მოხდება თუ არა ირანული "მაიდანი" - ფიქრი შაჰისეულ "თეთრ რევოლუციაზე" - კვირის პალიტრა

მოხდება თუ არა ირანული "მაიდანი" - ფიქრი შაჰისეულ "თეთრ რევოლუციაზე"

ირანი: დღევანდელი რეალობა და ხვალინდელი პერსპექტივა

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 2020 წელი მსოფლიოსათვის, ყველაზე მეტად კი ირანისთვის, ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენით დაიწყო: პირველი - ბაღდადში აშშ-ის მიერ ორგანიზებული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის ყასემ სულეიმანის - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მკვლელობა და მეორე - ირანში, თეირანთან ახლოს უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელმაც 176 ადამიანი იმსხვერპლა. ორივე დრამატულმა მოვლენამ, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ კავშირშია (რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით), უდიდესი გავლენა იქონია ირანულ საზოგადოებაზე, რომელიც კონსერვატიულ-თეოკრატიული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს მათ შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავება: თუ პირველმა ერთგვარი მაკონსოლიდირებელი როლი შეასრულა მოსახლეობაში და შექმნა იმის შთაბეჭდილება, რომ ისლამური საზოგადოების უდიდესი ნაწილი, საგარეო საფრთხის გაძლიერების კვალობაზე, ხელისუფლების გვერდით დგას, მეორემ ხელი შეუწყო ირანში ოპოზიციის ერთგვარ გამოცოცხლებას და რეჟიმისათვის საშიშ მადესტაბილიზებელი პროცესების განვითარებას. მოკლედ გავაანალიზოთ ორივე მოვლენის არსი და მნიშვნელობა.

ყასემ სულეიმანის სიკვდილი

ირანის ეროვნული გმირის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვკლელობა, რომელიც ბაღდადის აეროპორტში აშშ-მა დრონის მეშვეობით 3 იანვარს განახორციელა, ირანის მოსახლეობისათვის, შეიძლება ითქვას, თავზარდამცემი იყო. მართალია, გენერალი ირანელებისათვის მრისხანე სტრუქტურის - ისლამურ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთ სპეციალურ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა (ანუ ბევრისთვის შესაძლოა არცთუ სასიამოვნო პიროვნებას წარმოადგენდა), მაგრამ იმავდროულად ყველა ხედავდა, რომ ყასემ სულეიმანი ირანში უდიდესი გავლენით სარგებლობდა და უზენაესი ლიდერის - აიათოლა ალი ხამენეის "მარჯვენა ხელი" იყო. ირანელებში სიმპათიას აღვიძებდა გენერლის სოციალური წარმოშობაც - ღარიბი ფელაჰის (გლეხის) შვილმა, რომელმაც ცხოვრების ყველა სიმწარე იწვნია, შეუპოვარი შრომით ქვეყნის ხელისუფლების მაღალ მწვერვალებს მიაღწია. მართლაცდა, თუ გენერლის ავტორიტეტზე ირანის რელიგიური საზოგადოების სტანდარტების გავითვალისწინებთ ვიმსჯელებთ, ყასემ სულეიმანი ქვეყნის ისტორიაში ფრიად დამსახურებულ პიროვნებას წარმოადგენდა, ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან - ირან-ერაყის ომის დროიდან, როცა მისი მხედრული ნიჭი გამოვლინდა. იგი პოპულარული იყო და მას ანგარიშს უწევდნენ ირანის ფარგლებს გარეთაც - სირიაში, ერაყში, ლიბანში, ყატარში, ეგვიპტეში, გარკვეულწილად რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებშიც...

სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გენერლის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო და მიზანი განახორციელა კიდეც. ირანის სახელმწიფოს წინაშე გენერლის დიდ დამსახურებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ არცერთ სხვა სამხედრო პირის დაღუპვას არ გამოუწვევია სამდღიანი საყოველთაო გლოვა და არცერთი სხვა დაღუპული გენერლის დაკრძალვის ცერემონიაში არ მიუღია მონაწილეობა მილიონობით ირანელს (არადა, სირიაში ბოლო დროს რამდენიმე ცნობილი ირანელი გენერალი მოკლეს).

მოკლედ, როგორც ნათქვამია, ყველა ქვეყანას და ყველა ხალხს თავისი გმირი ჰყავს, საკუთარი ისტორიისა და იდეოლოგიური პოსტულატების გათვალისწინებით, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ერთი ქვეყნის სახალხო გმირი სხვა ქვეყნების თვალში მათი მტერია... ასე მოხდა ყასემ სოლეიმანის შემთხვევაშიც, რომელიც აშშ-სა და ცივილიზებული დასავლეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა - გენერალი ემსახურებოდა ირანის უკიდურესად კონსერვატიულ, ანტიდემოკრატიულ და თეოკრატიულ ხელისუფლებას ("ბნელ ძალებს"), იგი ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა და მას განაჩენიც გამოუტანეს...

უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფა

ირანის საზოგადოებაში სრულიად საპირისპირო და მადესტაბილიზებელი როლი შეასრულა 8 იანვარს თეირანის აეროპორტთან ახლოს უკრაინის სამგზავრო ავიალაინერის ჩამოგდებამ რუსული წარმოების რაკეტით, რომლითაც ირანის შეიარაღებული ძალებია (გუშაგთა კორპუსი) აღჭურვილი. აშკარაა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობისათვის ყველაფერი თავიდანვე იყო ცნობილი - უკრაინის "ბოინგი" ირანის სარაკეტო ქვედანაყოფმა ჩამოაგდო, მაგრამ ოფიციოზი ორი დღის განმავლობაში კატეგორიულად აცხადებდა - თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ძრავს ცეცხლი მოეკიდა და იმიტომ ჩამოვარდაო.

როგორც ცნობილია, სიცრუე ადრე თუ გვიან მაინც მჟღავნდება. ირანის შემთხვევაში მოვლენები სწრაფად განვითარდა და უკვე 9 იანვარს საღამოს დასავლელმა პოლიტიკოსებმა და მასმედიამ, ადგილობრივად და კოსმოსიდან თანამგზავრების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალების საფუძველზე, განაცხადეს, რომ ირანმა უკრაინის თვითმფრინავი თვითონ ჩამოაგდო. მამხილებელი არგუმენტები იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა სამხედროების მიერ ჩადენილი შეცდომა (ადამიანური ფაქტორი) ეღიარებინა, თუმცა მომხდარი ტრაგიკული ფაქტი აშშ-სთან დაძაბული დამოკიდებულებით ახსნა - "ჩვენი სარაკეტო ძალები, აშშ-ის თავდასხმის მოლოდინთან დაკავშირებით, გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაში იყვნენ და თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად იგულისხმესო", ანუ რეჟიმმა ჩადენილი დანაშაული კი აღიარა, მაგრამ ირიბად მაინც ამერიკას გადააბრალა.

სხვათა შორის, სპეციალისტთა აზრით, ასეთი თავის მართლებაც მტკნარი სიცრუეა, რადგან ყოველ რადარზე კარგად ჩანს მფრინავი ობიექტის მასშტაბები - იოლად შეიძლება გაარჩიო დიდი თვითმფრინავი პატარა ფრთოსანი რაკეტისაგან. მოკლედ, ირანის საზოგადოება, რომელმაც თავდაპირველად ხელისუფლების სიცრუე დაიჯერა, გენერალ ყასემ სულეიმანის სიკვდილის ფონზე, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ხელისუფლების ირგვლივ იყო კონსოლიდირებული და გულწრფელად იძახდა - "სიკვდილი ამერიკას!", ამგვარი აღიარებისაგან სახტად დარჩა.

ბუმერანგი ირანულად

ნათქვამია, ბედნიერებიდან უბედურებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიაო. ირანის ხელისუფლებასაც ასე დაემართა: საჯაროდ გამხელილმა სიცრუემ და ბოდიშის უსირცხვილოდ მოხდამ საზოგადოებაზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოიდგინეთ, როცა ხელისუფლება გენერლის მოკვლისათვის პომპეზურად აცხადებს შურისძიების აქტს, გაამაყებულია და უცებ... სირცხვილი და თავის მოჭრა მსოფლიოს მასშტაბით...

მასმედიით პროპაგანდირებული ტყუილების მხილება განსაკუთრებით ჟურნალისტებმა განიცადეს, რადგან, ნებით თუ უნებლიედ, სწორედ ისინი გამოდიოდნენ ხელისუფლების სიცრუის გამავრცელებლები. დასავლური წყაროების ცნობით, თანამდებობიდან გადადგნენ ან სამსახური ნებაყოფლობით დატოვეს სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიების რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ირანის მოსახლეობას ბოდიში მოუხადეს და პატიება სთხოვეს სიცრუის ტირაჟირებისათვის.

სინამდვილის დამალვამ და სპეკულაციამ სტუდენტი ახალგაზრდობაც სამართლიანად აღაშფოთა. ზოგადად, სტუდენტები ყველა ქვეყანაში საზოგადოების აქტიურ ნაწილს წარმოადგენენ და არც ირანია გამონაკლისი. ირანელი ახალგაზრდები შარშან ზაფხულსა და შემოდგომაზე მომხდარ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდნენ და ბუნებრივია, ახლაც თეირანის უნივერსიტეტთან ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართა.

საინტერესოა, რომ ამჟამინდელ აქციების გარკვეული თავისებურებით გამოირჩევა: პირველად მოხდა ისლამური რეჟიმის ისტორიაში, რომ საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი გუშაგთა კორპუსი აღმოჩნდა, საკუთარი აღიარებით, ანუ ის სტრუქტურა, რომელიც ადამიანებს განსხვავებული აზრების გამო დევნიდა და ოპოზიციურ გამოსვლებს სისხლში ახრჩობდა. ეს გარემოება აქციის მონაწილეებისათვის ერთგვარი ინდულგენცია იყო - ისინი გუშაგებს სამართლიანად აკრიტიკებდნენ და გარკვეულწილად შიშის გრძნობაც გაუქრათ. მეორე მომენტი - აქციებზე პირველად გაისმა მოწოდება "წმინდათაწმინდა" ფიგურის - ირანის უზენაესი ლიდერის, რაქბარ აიათოლა ჰამენეის წინააღმდეგ: "ძირს აიათოლა!", - ეს ლოზუნგი ადრე გაუგონარი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ გენერლის სიკვდილით გამოვლენილი კონსოლიდაციის შედეგად "გაბედნიერებულ" ხელისუფლებას ტყუილები უკან ბუმერანგივით დაუბრუნდა...

მოხდება თუ არა ირანული "მაიდანი"?

ანალიტიკოსების დამოკიდებულება ირანის მოვლენების მიმართ სხვადასხვანაირია. ერთნი აღნიშნავენ, რომ ირანული საზოგადოება უკრაინის თვითმფრინავის დაღუპვასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გამოაფხიზლა, მათ დაინახეს ხელისუფლების "სუსტი წერტილი" და ხელსაყრელ სიტუაციით ისარგებლებენ - უახლოეს ხანში მიტინგების არეალი გაფართოვდება და უკმაყოფილოთა გამოსვლები მთელ ქვეყანას მოედება. მეორენი უფრო სკეპტიკურად უყურებენ ვითარებას: დიახ, ხელისუფლება თითქოსდა წაგებულია სიცრუის გამო, მაგრამ ბალანსი მის მხარეზეა - მასმედია მკაცრად კონტროლდება, ინფორმაცია კვლავ დოზირებულია, ინტერნეტის ჩათვლით (ამას წინათ გლობალური ქსელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გათიშა კიდევ მთელი ქვეყნის მასშტაბით).

ანტისამთავრობო გამოსვლებით შეშფოთებული არიან ირანის სპეცსამსახურები - იგივე გუშაგთა კორპუსის კონტრდაზვერვის ქვედანაყოფები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსტრუქტურის "ბასიჯის" თანამშრომლები, რომლებმაც უკვე დაიწყეს აქტივისტთა დაპატიმრებები. გუშაგებმა სწრაფად მიაგნიეს და დაიჭირეს ის ირანელებიც, რომლებმაც როგორღაც მოახერხეს თვითმფრინავის ჩამოგდების კადრების გავრცელება ინტერნეტში. დროებით შეწყვიტა (თუ დაიხურა) გადაცემები "სიმართლის ზედმეტად მქადაგებელმა" რამდენიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ, მათ შორის რადიო "ირანის ხმის" რუსულ და ევროპულენოვანმა სამსახურებმა. ხელისუფლებამ ორგანიზაცია გაუკეთა თავისი მომხრე ახალგაზრდების მრავალათასიან მიტინგებსაც, ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტების წინააღმდეგ.

სკეპტიკოსების აზრით, ირანის ხელისუფლების ოპოზიცია დაქსაქსულია, მას არ ჰყავს საერთო ქარიზმატული ლიდერი, ამიტომ საეჭვოა, რომ ოპოზიციონერებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ შექმნილი ხელსაყრელი ვითარება.

ფიქრი შაჰისეულ "თეთრ რევოლუციაზე"?

ირანის ისლამური რევოლუციიდან უკვე 40 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში თაობები შეიცვალა. საშუალო და უფრო თაობას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს შაჰ რეზა ფეჰლევის მმართველობის ეპოქა, როცა ირანი გარკვეულწილად იზიარებდა დასავლურ დემოკრატიასა და ღირებულებებს - რასაკვირველია, აღმოსავლური გაგებით, შეზღუდული ვარიანტით. ფაქტია, რომ შაჰის მიერ 1960-70-იან წლებში განხორციელებულმა "თეთრმა რევოლუციამ" ირანის საზოგადოებას მეტი თავისუფლება და ეკონომიკური აღმავლობა მოუტანა. პოზიტივის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ "თეთრი რევოლუციის" დროს გატარებული რეფორმების რამდენიმე მომენტს მაინც დავასახელებთ: შაჰინშაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი მესამე ცოლთან, ფარაჰ დიბასთან ერთად

1960-75 წლებში ირანის მთლიანმა შიდა პროდუქტი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, ყოველწლიური ზრდა 10%-ს აჭარბებდა. ნავთობის მოპოვების სწრაფი გაფართოებით ირანმა გააფართოვა თავისი სავალუტო რეზერვები, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი 1962-1977 წლებში 15-ჯერ გაიზარდა და იმ დროისათვის 20 მილიარდ დოლარს მიაღწია. აგრარული რეფორმის შედეგად გლეხების (ფელაჰების) 60%-ს მიწები უფასოდ გადეცათ. შაჰმა უარი თქვა საკუთარ მამულებზე და სამეფო-დინასტიური მიწები უმიწაწყლო გლეხების დასახმარებელ ფონდს გადასცა.

უჩვეულო გარდაქმნები მიმდინარეობდა საზოგადოების ცხოვრებაშიც, განათლების სფეროში: მილიონობით ახალგაზრდა სასწავლებლად ევროპასა და აშშ-ში იგზავნებოდა, სტუდენტებს სახელმწიფოსაგან სტიპენდია ეძლეოდათ. საშუალო განათლების მიღება სავალდებულო გახდა, შეიქმნა სახელმწიფო სკოლები. შეუდარებლად შეიცვალა თეირანისა და სხვა დიდი ქალაქების იერსახე, რომლებიც ევროპულად გამოიყურებოდნენ - შენდებოდა სასტუმროები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი მასივები, სუპერმარკეტები, ვითარდებოდა რეკლამა, ტელევიზია, რადიო და პრესა ყველა სიახლეს ავრცელებდა. შეიცვალა ქალის როლი ირანულ საზოგადოებაში - მათ მოიცილეს ასწლოვანი ჩადრი და ჰიჯაბი, გადავიდნენ დასავლურ ყოფა-ცხოვრებაზე... შემცირდა ისლამური რელიგიის გავლენა საზოგადოებაზე. ირანი გასული საუკუნის 70-იან წლებში

მაგრამ... როგორც ცნობილია, ყოველი პროგრესული რეფორმა "წყალქვეშა ქვებს" აწყდება. აგრარულმა გარდაქმნებმა მსხვილი მიწათმფლობელების - მუსლიმანურ-შიიტური სამღვდელოების ინტერესები შელახა, რომელმაც, აიათოლა ხომეინის ხელმძღვანელობით, შაჰის რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადეს. ისისნი აღშფოთებულნი იყვნენ ქალების ზედმეტად გათავისუფლებით, მათი როლის გაზრდით საზოგადოებაში. სამღვდელოებამ ისარგებლა აგრეთვე რეფორმების გატარების დროს დაშვებული შეცდომებით, უმუშევრობის მატებით, რომელიც 1976 წლის ბოლოს განსაკუთრებით გამოიკვეთა. მოლები მოსახლეობას საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებდნენ. შაჰი იძულებული იყო უკმაყოფილოების წინააღმდეგ "ქანჩების მოჭერის" პოლიტიკა დაეწყო: ამ მიზნით მან "სავაკის" - უშიშროების სამინისტროს ქვედანაყოფები გამოიყენა... მაგრამ ხელისუფლება უფრო მეტად მემარცხენე ძალებს და ლიბერალურ ოპოზიციას ებრძოდა, ვიდრე სამღვდელოებას: ისლამი ირანელთა ტრადიციული რელიგია იყო, ამიტომ შაჰი ვერ ბედავდა სამღვდელოების წინააღმდეგ აქტიურ გალაშქრებას, თუმცა ფეჰლევმა მთვარი "ბუნტისთავი" აიათოლა ჰომეინი მაინც იძულებული გახადა საფრანგეთში ემიგრაციაში წასულიყო. ირანი გასული საუკუნის 70-იან წლებში

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შაჰმა ის ტოტი მოჭრა, რომლითაც თავის გადარჩენას შეძლებდა: მას შეეძლო მოლაპარაკებოდა მემარცხენეებისა და ლიბერალებს, მაგრამ სამწუხაროდ, მათი განადგურებით წარმოქმნილი პოლიტიკური ვაკუუმი სამღვდელოებამ შეავსო.... შედეგმაც არ დააყოვნა.

როგორი იქნებოდა დღეს ირანი, ისლამური რევოლუცია რომ არ მომხდარიყო და შაჰის ხელისუფლება შენარჩუნებულიყო? საინტერესო კითხვაა. ძნელია ირანის ეკონომიკის მდგომარეობის განჭვრეტა, მაგრამ ნამდვილად აშკარაა, რომ ქვეყანა, დღევანდელთან შედარებით, უფრო განვითარებული იქნებოდა, საერო მართვა-გამგებლობა დარჩებოდა და ისლამური ფუნდამენტალიზმი შეზღუდული იქნებოდა. საგარეო პოლიტიკაში ირანი დასავლურ, უფრო ზუსტად, პროამერიკულ კურსს გაატარებდა, არ იქნებოდა სირიისა და რუსეთის მოკავშირე... ირანი, ისტორიულად და ტრადიციულად მუსლიმანური ქვეყანა, მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდებოდა, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ღრმა მოდერნიზება განხორციელდებოდა.

დასავლელი ექსპერტების აზრით, ისლამურმა რევოლუციამ უკან გადაისროლა არა მარტო თვით ირანი, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი და, როგორც ჩანს, მთელი კაცობრიობაც. ირანული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ რეალობას აცნობიერებს და ადრე თუ გვიან, ალბათ, მათი ოცნება რეალობად იქცევა.

სიმონ კილაძე (სპეციალურად საიტისთვის)