"ბატკას" "ჭეშმარიტების მომენტი" - ბელარუსი დასავლეთსა და პუტინს შორის - კვირის პალიტრა

"ბატკას" "ჭეშმარიტების მომენტი" - ბელარუსი დასავლეთსა და პუტინს შორის

"დგება ჭეშმარიტების მომენტი, [რუსეთთან მიმართებით] ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა" - განაცხადა "ბატკამ" - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სოჭში დაგეგმილი შეხვედრის წინ. თუმცა დამკვირვებლებმა ბელარუსის ლიდერის გამონათქვამები ჩვეულებრივ, უკვე ტრადიციად ქცეულ საყვედურებად მიიჩნიეს და არა როგორც მწვავე გამოხდომად რუსეთის წინააღმდეგ.

მართლაცდა, 7 თებერვალს, სოჭში შეხვედრის დროს "ბატკა" დამშვიდებული ჩანდა, ხუმრობდა და ცოტა დაიჩივლა კიდეც - აქ რამდენი თოვლი გქონიათ, ჩემს რეზიდენციაში ერთი ფიფქიც კი არ გადმოვარდნილაო. ვლადიმირ პუტინმაც ხუმრობით მიუგო - "კი, ბევრი გვაქვს, წაიღეთ უფასოდ გაგატანთო".

საბოლოო ჯამში პრეზიდენტებმა ხუთსაათიანი შეხვედრის დროს ბუნებრივი გაზის ფასზე მოილაპარაკეს, მაგრამ ნავთობზე უთანხმოება დარჩა - მინსკმა ფასდაკლება ვერ მიიღო. საკითხს ვერც ჰოკეის ერთად თამაშმა ვერ უშველა... ბელარუსისათვის რუსული ნავთობის ფასი სამომავლოდ გაურკვეველი რჩება "ჩვენ ვერ შევძლებთ სანავთობო დარგის მკვეთრ შეცვლას, სახელმწიფო ვერ ჩაერევა ნავთობის საბაზრო ფასის რეგულირებაში. გნებავთ, თვითონ შეუთანხმდით მომპოვებელ ნავთობკომპანიებს, ამაში ნამდვილად დაგეხმარებით", - ასეთი იყო მოსკოვის პასუხი, რომელსაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ცინიზმის ელფერი დაჰკრავდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

ენერგორესურსები და პოლიტიკა

რუსეთმა ბელარუსისათვის ნავთობის მიწოდება 2020 წლის დასაწყისში შეწყვიტა - ვადა გაუვიდა ძველ ხელშეკრულებას, ახალი კი არ დადებულა. ბელარუსს კვლავ იაფი ნავთობი სურდა, მაგრამ რუსეთმა, ნავთობის მოპოვებისა და ფასწარმოქმნის სფეროში რეფორმის დაწყების გამო, შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განუცხადა. (ცნობისათვის: ბელარუსი ყოველწლიურად რუსეთისაგან 24 მილიონ ტონა ნავთობს იღებს).

კარგად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს იაფ ნავთობზე უარის თქმის ფაქტი, უნდა ვიცოდეთ, რომ ბელარუსში სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არსებობს, რომლის პროდუქცია შიდა და გარე ბაზარზე გადის, სახელმწიფო საკმაოდ მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემოსავლებს იღებს რუსეთიდან იაფი ნავთობის იმპორტით. სხვათა შორის, ალექსანდრე ლუკაშენკო ადრეც საყვედურობდა მოსკოვს, თუ ძმები ვართ, იაფ ნავთობს რატომ მამადლი, ანდა რატომ ახდენ პოლიტიკურ ზეწოლასო.

"პოლიტიკურ ზეწოლაში" ბელარუსის ხელისუფლება გულისხმობს რუსეთის ოფიციოზის პოზიციას, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: "თუ ნავთობი და ზოგადად ენერგორესურსები, ანდა კიდევ ბევრი სხვა რამ შიდარუსული ფასებით გსურს, მაშინ რუსეთის ფედერაციის ნაწილი უნდა გახდე".

ისე, კაცმა რომ თქვას, რუსეთის არაოფიციალურ ზეწოლებს ბელარუსზე საფუძველი მეტ-ნაკლებად აქვს: საქმე იმაშია, რომ რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი, ერთად აღებული, სამოკავშირეო სახელმწიფოს წარმოადგენს. 1996 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მართალია, ორივეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსი აქვთ, მაგრამ ერთმანეთთან იმავდროულად მჭიდრო ინტეგრაციაში იმყოფებიან, შექმნილია სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ერთიანი სივრცე, არსებობს აგრეთვე ზეეროვნული მართვის ორგანოები - სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა... შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო მსოფლიოში ერთადერთი კონფედერაციული სახელმწიფოა, რომელიც დღეს იურიდიულად არსებობს. მართალია, ფორმალურად, მაგრამ მაინც...

ალექსანდრე ლუკაშენკო მოხერხებულად სარგებლობს თავისი მდგომარეობით: იგი აცნობიერებს, რომ რუსეთისათვის ბელარუსს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო (ბელარუსი რუსეთისათვის ფარის როლს ასრულებს დასავლეთის მიმართულებით, ნატოსთან მიმართებით, ამიტომაც იქ რუსეთის ჯარებია განლაგებული, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, "ყოველი შემთხვევისათვის").

კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილე...

იყო დრო, როცა ალექსანდრე ლუკაშენკოს საკმაოდ ირონიულად მოიხსენიებდნენ (და ზოგჯერ დღესაც) - ხედავთ, კოლმეურნეობის თავმჯდომარე როგორ გაგულადდა, თავი მართლა პრეზიდენტი ჰგონიაო. ამით მიანიშნებდნენ იმას, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო შორეულ 1987 წელს, ჯერ კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი საბჭოთა მეურნეობის დირექტორად... 1990 წელს მომავალი პრეზიდენტი ბელარუსის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. ასე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა. 1994 წლის ივლისში კი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

...და "ევროპის უკანასკნელი დიქტატორი"

ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს (1994-2002 წლები) უცხო არ იყო საბჭოური, სოციალისტური მეთოდებით მართვა (როცა მას ჭირდებოდა): გააძლიერა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, დევნიდა პოლიტიკურ ოპოზიციას, ზღუდავდა მათ დახმარებას დასავლეთიდან... შეჩერდა პრივატიზაცია, სახელმწიფო პოლიტიკაში გამეფდა საბჭოთა კავშირის აღდგენის რიტორიკა... უცხოურმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, ეუთომ, დაიწყო მოხსენებები ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.

პრეზიდენტობის მეორე ვადაში (2001-2006 წლები) ალექსანდრე ლუკაშენკო სწრაფად დაუახლოვდა თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს. საწყისი ბიძგი ამ მიმართულებით იმაში გამოიხატა, რომ ეუთომ საპრეზიდენტო არჩევნები არადემოკრატიულად აღიარა, რუსეთის პრეზიდენტმა კი ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა. შესაბამისად, ბელარუსის პრეზიდენტმა დასავლეთს ზურგი უჩვენა. თავის მხრივ, ევროკავშირმა ბელარუს ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა. პარალელურად, ბელარუსის ხელისუფლება ზოგიერთ გახმაურებულ სკანდალურ ფაქტში იქნა მხილებული...

საქართველოში, უკრაინაში და ყირგიზეთში მომხდარი პოლიტიკური გარდაქმნების - ფერადი რევოლუციების ფონზე დასავლეთის ყურადღება ბელარუსისადმი მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

რაც შეეხება ბელარუსის ეკონომიკას: რუსეთისაგან მიღებული პრეფერენციების წყალობით (იგივე ნავთობის რეექსპორტის შედეგად) ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპები მატულობდა. სწორედ იმდროიდან დაიწყო მითქმა-მოთქმა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ ბელარუსში სტაბილური ფასებია, მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება, რომ სხვა რესპუბლიკებთან შედარებით ბელარუსში დისციპლინა და კონტროლი მაღალ დონეზეა, რომ ბელარუსს ისეთი ბრძენი და მართლაც პატრიოტი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც თავისი ქვეყნისათვის და ხალხის კეთილდღეობისათვის "ნემსის ყუნწშიც კი გაძვრება"...

დასავლეთში კი მას "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" სახელი დაუმკვიდრდა, რადგან ეფემერული და ხელოვნურად დაკლებული ფასებით მიღწეული "კეთილდღეობის" ფონზე ალექსანდრე ლუკაშენკო "რკინის ეკლებიანი ხელით" მართავდა სახელმწიფოს. მას ყოველთვის მხარს უჭერდა რუსი კოლეგა და ამხნევებდა. უცხოელმა დამკვირვებლებმა გამოთვალეს, რომ ორი პრეზიდენტი ერთმანეთს თითქმის თვეში ორჯერ-სამჯერ და მეტად ხვდებოდა.

მაგრამ ისე ნუ ჩავთვლით, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის პრობლემები არ არსებობდა... იყო და თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი პრობლემა საქართველოს უკავშირდებოდა.

ბელარუსი, რუსეთი და საქართველო

ალექსანდრე ლუკაშენკო და მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს განსაკუთრებით არ მოსწონდა პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი - იგი ვერ იტანდა მის მიერ გატარებულ პოლიტიკას, შედარებით ლოიალურ დამოკიდებულებას "მტრული დასავლეთის" მიმართ და სხვა ნაბიჯებს. ბელარუსის პრეზიდენტმა თავისი დამოკიდებულება ნათლად გამოხატა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავისი ბრძანებულებით აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა აღიარა. მოსკოვმა მიანიშნა, რომ მის მოკავშირეებსაც, რასაკვირველია, მინსკსაც იგივე უნდა გაეკეთებინა. მაგრამ მოხდა საკმაოდ მოულოდნელი რამ: ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი თქვა მედვედევის კვალზე წასულიყო და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით "ბატკა" გაიხსენებს: "მე ვკითხე დიმიტრი ანატოლევიჩს - ვთქვათ და ვაღიარე [აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის] დამოუკიდებლობა, მაგრამ ხომ იცით, რომ დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს გამომიცხადებს? მზადაა რუსეთი აგვინაზღაუროს სანქციებით მიყენებული ზარალი? და რადგანაც დიმიტრი ანატოლევიჩმა პასუხს თავი აარიდა, ჩვენც შესაბამისად მოვიქეცით".

სხვათა შორის, გავიხსენოთ, რომ სწორედ იმ ხანებში დაიწყო ქართველი "დემოკრატის შუქურის" მიხეილ სააკაშვილისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს ურთიერთობაც. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, თბილისიდან ნიადაგის მოსასინჯად მინსკში შინაგან საქმეთა მინისტრი გაიგზავნა.. ობიექტურობის ნიშნად უნდა ვთქვათ, რომ თბილისის შეშფოთებას საფუძველი მართლაც ჰქონდა - თუ ბელარუსი აფხაზი და ოსი სეპარატისტების სუვერენიტეტს აღიარებდა, ეს ბიძგს მისცემდა არასასიამოვნო პოლიტიკურ-დიპლომატიურ პროცესს.

ასე იყო თუ ისე, ბელარუსმა რუსეთს უგანა და კრემლის თხოვნა არ შეასრულა. სამაგიეროდ, მინსკთან თბილისმა დაიწყო თანამშრომლობა, მართალია, არა იმდენად პოლიტიკის, არამედ უფრო ეკონომიკის სფეროში, მაგრამ მაინც...

"ნათლიმამა ბატკა"

თავის მხრივ, კრემლმაც "შური იძია" ალექსანდრე ლუკაშენკოზე: სწორედ დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს მიეცა სანქცია ხუთსერიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებასა და მის ჩვენებას რუსეთის ტელეეკრანზე სახელწოდებით "ნათლიმამა ბატკა". დავაკვირდეთ - სერიალის დასახელება ფრენსის კოპოლას ცნობილი ფილმის "ნათლიმამას" სახელწოდებას მოგვაგონებს, მაფიოზების შესახებ. რა თქმა უნდა, დოკუმენტური ფილმი (ჟურნალისტური გამოძიება) ალექსანდრე ლუკაშენკოს მწავე კრიტიკით იყო გამსჭვალული: მასში ითქვა, რომ ბელარუსის სოციალურ-ეკონომიკური წარმატებები, რომლებიც ვითომდა პრეზიდენტის "თავდადებული შრომის შედეგი" იყო და მან თავის თავზე მიიწერა, მხოლოდ რუსული დოტაციის წყალობით იქნა მიღწეული (52 მილიარდი დოლარის ოდენობით), ასევე ბრალდება წაუყენეს პოლიტიკური ოპონენტების გატაცებასა და ლიკვიდირების საქმეში... გარდა ამისა, ფილმის ავტორები არ მოერიდნენ ლუკაშენკოს პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამომზეურებასაც: აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მესამე შვილი ნიკოლაი, რომელიც მამამისს ყველგან თავს დაჰყავს, ყველა ოფიციალურ ღონისძიებასა თუ ვიზიტების დროს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარმა ქალმა - ირინა აბელსკაიამ გაუჩინა...

დიმიტრი მედვედევი და ალექსანდრე ლუკაშენკო

რასაკვირველია, ასეთი სიტუაციები პოლიტიკოსთა ცხოვრებაში ბევრია, მაგრამ ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის ეს ისეთი შეურაცხყოფა იყო, რომ მას დიმიტრი მედვედევი საშინლად შესძულდა. მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებთ და ვიტყვით - "ბატკა" დაუფარავი სიხარულით შეხვდა დიმიტრი მედვედევის გადაყენებას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რომელიც გასულ თვეში მოხდა.

რუსეთი თუ არა, მაშინ დასავლეთი?

ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტობის მეოთხე ვადა (2015-2020 წლები) ვლადიმირ პუტინის რუსეთის ლიდერად დაბრუნებას დაემთხვა, მაგრამ რუსეთი ისეთი მდიდარი აღარ იყო, როგორც ე.წ. "მსუქან წლებში", როცა ნავთობის ფასი მაღალი იყო და დოლარები და ევროები ნიაღვარივით მიედინებოდა რუსულ ხაზინაში. დასავლეთის სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა რუსეთს, ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით, საკმაოდ საგრძნობი ეკონომიკური სანქციები გამოუცხადეს. მნიშვნელოვნად იკლო ეკონომიკის განვითარების ტემპებმა, შემცირდა საბიუჯეტო შემოსავლები... შესაბამისად, მოსკოვმა მინსკისადმი იაფი ენერგორესურსებით დახმარებაზე, ფინანსურ დოტაციებზე და სხვა პრეფერენციების გაწევაზე ყოყმანი დაიწყო.

არადა, ბელარუსის ეკონომიკა, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ რუსულ დახმარებას ემყარებოდა. რა უნდა ექნა ალექსანდრე ლუკაშენკოს? მას ხომ წინ საპრეზიდენტო არჩევნები ელოდება? რა უთხრას ამომრჩევლებს - თქვენმა "ბატკამ" ავტორიტეტი დაკარგაო? და მან რუსეთთან პოლიტიკური თამაში და ე.წ. "მარკების აწევა" დაიწყო:

იცოდეთ, თუ თქვენ არ დამეხმარებით, უფრო მეტს დაკარგავთ, მე კი მაინც მოვძებნი მეგობრებსო. ბელარუსმა ნავთობის იმპორტის დივერსიფიცირების მიზნით ჯერ ნორვეგიასთან გამართა მოლაპარაკებები, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ვიკინგთა შთამომავლების მიერ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების პორტებში ტანკერებით მოწოდებული ნავთობი ძალიან ძვირი აღმოჩნდა (სულ იმპორტი - მხოლოდ 80 ათასი ტონა). მით უმეტეს, რომ რადგანაც ბელარუსს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, პორტებიდან ნავთობი თავის ქარხნებამდე სარკინიგზო შემადგენლობით უნდა მიეტანა. შემდეგ ყაზახებთან მოსინჯეს ნიადაგი: მათთან თითქმის ყველაფერი წარმატებით განხორციელდა, მაგრამ მთავარმა ფაქტორმა საქმე ჩაშალა - ყახაზები მზად იყვნენ ნავთობი ბელარუსისათვის მილსადენით მიეწოდებინათ, მილსადენი კი... რუსეთის კუთვნილებაა და შესაბამისად, რუსეთმა უარი თქვა დაბალი ტარიფით ნავთობის გატარებაზე თავისი მილსადენით. რაც შეეხება აზერბაიჯანულ (კასპიის) ნავთობს, ბელარუსის ტერიტორიამდე მისი მიტანის რენტაბელური შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არსებობს.

იანვრის ბოლოს ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთი ღიად დაადანაშაულა შექმნილ მძიმე სიტუაციაში: "ბოდიში, მაგრამ ჩვენ უკანალით დაგვაყენეს მუხლებზე ნავთობის გამო... მიაფურთხეს მოკავშირეობასაც", - ხაზი გაუსვა მან და მიანიშნა, რომ ეს იძულებაა ინტეგრაციისათვის, კრემლის სცენარით. თავის მხრივ, ბელარუსმა, როგორმე მაინც რომ შეევსო შემოსავლების დანაკლისი, ნავთობსადენ "დრუჟბისათვის" სატრანზიტო ტარიფები გაადიდა.

ცხადია, დასავლეთი, თავის მხრივ, ყურადღებით ადევნებდა თვალს ბელარუსის პრეზიდენტის მღელვარებას, შესაფერის მომენტს ეძებდა საკონტაქტოდ. და ის დღეც დადგა.

მაიკ პომპეო: "ნავთობი? რამდენიც გინდათ!"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მინსკში ვიზიტი პირველ თებერვალს ისტორიულად უნდა მივიჩნიოთ: ისტორიაში პირველად ბელარუსს ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი ეწვია აშშ-დან. მაიკ პომპეოს სტუმრობა მოულოდნელიც კი იყო: ვინ იფიქრებდა, რომ "ევროპელი დიქტატორი" მასპინძლობას გაუწევდა ამერიკული დემოკრატიის ერთობ გავლენიან წარმომადგენელს? თუმცა ცნობილია, რომ პოლიტიკაში და დიპლომატიაში პარადოქსები ხშირად ხდება, გააჩნია როგორი პოლიტიკური სიტუაციაა და ვისი სახელმწიფოებრივი ინტერესებია... ალექსანდრე ლუკაშენკო და მაიკ პომპეო "ბელარუსული დიქტატურის" სანახავად მინსკში ჩასულმა მაიკ პომპეომ გულთან ახლოს მიიტანა ალექსანდრე ლუკაშენკოს სადარდებელი და განაცხადა, რომ "აშშ მზადაა ბელარუსი ნავთობით 100%-ით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი ფასით". თუმცა მან იქვე პირობები წამოაყენა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეთ და დემოკრატიასაც უნდა მიხედოთო.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ალექსანდრე ლუკაშენკოს, რუსეთის ჯინაზე, ყველაფერს აპატიებს და ხელგაშლილი "გულში ჩაიკრავს", თუმცა ამ ვიზიტით ვაშინგტონმა ბელარუსის პრეზიდენტს ერთგვარი კოზირი მისცა კრემლის წინაშე. მაგრამ გაამართლა თუ არა კოზირის მიცემამ? დაეხმარა თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს ამერიკული მხარდაჭერა?

ვლადიმირ პუტინის უარი: პერსპექტივა?

როგორც ჩანს, მაიკ პომპეოს განცხადებას უფრო პოლიტიკური მიზანი ჰქონდა, ვიდრე ეკონომიკური საფუძველი. სპეციალისტების აზრით, ამერიკული ნავთობი ვერანაირად ვერ იქნება რუსულ ნავთობზე იაფი. ალბათ, ეს გარემოება თვითონ ალექსანდრე ლუკაშენკომაც კარგად იცის, რუსეთთან ამდენი დავისა და დისკუსიის შემდეგ.

მართლაცდა, ბელარუსის პრეზიდენტი, უკვე მაიკ პომპეოს მხარდაჭერის შემდეგაც კი, მაინც რუს კოლეგას სთხოვდა ფასების დაკლებას. გაზზე მიაღწია, ნავთობზე - ვერა. სოჭში მოლაპარაკების შემდეგ "ბატკა" ისე დაბრუნდა მინსკში, რომ ჟურნალისტებს არ შეხვედრია. მის ნაცვლად კითხვებზე პასუხების გაცემა ვიცე-პრემიერ დიმიტრი კრუტოის მოუწია. როგორც მისი ნათქვამიდან გაირკვა, ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები თვითონ დაამყარებენ პირდაპირ კავშირებს რუსეთის სანავთობო ბაზარის სუბიექტებთან და არაა გამორიცხული, რომ მსოფლიო ფასებთან ნავთობი შედარებით იაფად შეიძინონ, რიგ შემთხვევებში კი - მსოფლიო ფასადაც (თუმცა, გარკვეული საკონტრაქტო ფორმულების გამოყენებით, "მსოფლიო ფასი" ბელარუსისათვის მაინც შედარებით დაბალი იქნება, დაახლოებით 17%-ით).

გამოდის, რომ ამ ეტაპზე ბელარუსისათვის სხვა გამოსავალი არ არსებობს - თუ უნდა, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური დონე მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს, თანაც არჩევნების წინ (რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი), მთავრობას ისევ რუსეთის ნავთობის მოხმარება და რუსული პრეფერენციებით სარგებლობა მოუწევს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯიუტი ხასიათის მიუხედავად, მაინც მასთან ურთიერთობა ურჩევნია. სავარაუდოდ, ბელარუსის პრეზიდენტს 9 მაისს კრემლის კედელთან, საპატიო სტუმრებთან ერთად ვიხილავთ. შესაძლოა, მანამდე კიდეც გამოჩნდეს "სინათლე გვირაბის ბოლოში".

რაც შეეხება ინტეგრაციას, უახლოეს მომავალში ბელარუსის რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში არ გაერთიანდება, ამასთან, შენარჩუნებული იქნება მოსკოვ-მინსკის კავშირის დღევანდელი კონფედერაციული ხასიათი.

არც ალექსანდრე ლუკაშენკო და არც ვლადიმირ პუტინი სიმბოლურ სტატუს კვოს არ დაარღვევენ.

ამერიკა? ვაშინგტონმა ბელარუსისაკენ დიპლომატიური სვლა განახორციელა - მინსკს აჩვენა, რომ რუსეთთან რაიმე საკითხის ზღვარს გადასულ გამწვავების შემთხვევაში შეუძლია გარკვეული სოლიდარობა გამოუცხადოს. თუმცა, სავარაუდოდ, აშშ-მა კარგად იცის "წითელი ხაზების" მდებარეობა ბელარუსთან მიმართებით.

იხილეთ ასევე: მომავალ პრეზიდენტს მხოლოდ დედა ზრდიდა - "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" ცხოვრება, რომელიც ქვეყანას უკვე 25 წელია მართავს

სიმონ კილაძე (სპეციალურად საიტისათვის)