბი ქვეყანა ისედაც იტანჯება იმ სანქციებით, რომელიც მას მეზობელმა აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაუწესეს.

არც ერთ წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე, შეასრულა თუ არა სომხეთმა აშშ-ის ბრძანება, მაგრამ არსებობს 2010 წლის დეპეშა, რომლის თანახმად, სომხეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი გორიკ აკოფიანი აშშ-ის ელჩს არწმუნებს, რომ სომხეთი ამერიკელების ყველა მოთხოვნას შეასრულებს.

"სომხეთს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს და დამატებით პრობლემების შექმნის არანაირი სურვილი არ აქვს", - თქვა აკოფიანმა, დოკუმენტების თანახმად.

დღეს, აშშ-ის მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ მოქმედებს.