22 დაღუპული და 1000-ზე მეტი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - კვირის პალიტრა

22 დაღუპული და 1000-ზე მეტი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში

აღმოსავლეთ თურქეთში, 24 იანვარს, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.

ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოქას განცხადებით, "ელაზიგში, დაახლოებით 30 მოქალაქე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი".

უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია. მათივე ცნობით, ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში ქვეყნის შვიდ რეგიონში დაშავებულთა რიცხვი უკვე 1015-ს აღწევს. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. როგორც ერდოღანი წერს, შესაბამისი უწყებები იღებენ ყველა ზომას, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ერდოღანმა "ტვიტერზე" ორი ტვიტი გამოაქვეყნა.

"ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ გადალახონ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, რომელიც ბევრ პროვინციაში იგრძნობოდა, ყველაზე ნაკლები ზარალი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოება უზრუნველყონ.ჩვენ ჩვენი გარემოსა და ურბანიზაციის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები გავგზავნეთ რეგიონში",-დაწერა ერდოღანმა.

როგორც პრეზიდენტი წერს, ის და ყველა ინსტიტუტი ერის გვერდით დგას.

"როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, მინდა იცოდეთ, რომ მჭიდროდ ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენი ერის გვერდით ვართ ჩვენ ყველა ინსტიტუტთან და ორგანიზაციასთან ერთად. უფალს ვავედრებ ჩვენს ძმებს, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს მიწისძვრის შედეგად და დაუყოვნებლივ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს",-წერს ერდოღანი.

იხილეთ ასევე: საგარეო უწყება: "ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო