პუტინის ახალი კომბინაცია - კვირის პალიტრა

პუტინის ახალი კომბინაცია

"რუსეთის პრეზიდენტმა პანდორას ყუთი გახსნა"

"შოკის მომგვრელი ამბავი რუსეთის უახლოეს ისტორიაში", - ასე შეაფასეს პოლიტოლოგებმა რუსეთის მთავრობის გადადგომა. პუტინმა პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის ჩათვლით გადააყენა მთავრობა, იმავდროულად, დაასახელა ახალი პრემიერის კანდიდატურა და ფედერალურ საკრებულოს საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმაც წარუდგინა. პუტინის კანდიდატი სახელმწიფო სათათბიროს მთავრობის მეთაურის პოსტზე ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინია. დასავლელი პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და პრესის მუშაკების აზრით, ვლადიმირ პუტინის მოსალოდნელი საკონსტიტუციო და უკვე რეალიზებული სამთავრობო ცვლილებები მისი ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურება. "ვლადიმირ პუტინმა ბევრი ილაპარაკა, მაგრამ თავის გეგმებს ნათელი მაინც არ მოჰფინა. პირიქით, მან სავარაუდო შესაძლებლობებით სავსე პანდორას ყუთი გახსნა... ფაქტია, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ რჩება იმ მთავარ ღერძად, რომელზეც მთელი ქვეყანა ტრიალებს", - წერს ამერიკელი ჟურნალისტი ენდრიუ ჰიგინსი.

ზოგიერთი ევროპელი პოლიტოლოგის ვერსიით, გარდა იმისა, რომ მთავრობის ეკონომიკურმა ზომებმა რუსეთის ხელისუფლების პოპულარობა მოსახლეობაში შეარყია, პუტინს პირადი პრობლემაც აქვს, რაც 2024 წლისთვის მისი მმართველობის ვადის დასრულებაში გამოიხატება. ის ახლა ცდილობს ისეთი ვერტიკალი ააგოს, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ბედს - 2024 წლის პრობლემას გადაწყვეტს. რუსეთის ხელისუფლებაში ცვლილებებზე, რუსული საგარეო პოლიტიკური ვექტორის შესაძლო ცვლილებასა და საქართველოს ახალ როლზე "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა გვესაუბრება:

- რუსეთის მთავრობის ცვლილება ორმა მიზეზმა განაპირობა - ერთი არის ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობა, მეორე - პუტინის სურვილი, 2024 წლის შემდეგაც შეინარჩუნოს ძალაუფლება.

საზოგადოებრივი განწყობების მხრივ 2015-2016 წლებში ხელისუფლებას რეკორდული მხარდაჭერა ჰქონდა, პუტინის ხელისუფლების რეიტინგი 88%-ს შეადგენდა. 2019 წელს ის 68%-ზე ჩამოვიდა. ბოლო დროს რუსი ხალხის 66% მთავრობის შეცვლის მოლოდინში იყო, 45% მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ელოდა, ეკონომიკურ კრიზისს - 49%. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩათვალა პუტინმა ცვლილებები აუცილებლობად.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ანუ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, პუტინს უკვე სამი ვარიანტი აქვს შემუშავებული: პირველია ძველი მეთოდი, როგორიც იყო მედვედევ-პუტინის როქირება, მეორე - სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციის შენარჩუნება (ეს ძლიერი ორგანოა, რომელშიც შედიან რეგიონის პირველი პირები: გუბერნატორები, ზედა პალატის წარმომადგენლები, ქვედა პალატის ფრაქციის ხელმძღვანელები და დიდი ქალაქების მერები). ამ ორგანოს საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე აქტუალურია, პუტინი 2024 წლისთვის ქვეყნის მმართველი პარტიის "ედინაია როსიას" თავმჯდომარე გახდება. სწორედ ამისთვის დასჭირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილი სახელმწიფო დუმას გადაეცემა.

პარლამენტს მიენიჭება უფლება, დაამტკიცოს მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, ასევე ფედერალური მინისტრების კანდიდატურები. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დაამტკიცოს შეთავაზებული კანდიდატურები და მას არ ექნება მათი უკუგდების უფლება. პუტინმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებებში დარჩება პრემიერ-მინისტრისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მოხსნა ნდობის დაკარგვის შემთხვევაში. პრეზიდენტი ასევე დარჩება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. Aაი, ეს სამი ვარიანტია პუტინის არსენალში და ამ სამიდან იმას გამოიყენებს, რომელიც დასჭირდება.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ხალხის პროტესტს არ გამოიწვევს? - ჩემი აზრით, ოპოზიციის გამოსვლები იქნება, თუმცა შესაძლოა ამან მასობრივი ხასიათი არ მიიღოს, რადგან პუტინმა რამდენიმე სერიოზული პოპულისტური განაცხადი გააკეთა. მაგალითად, ხელფასები მოუმატა სკოლის დამრიგებლებს, პენსიები გაზარდა და განაცხადა, რომ ინდექსაცია მოხდება რეგულარულად, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს გაუთანაბრა.

მMეტი ფულის გადანაწილება დაიწყო სოციალურ პროგრამებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედის კაპიტალი გაზარდა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი საპროტესტო განწყობის შესუსტებას ცდილობს. შარშან რუსეთის ხელისუფლებას ძალიან მძიმე წელი ჰქონდა, რადგან საპენსიო ასაკი გაზარდა და ამან ხალხი გაანაწყენა. პუტინის საქმეს ართულებს ისიც, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა ციმბირის ტაიგაში ხანძრების და ირკუტსკში წყალდიდობების დროს ხელისუფლების არაეფექტიანობით. პრობლემაა ეკონომიკაც. უკრაინის კრიზისის შემდეგ, 2014 წლიდან, რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაში შევიდა. რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს სანქციები დაუწესეს და ერთმანეთის სახით უდიდესი სავაჭრო პარტნიორები დაკარგეს. დღეს რუსეთის ეკონომიკა კუს ნაბიჯებით ვითარდება, რაც ცხოვრების დონეს მნიშვნელოვნად აუარესებს. 2013 წელს რუსეთის ეკონომიკა 2, 3 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტი იყო, 2019 წელს კი 1,6 ტრილიონის ეკვივალენტი გახდა, ესე იგი, თითქმის განახევრდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსიაში და დონბასის კონფლიქტის გამწვავებაში ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. ეს ისევ გრძელდება, რადგან დასავლეთი სანქციებს არ უხსნის. მართალია, კრემლი ამბობს, რომ დასავლეთის სანქციებმა მრეწველობის განვითარებას შეუწყო ხელი და ეს ნაწილობრივ მართალიც არის, თუმცა რეალურად სანქციები რუსეთისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა ორი თვალსაზრისით: დასავლურ სამრეწველო ტექნოლოგიებზე ხელი აღარ მიუწვდება და სამრეწველო ვექტორი ვეღარ ვითარდება; მეორე ფაქტორია საკრედიტო რესურსებზე ხელმიუწვდომლობა, რამაც უცხოური ინვესტიციები ძალიან შეამცირა.

- პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურაზე რას იტყვით, ვინ არის მიხაილ მიშუსტინი?

- მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს პუტინმა მედვედევი მოიშორა და მისი როლი დააკნინა. ჩემი აზრით, ის "გადაინახა", უშიშროების საბჭოში თავის მოადგილედ მიუჩინა ადგილი. ეს ნიშნავს, რომ 2024 წლისთვის მედვედევს მეტ-ნაკლებად ჩამორეცხილი ექნება პრემიერობის დროინდელი მარცხები, მაგალითად, ნაციონალური პროექტების უეფექტოდ განხორციელება, თუნდაც საპენსიო რეფორმის. რაც შეეხება მიშუსტინს, ის რუსეთის მთავარი ბუღალტერია. მისი დამსახურებაა, რომ კარგად იცის, ვინ რითი სუნთქავს ქვეყანაში, სად არის დიდი ფულის ნაკადები და როგორია მათი მიმართულება. შესაბამისად, მიშუსტინი ტექნიკური პრემიერი იქნება და კონკურენციას ვერ გაუწევს პოლიტიკურ ფიგურებს, მით უფრო, პუტინს.

- სამთავრობო და საკონსტიტუციო ცვლილებებმა რამდენად შეიძლება განაპირობოს საგარეო ვექტორის შეცვლა? - ვფიქრობ, საგარეო ვექტორში ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, ცვლილებები უკვე მოხდა - რუსეთმა თურქებთან ერთად სირიაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია; რუსები და თურქები გახდნენ ლიბიაში კონფლიქტის მომგვარებლები გენერალ ხაფთარსა და კანონიერ ხელისუფლებას შორის. აღსანიშნავია შტაინმაიერის შეთანხმებაც, რაც უკრაინას უკავშირდება და იმედს გვისახავს, რომ ომის ესკალაცია არ არის მოსალოდნელი. დიახ, რუსეთს საგარეო ვექტორში წარმატებები აქვს, თუმცა საეჭვოა, საქართველოსთვის რაიმე კონკრეტული გეგმა ჰქონდეს. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ის სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებს.

- ცოტა ხნის წინ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ საქართველო-აფხაზეთს შორის დიალოგის დაწყებაზე არაერთი განცხადება გააკეთა. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს აფხაზების დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, თუ მათი პირით რუსეთი რაიმეს მიგვანიშნებს? - ჩემი ვარაუდით, მოსკოვში მიხვდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინას დასავლური ძალების ერთი ნაწილი რუსეთის დასასუსტებლად იყენებს. შესაბამისად, აფხაზებს საქართველოსთან დიალოგისკენ მოუწოდეს. როგორც ჩანს, არც აფხაზები არიან უარზე.

- რუსეთის "ნებართვა" საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის სურვილით არის განპირობებული თუ იმით, რომ კრემლს აფხაზეთისა და ცხინვალის დოტაციაზე ყოფნა ამ ეკონომიკურ კრიზისში მძიმე ტვირთად აწვება? - აფხაზებს წელიწადში 65 მილიონ დოლარს აძლევენ, რაც რუსეთისთვის მძიმე ტვირთი არ არის. მოსკოვს გაცილებით ძვირი დონბასი დაუჯდა. იქ სამიდან ხუთ მილიონამდე კაცის, მათ შორის უმრავლესობა პენსიონერია, შენახვა უწევს. ვფიქრობ, რუსეთმა გადაწყვიტა აღარ გაამწვავოს ურთიერთობა საქართველოსთან და ეს, ჩემი აზრით, ძალიან სასიამოვნოა. ნNამდვილად არ გვჭირდება კიდევ ერთი ომი ბირთვულ სახელმწიფოსთან.

- ასლან ბჟანიას განცხადებით, მთავარია, სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი დაიწყოს და არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმატში ჩატარდება და რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. რას ნიშნავს ეს? აფხაზეთი იცვლის პოზიციას და საუბარი აღარ იქნება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დიალოგზე? - რა თქმა უნდა. ვფიქრობ, დიალოგი ჰუმანიტარული საკითხებით უნდა დაიწყოს, თუნდაც დახურულ კარს მიღმა. შემდეგ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, დასავლეთისა და რუსეთის ჩართვაც აუცილებელი გახდება. მე არ ვიცი, რამდენად მომზადებული დახვდება ამ ამბავს ქართული მხარე, ჩვენი ეკონომიკა. რეგიონის რეაბილიტაცია დიდ ხარჯს მოითხოვს. კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ საუბარი უნდა დავიწყოთ არა აფხაზეთის და ცხინვალის, არამედ აფხაზებისა და ოსების დაბრუნებაზე.

- ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ბჟანიას ინიციატივამ შეაშფოთა. რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს, რომ შემდეგი ცხინვალი იქნება? - თუ აფხაზეთთან პრობლემა მოგვარდება, ცხინვალიც უპირობოდ მიჰყვება. მთავარია, ჩვენ მოვახერხოთ აფხაზებისა და ოსებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

ვინ არის რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

"მიხაილ მიშუსტინს ტექნოკრატად თვლიან, პოლიტიკური ამბიციების გარეშე, რაც იმას მოწმობს, რომ ვლადიმირ პუტინს თავისუფლად შეუძლია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით თავისი მომავალი უზრუნველყოს - დარჩეს რუსეთის უზენაეს მმართველად 2024 წლის შემდეგაც", - წერს The Washington Post-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ფრაი სტატიაში: "რუსეთის პრემიერი გადადგა, ვლადიმირ პუტინს კი შორს მიმავალი გეგმები აქვს - მას ხელისუფლებაში დარჩენა სურს".

მიხაილ მიშუსტინი დაიბადა 1966 წლის 3 მარტს, ქ. მოსკოვში. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩარხმშენებელი ინსტიტუტი. სწავლა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში 1992 წელს დაასრულა. 2003 წელს დისერტაცია დაიცვა რუსეთის გიორგი პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ აკადემიაში, მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება, მოგვიანებით კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორიც გახდა.

1992 წლიდან მუშაობდა კომპიუტერულ კლუბში, იყო სატესტო ლაბორატორიის უფროსი, საერთაშორისო კომპიუტერული კლუბის მართვის საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წელს დაინიშნა რუსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწედ, ხოლო 1998 წლის აგვისტოდან - მის მოადგილედ. 1999 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე მუშაობდა რუსეთის საგადასახადო მოსაკრებლების მინისტრის მოადგილედ, შემდეგ რუსეთში უძრავი ქონების ობიექტების ფედერალური კადასტრის სააგენტოს ხელმძღვანელად (ეს სტრუქტურა გაუქმდა 2009 წელს). მიხაილ მიშუსტინი 2010 წლის 6 აპრილიდან რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელია. იმავდროულად, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა - არის ჰოკეისტთა ცენტრალური სპორტული კლუბის (ЦСКА) დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სახელმწიფო სამსახურისა და სახალხო მეურნეობის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მიხაილ მიშუსტინის ჰობი სპორტი (ჰოკეი) და მუსიკაა, მშვენივრად უკრავს როიალზე.

ხათუნა ბახტურიძე