"აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონ გრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს უზღუდავს" - კვირის პალიტრა

"აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონ გრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს უზღუდავს"

აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. რეზოლუციას მხარი სენატის 55-მა წევრმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი წავიდა. მომხრეთა შორის 8 „რესპუბლიკელიც“ იყო.

მანამდე ტრამპმა სენატი გააფრთხილა, რომ ამ ზომისთვის მწვანე შუქი არ აენთო:

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ საომარი ძალის გამოყენების თაობაზე ამ რეზოლუციას. თუკი ხელებს შემიკრავენ, ირანს დღესასწაული ექნება", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მიუხედავად თეთრი სახლის წინააღმდეგობისა, "დემოკრატი" სენატორის ტიმ კეინის მიერ ინიცირებულმა რეზოლუციამ სენატში ორივე პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა. მსგავსი რეზოლუცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ იანვარში მიიღო. როგორც CNN განმარტავს, რადგანაც სენატის მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტი და სტრუქტურა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციის იდენტური არ არის, საჭიროა, წარმომადგენელთა პალატამ ამ რეზოლუციას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭიროს, ვიდრე ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

რეზოლუციის ინიცირების იდეა აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაღდადში აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანელი მაღალჩინოსანი ყასემ სულეიმანი გარდაიცვალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა.

"ინტერპრესნიუსი"