პუტინივით უყვარს ჰოკეი და უკრავს როიალზე - ვინ არის მიხეილ მიშუსტინი - ახალი მარიონეტი პუტინის "პანდორას ყუთიდან"?
პუტინივით უყვარს ჰოკეი და უკრავს როიალზე - ვინ არის მიხეილ მიშუსტინი - ახალი მარიონეტი პუტინის "პანდორას ყუთიდან"?
ფოტო:მიხაილ მიშუსტინი და ვლადიმირ პუტინი
რუსეთის თანამედროვე ისტორიაში 15 იანვარს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც ძალზე შორსმიმავალ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. ჯერ ერთი, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური საკრებულოს მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა წამოაყენა, მეორე - გადადგა, უფროს სწორედ, პუტინმა გადააყენა მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ჩათვლით და იმავდროულად ახალი პრემიერის კანდიდატურაც დაასახელა. დასავლეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული პროცესების ფონზე, ყუ
რადღებით აკვირდებიან რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯებს.

კონსტიტუციური ცვლილებები: რა და რა მიზნით?


პრეზიდენტმა თავის ვრცელ მიმართვაში სახელმწიფო სათათბიროს წევრებს ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილებები წარუდგინა, რომლებსაც შემოკლებით ასეთი სახე აქვთ:

ა) დამტკიცდეს რუსეთის კონსტიტუციის პრიორიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულებებზე;
ბ) აეკრძალოთ რუსეთის ჩინოვნიკებს და მოსამართლეებს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება სხვა სახელმწიფოებში;
გ) მოეთხოვოთ პრეზიდენტობის კანდიდატებს რუსეთში 25-წლიანი
მუდმივი ცხოვრება. ასევე კანდიდატს არასდროს უნდა ჰქონდეს მიღებული როდისმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
დ) ამოღებული იქნეს სიტყვა "ზედიზედ" კონსტიტუციის იმ მუხლიდან, რომელიც პრეზიდენტს ორჯერ მეტად არჩევას უკრძალავს;
ე) შეიქმნას საჯარო ხელისუფლების ისეთი სისტემა, რომელშიც შევლენ როგორც ცენტრალური სახელმწიფო ორგანოები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები;
ვ) შემოღებული იქნეს შრომის მინიმალური ანაზღაურება და პენსიის აუცილებელი ინდექსაცია;
ზ) გადაეცეს სახელმწიფო სათათბიროს პრეზიდენტის უფლება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დამტკიცების შესახებ;
თ) მიეცეს ფედერაციის საბჭოს უფლება მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით;
ი) მიეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, რომ პრეზიდენტის მოთხოვნით შეამოწმოს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობა მათ ხელმოწერამდე.

რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრი?


პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომა გამოაცხადა და თავისი მოქმედება ასეთი არგუმენტით ახსნა: "კონსტიტუციის ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება, რომ ამ დროს მთავრობამ პრეზიდენტს ყველანაირი შესაძლებლობა უნდა მისცეს მისი განხორციელებისათვის. ვფიქრობ, სწორედ ის შემთხვევაა, როცა კონსტიტუციის 117-ე მუხლის თანახმად, მთავრობა უნდა გადადგეს".

ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება რუსული საზოგადოებისათვის მოულოდნელი იყო, მაგრამ, რუსეთის მმართველი რეჟიმის თავისებურებების გათვალისწინებით, რასაკვირველია, გადადგომის საკითხი წინასწარ იყო შეთანხმებული პრეზიდენტ-იმპერატორთან.
დიმიტრი მედვედევი
როგორც წესია, დიმიტრი მედვედევს და მთავრობის წევრებს, ახალი პრემიერისა და მინისტრების დანიშვნამდე, უფლებამოსილება გაუგრძელდათ, საბოლოოდ კი, როგორც ჩანს, დიმიტრი მედვედევს "ჩამოალაბორანტებენ"- მას ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზა.

15 იანვარსვე პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა დაასახელა - მან სახელმწიფო სათათბიროს მთავრობის მეთაურის პოსტზე დასამტკიცებლად ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი წარუდგინა.

ვინ არის მიხაილ მიშუსტინი?


შტრიხები რუსეთის ახალი პრემიერის პორტრეტისათვის: მიხაილ მიშუსტინი დაიბადა 1966 წლის 3 მარტს, ქ. მოსკოვში. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩარხმშენებელი ინსტიტუტი და მიენიჭა "ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის" კვალიფიკაცია. სწავლა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა, რომელიც 1992 წელს დაასრულა. 2003 წელს მიხაილ მიშუსტინმა დისერტაცია დაიცვა რუსეთის გიორგი პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ აკადემიაში თემაზე "სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმი რუსეთში", მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება, მოგვიანებით კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორიც გახდა.

1992 წლიდან მიხაილ მიშუსტინი მუშაობდა კომპიუტერულ კლუბში, იყო სატესტო ლაბორატორიის უფროსი, საერთაშორისო კომპიუტერული კლუბის მართვის საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წელს სახელმწიფო სამსახურში შევიდა - დაინიშნა რუსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწედ, ხოლო 1998 წლის აგვისტოდან - მის მოადგილედ. 1999 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე მუსაობდა რუსეთის საგადასახადო მოსაკრებლების მინისტრის მოადგილედ, შემდეგ - რუსეთში უძრავი ქონების ობიექტების ფედერალური კადასტრის სააგენტოს ხელმძღვანელად (ეს სტრუქტურა გაუქმდა 2009 წელს), მიხაილ მიშუსტინი 2010 წლის 6 აპრილიდან რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელია. იგი იმავდროულად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა - არის ჰოკეისტთა ცენტრალური სპორტული კლუბის (ЦСКА) დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, ითვლება აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სახელმწიფო სამსახურისა და სახალხო მეურნეობის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად. მიხეილ მიშუსტინის ჰობი სპორტი (ჰოკეი) და მუსიკაა, იგი მშვენივრად უკრავს როიალზე.
დაჯილდოებულია საპატიო ორდენით (2012 წელს), ორდენით "სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის" (2015 წელს), მიღებული აქვს რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერის მადლობები.
მიხაილ მიშუსტინი
მიხაილ მიშუსტინის დეკლარირებული შემოსავლების რაოდენობამ 2018 წლისათვის 18 მილიონ 998 ათასი რუბლი შეადგინა, მისი მეუღლის - ვალენტინა მიშუსტინას შემოსავლებმა კი თითქმის 2,5-ჯერ მეტი - 47 მილიონი რუბლი. მიშუსტინის ცოლი 2016 წელს, Forbes-ის რუსული ვერსიის რედაქციამ შეიყვანა რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეთა ყველაზე მდიდარი ცოლების სიაში. ის 160-მილიონიანი რუბლის წლიური შემოსავლით მე-9 ადგილს იკავებდა. ვალენტინა მიშუსტინა საერთაშორისო კომპიუტერული კლუბის თანადამფუძნებელია.
მიშუსტინებს სამი ვაჟი ჰყავთ, რომლებიც 19, 18 და 10 წლისანი არიან.

დამკვირვებელთა შეფასებით, მიხაილ მიშუსტინი პოლიტიკოსი არ არის, იგი ეფექტური ტექნოკრატია, შესაბამისად, საეჭვოა, რომ პრემიერის სავარძელი მისთვის ტრამპლინი გახდეს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად (თუმცა ამ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს).

ვლადიმირ პუტინის გეგმები: "პანდორას ყუთი"?


დასავლურ პრესაში ვლადიმირ პუტინის სახელმწიფო სათათბიროს წინაშე მიმართვისა და ახალი პრემიერის წარდგენასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი კომენტარები ვრცელდება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან რუსეთის ლიდერის ყოველ ნაბიჯს უცხოეთი "გამადიდებელი შუშით" აკვირდება, მით უმეტეს, მის საკადრო დანიშვნებს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

"ვლადიმირ პუტინმა ბევრი ილაპარაკა, მაგრამ თავის გეგმებს ნათელი მაინც არ მოჰფინა. პირიქით, მან სავარაუდო შესაძლებლობებით სავსე "პანდორას ყუთი" გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ გაურკვეველ სიტუაციას პოლიტიკური ელიტა წონასწორობიდან გამოჰყავს, ფაქტია, რომ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ რჩება იმ მთავარ ღერძად, რომელზეც მთელი ქვეყანა ტრიალებს", - წერს ამერიკული გაზეთის The New York Times-ის კორესპონდენტი ენდრიუ ჰიგინსი.

"პრეზიდენტი თავის მომავალ ბედზეც ფიქრობს"
ტონი ბრენტონი, რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ბი-ბი-სის ჟურნალისტთან საუბარში ამბობს:
"რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინს ახლა პრობლემები აქვს. ჯერ ერთი, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა ეკონომიკურმა ზომებმა რუსეთის ხელისუფლების პოპულარობა მოსახლეობაში ძალიან შეარყია. მეორე მომენტი ისაა, რომ პრეზიდენტს პირადი პრობლემაც აქვს, რაც 2024 წლისათვის მისი მმართველობის ვადის დასრულებაში გამოიხატება. ჩემი დაკვირვებით, ვლადიმირ პუტინმა ამ პრობლემების გადაწყვეტა დაიწყო: მისი განცხადებები მოწმობს, რომ თავისი უფლებამოსილების ნაწილს პარლამენტს და რიგ სხვა ცენტრალურ სტრუქტურებს გადასცემს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ისეთ ვერტიკალს ააგებს, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ბედს - 2024 წლის პრობლემას გადაწყვეტს".

"დიმიტრი მედვედევის გადადგომა უძლიერესი რყევაა რუსეთის ხელისუფლებაში, რომელიც კი ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის ბოლო 10 წლის მანძილზე მომხდარა. დიმიტრი მედვედევი ყოველთვის ასრულებდა იმ ადამიანის როლს, რომელსაც საკუთარი ამბიციები არ ჰქონდა. ბუნებრივია, ასეთი პიროვნება საბოლოოდ იქ აღმოჩნდებოდა, სადაც ახლა აღმოჩნდა, ანუ გაურკვეველ ადგილზე", - ამბობს "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში ლონდონის ქინგზ-კოლეჯის თანამშრომელი სემ გრინი.

"ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება იმას მოწმობს, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ ხელისუფლებას მაინც არ დათმობს. იგი ფიქრობს, რომ მის გარეშე ყველაფერი დაინგრევა. საერთოდ კი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მოსახლეობის უმრავლესობა ჩვეულებრივად ხვდება - რევოლუცია ხომ მაშინ ხდება, როცა ხალხს პური არ აქვს და მაღაზიის თაროები ცარიელია. რუსეთში ეს არ შეინიშნება", - ნათქვამია ბრიტანული გაზეთ Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში "რას ნიშნავს პუტინისეული მოდერნიზება რუსეთისათვის".

"მიხაილ მიშუსტინს ტექნოკრატად თვლიან, პოლიტიკური ამბიციების გარეშე, რაც იმას მოწმობს, რომ ვლადიმირ პუტინს თავისუფლად შეუძლია კონსტიტუციის ცვლილებების შეტანით თავისი მომავალი უზრუნველყოს - დარჩეს რუსეთის უზენაეს მმართველად 2024 წლის შემდეგაც", - წერს ამერიკულ The Washington Post-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ფრაი სტატიაში: "რუსეთის პრემიერი გადადგა, ვლადიმირ პუტინს კი შორსმიმავალი გეგმები აქვს - მას ხელისუფლებაში დარჩენა სურს".

მოკლედ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:
დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები, დასავლური პრესა მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ დაგეგმილი პერსპექტიული საკონსტიტუციო და უკვე რეალიზებული სამთავრობო ცვლილებები მისი საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურება. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ გეგმებს, სათათბიროსადმი მიმართვაში გამოხატულს, საკონსტიტუციო ცვლილებების პოლიტიკური ნაწილის ფონზე ისინი მხოლოდ მეორეხარისხოვან ე.წ. გვერდით მოვლენებად შეიძლება მივიჩნიოთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (5)
maka
17 იანვარი 2020 13:30
შენს ქვეყანას მიხედე რამე თუ შეგიძლია, მოსაბეზრებელია სულ სხვისი ამბების მოსმენა
კილაძეს
17 იანვარი 2020 10:50
აღარ დაიღალეთ სხვა ქვეყნის განხილვით, მიხედეთ საკუთარ სამშობლოს. უსაქმურები ხარ მეტი არაფერი
xx
17 იანვარი 2020 10:32
მარიონეტები და ლაქიები თქვენ ხართ თქვე უბედურებო
გთხოვთ არ დამბლოკოთ.
17 იანვარი 2020 09:04
სიმონ! ეს არის ერთი მიმართულებით განვითარებული შენი მოსაზრება, საინტერესოა, ამ შენს მოსაზრებას თუ გააჩნია სხვა, ალტერნატიური განვითარების პერსპექტივა. და თუ გააჩნია, იმ კუთხით რატომ არ განიხილავ. ჩვენ ხალხმა ვიცით, ძველი ხალხური თქმულება, ქოთანს ყურს იქედან გამოაბავ, საიდანაც გინდა.
მარიამი
16 იანვარი 2020 18:50
პუტინივით უკრავს როიალზე? ცალი თითით?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები