"ბევ­რი დრო მაქვს იმის­თვის, რომ ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­რჩე. ერთ-ერთი მი­ზა­ნი ისაა, რომ ავად არ გავ­ხდე" - რას წერს ქალაქ უხანის მცხოვრები, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს - კვირის პალიტრა

"ბევ­რი დრო მაქვს იმის­თვის, რომ ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­რჩე. ერთ-ერთი მი­ზა­ნი ისაა, რომ ავად არ გავ­ხდე" - რას წერს ქალაქ უხანის მცხოვრები, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს

23 იანვრიდან ჩინეთის ქალაქ უხანში კარანტინი გამოცხადდა, რათა ქალაქში წარმოქმნილი კორონავირუსი სხვა რეგიონებში არ გავრცელებულიყო. უხანი ახლა ჩაკეტილია, დაკეტილია მაღაზიები და სხვადასხვა ოფისები, ადგილობრივი ხელისუფლება კი ადამიანებს ურჩევს, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

მოსახლეობა რეკომენდაციებს ითვალისწინებს და შესაბამისად, ქუჩები ცარიელია. როგორც ადგილობრივები წერენ, ირგვლივ სიჩუმე და შიშია გამეფებული.

29 წლის ჯო ჯინგი უხანში ცხოვრობს. ის უფლებადამცველი და სოციალური მუშაკია. კარანტინის გამოცხადების დღიდან ახალგაზრდა ქალმა დღიურის წერა დაიწყო, რომელშიც შექმნილ ვითარებას ყოველდღიურად აღწერს. ჩანაწერები BBC-მ გამოაქვეყნა:

23 იანვარი, ხუთშაბათი - იზოლაციის დღე

როდესაც კარანტინის შესახებ გავიგე, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ან როგორ უნდა მოვემზადო, საერთოდ რა უნდა გავაკეთო.

სოციალური ქსელებიდან კომენტარებით საშინელ ინფორმაციებს ვიღებ იმის შესახებ, რომ ბევრი პაციენტი კლინიკაში ვერ გადაჰყავთ, რადგანაც ადგილები აღარაა, რომ პაციენტებს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აქვთ, შესაბამისად არ მკურნალობენ.

ადამიანთა უმეტესობა პირბადეს ატარებს. მეგობრებმა მითხრეს, რომ საჭმლის მარაგი შევინახო. ერთმა კაცმა მაღაზიაში ძალიან ბევრი მარილი იყიდა და ვიღაცამ ჰკითხა, რატომ ყიდულობდა ამდენს. მან უპასუხა: "რა მოხდება ქალაქი თუ ერთი წლით ჩაიკეტება?"

წამლები მინდა და უკვე შეზღუდული რაოდენობით იყიდება. გაყიდულია ნიღბები და დეზინფექციის საშუალებები. ქუჩებში მანქანები და ფეხით მოსიარულეები შემცირდნენ. თითქოს ეს ქალაქი მოულოდნელად გაჩერდა.

როდის დაიწყება აქ ისევ ცხოვრება?!

24 იანვარი, პარასკევი

ქალაქი ჩუმადაა და სიჩუმე შემზარავია. მე მარტო ვცხოვრობ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვიცი, სადღაც აქ, გარშემო ადამიანები არიან.

ძალიან ბევრი დრო მაქვს იმისთვის, რომ ვიფიქრო, როგორ გადავრჩე. არანაირი რესურსი და კავშირები არ მაქვს.

ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ავად არ გავხდე. ამიტომაც, ვვარჯიშობ. გადარჩენისთვის საჭმელიც აუცილებელია.

ხელისუფლება არ გვეუბნება თუ რამდენ ხანს იქნება კარანტინი, რამდენ ხანს ვიქნებით ჩაკეტილები, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ადამიანები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მაისამდე გაგრძელდეს.

დღეს ჩემს სახლთან აფთიაქი და მაღაზია დაიკეტა, მაგრამ ქუჩებში კურიერები ისევ დადიან და საჭმლის მიტანის სერვისი ისევ არის. სუპერმარკეტებში მაკარონი სულ გაიყიდა, ზოგან ცოტა ბრინჯი კიდევ არის დარჩენილი. დღეს ვიყავი სუპერმარკეტში, ნიახური, ხახვი და კვერცხი ვიყიდე.

სახლში რომ მივედი, ტანსაცმელი, რომელიც მეცვა, გავრეცხე და დავიბანე. პირადი ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია. ხელებს დღეში 20-ჯერ, ან 30-ჯერ ვიბან.

როცა გარეთ გავდივარ, თითქოს კვლავ მაქვს კავშირი ამ სამყაროსთან. მაშფოთებს იმის წარმოდგენა, როგორ ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები და შშმ პირები ახლა.

სადილის შემდეგ ვიდეოზარით მეგობრებს ვესაუბრე. ვერ გაექცევი ვირუსზე ლაპარაკს. ერთმა მეგობარმა საუბრის დროს დააცემინა და მეორე გაეხუმრა - სასწრაფოდ გაეთიშა ტელეფონი. სამი საათის განმავლობაში ვლაპარაკობდით და ვიფიქრე, რომ ბედნიერი ფიქრებით დავიძინებდი, მაგრამ როგორც კი თვალები დავხუჭე, გასული რამდენიმე დღის მოგონებები ამომიტივტივდა. ავტირდი, უმწეობას, სიბრაზეს, სევდას ვგრძნობდი და სიკვდილზე ვფიქრობდი.

არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდეს... გაგრძელება