ნავთობის დესპოტთან ჩახუტება - კვირის პალიტრა

ნავთობის დესპოტთან ჩახუტება

ნავთობის გულისთვის ამერიკელი დიპლომატები ფაქტობრივად ყველაფრისთვის მზად არიან. აზერბაიჯანში ისინი დესპოტს და მის ფულზე დახარბებულ კლანს ადიდებენ. გრძელდება„დიდი თამაშის“ ისტორია, სადაც ამერიკელებს დამარცხება არაფრით არ სურთ, თუმცა მისი ბნელი მხარეების შესახებ შესანიშნავად იციან.

კასპიის რეგიონის ეს ქვეყანა, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამერიკის ერთ-ერთი სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორია, რომელიც, ამავდროულად, რუსეთის გავლენის სფეროშია მოქცეული. აზერბაიჯანში, ნავთობის დადასტურებული მარაგის მოცულობა შვიდი მილიარდი ბარელია, ხოლო გაზის–1.3 ტრილიონი კუბმეტრი. მას შემდეგ, რაც მილსადენი გაჩნდა, რომელმაც აზერბაიჯანის დედაქალაქი თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირულ პორტ ჯეიჰანს დაუკავშირა, ყოველწლიურად დასავლეთისკენ აქედან ნედლი ნავთობის მილიონობით ბარელი მიედინება.

"დიდი თამაში" ერქვა მე-19 საუკუნეში ბრიტანელების და რუსების ბრძოლას გავლენისთვის კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში. დღეს ამ ფრონტის წინა ხაზზე ამერიკელებიც იბრძვიან, თუმცა ფსონები გაცილებით გაზრდილია. სამწუხაროდ, ის ფასიც მაღალია, რომლის გადახდაც დიპლომატებს უწევთ და რაც ასე კარგად ჩანს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტებში.

აზერბაიჯანის კორუმპირებული უწყებებები ნავთობის ბუმს და მილიარდობით დოლარს ვერ უმკლავდებიან, რაც ხელს უშლის წესრიგის და სამართლის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. თავისუფალ პრესას ახშობენ, დისიდენტებს კი სასტიკად უსწორდებიან. დიქტატორმა ჰეიდარ ალიევმა რომელიც ქვეყანას 1993-2003 წლებში მართავდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საკუთარ შვილს ილჰამს გადაულოცა.

ეს უკანასკნელი კი დღეს მამამისის გზას მიჰყვება...

ამერიკული დოკუმენტებიდან კარგად ჩანს,  რომ მათ ძალიან კარგად იციან ის, თუ ვის ეპირფერებიან. აშშ-ს დიპლომატებმა უკვე მოამზადეს მემორანდუმების მთელი სერია სათაურით: "ვინ რას ფლობს?"“რომელშიც ისინი ქვეყნის გავლენიან ოჯახებს აღწერენ.

ყველაზე უკეთ, რა თქმა უნდა, ალიევების ოჯახი მოეწყო: ცოლი, მეჰრიბანი, ამერიკელი დიპლომატების შეფასებით, პოლიტიკურ თემებზე ფაქტობრივად ინფორმირებული არ არის, თუმცა ძალიან აქტიურადაა დაკავებული ოჯახის წევრების კეთილმოწყობით.

მობილური კავშირის უმსხვილესი ოპერატორი Nar Mobile/Azerfon-იც ალიევის იმპერიის საკუთრებაა. თანამედროვე მაღალი სისწრაფის მობილური კავშირის ორგანიზებაზე ქვეყანაში ერთადერთი ლიცენზია, ანუ ფაქტობრივად ლიცენზია ფულის ბეჭდვაზე სწორედ ამ ფირმამ მიიღო. ალიევებს ეკუთვნით, აგრეთვე სამშენებლო კომპანიები, რომელთა ქონების ზრდას ხელს არაფერი უშლის და ისინი მილიონებს შოულობს.

თუმცა ალიევები გულუხვობასაც იჩენენ - სხვა ოჯახებსაც აძლევენ ქონების მოხვეჭის საშუალებას. ასეთია, მაგალითად, ჰეიდაროვების ოჯახი. ჰეიდაროვის ვაჟები ძალაუფლებით და სიმდიდრით ტკბებიან, საკუთარი საფეხბურთო კლუბიც აქვთ და დღეს არსებული ინფორმაციით სურთ ორი ამერიკული Gულფსტრეამ-ის თვითმფრინავის ყიდვა, თითო 20 მილიონი დოლარი ღირს.

იმ დროს, როდესაც რამდენიმე აზერბაიჯანული კლანი მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს. ქვეყნის 40% ღარიბია, ხოლო საშუალო შემოსავალი თვეში 24 ევროა.