ვინ იყო ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა და ამავე ვირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვინ იყო ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა და ამავე ვირუსით გარდაიცვალა

ჩინური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინა და საზოგადოებას აცნობა, 6 თებერვალს ღამით გარდაიცვალა. ექიმის გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დაინფიცირებულ ექიმ ლის საზოგადოების უდიდესი ნაწილი უჭერდა მხარს და დახმარებას აღუთქვამდა. საზოგადოებისთვის ის გარკვეულ წილად გმირადაც კი იქცა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩინეთის ხელისუფლება შეაშფოთა საზოგადოების მსგავსმა მხარდაჭერამ და მედიაში ექიმი ლის გარდაცვალების ამბავი მალევე წაშალეს.

სოციალურ ქსელში ექიმი ლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ხელისუფლებისა და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღა წამოვიდა, იდეით: "ჩვენ მოვითხოვთ სიტყვის თავისუფლებას", "თუ არ მოგწონს ის რასაც ირგვლივ ხედავ, ადექი და შემოგვიერთდი".

როგორც "ბი-ბი-სი"-ს წყარომ აღმოაჩინა, ხელისუფლება ეცადა საზოგადოება "დაემშვიდებინა" და გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ექიმი ლი ჯერ კიდევ რეანიმაციაში იწვა და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ.

გაზეთმა Global Times-მა თავდაპირველად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც წერდა, რომ ექიმი "გარდაიცვალა", შეცვალა ინფორმაციით, რომ "ლი ვენლიანს გული გაუჩერდა, ექიმებმა ის აპარატზე შეაერთეს და კრიტიკულ ვითარებაში იყო". რეალურად, ექიმი ლი ვენლიანი 6 თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა.

34 წლის ოფთალმოლოგი ჩინეთში, უხანში 2004 წელს სასწავლებლად ჩავიდა, ის ამ დრომდე ოფთალმოლოგიის ცენტრალურ კლინიკაში მუშაობდა.

ახალგაზრდა ექიმმა, რომელსაც ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ახალი და უცნობი ვირუსის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მოიძია, რაც მასთან სამკურნალოდ ერთ-ერთი პაციენტი მივიდა. 2019 წლის 30 დეკემბერს მან პაციენტი მიიღო, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე იყო დაინფიცირებული კორონავირუსით. ახალი ვირუსის შესახებ ექიმმა სოციალურ ქსელში კოლეგებს აცნობა. თუმცა, ახალგაზრდა ექიმი სამართალდამცავებმა დაიბარეს და საზოგადოებისთვის ამ საკითხზე ინფორმაციის მიწოდება აუკრძალეს. ის ინტერნეტით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს და გაფრთხილება მისცეს.

ექიმი სოციალურ ქსელში კოლეგებს აფრთხილებლდა, რომ უხანი მალე ეპიდემიის ცენტრად იქცეოდა. დაინფიცირებული პაციენტის მიღებიდან რამდენიმე დღეში, კორონავირუსის ნიშნები თავად ექიმსაც აღმოაჩნდა. რამდენიმე დღეში ის საავადმყოფოში სხვა ინფიცირებულებთან ერთად მოათავსეს. ინფექციის დასადგენი აპარატის ხარვეზის გამო, ექიმს პასუხი დაუგვიანეს და ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ 1-ლ თებერვალს აცნობეს. (წყარო)

პოლიციელების გაფრთხილების მიუხედავად, სოციალურ ქსელში ის ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს და მისი გვერდის გამომწერებს საავადმყოფოდანაც მიმართავდა.

დღეისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია. ვირუსით დაინფიცირების 3,399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 34,546-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე, ვირუსით დაავადებული 2,050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

იხილეთ ასევე: "დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება" - მცურავ ციხედ ქცეული გემი, სადაც 4700 ადამიანი კვლავაც კარანტინში რჩება