ევროპის პოლიტიკური გაკოტრება - კვირის პალიტრა

ევროპის პოლიტიკური გაკოტრება

დღეს ბევრი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ევროპის ფინანსური პრობლემების გაშუქებაზე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ევროკავშირში შექმნილი ფინანსური ჩიხის იგნორირება, თუმცა აუცილებელია ყურადღების გამახვილება იქ არსებულ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ვაკუუმზე.

როგორც გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ შმიდტი ამტკიცებს, ევროპას ლიდერები აკლია. ის აბსოლუტურად მართალია. მერკელი პატარა ქალაქის მერივით იქცევა და თავისი შეზღუდულობით ვერ ახერხებს საკუთარი საარჩევნო ოლქის ფარგლებს გასცდეს და ერთიანი ევროკავშირის ლიდერი გახდეს, თუმცა უკეთესი სურათი არც სხვა წევრ-ქვეყნებშია. საფრანგეთში სარკოზის პოზიცია მისი საშინაო პოლიტიკის გამო შესუსტდა და ახლა პოლიტიკური იმპულსის გაზრდას ბოშების გაძევების პოპულისტური ნაბიჯით ცდილობს. სამაგალითო ლიდერის როლს ვერც იტალიის პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი ასრულებს.

ევროკავშირში იდეოლოგიის კრიზისიცაა. ევროკავშირი იმ პოლიტიკურ სივრცედ გადაიქცა, სადაც ძალაუფლება ყოველგვარი დაფიქრებისა და დებატებისგან დაცლილმა თავისუფალი ბაზრის კონსერვატიულმა მენტალიტეტმა დაიპყრო.

ევროპარლამენტი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეების წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს, სხვადასხვა საწარმოო ლობის ცენტრად გადაიქცა. გარდა ამისა სოციალ-დემოკრატიის იდეოლოგიურმა სიღარიბემ სხვა მემარცხენე ძალების სისუსტესთან ერთად, რომლებიც ევროკავშირის დღემდე მოუგვარებელ პრობლემებს ვერ წყვეტენ, ევროპული საზოგადოება მისაღები ალტერნატიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე დატოვა.

ერთიანი ევროპის, როგორც ნაციონალური სახელმწიფოს, ალტერნატივის იდეის წინსვლაში სისუსტეს, ნაციონალისტური განწყობების გაძლიერება მოჰყვა.

ევროკავშირის პრობლემები იმის შედეგიცაა, რომ არ არსებობს რეალურად მოქმედი მექანიზმები და ძლიერი პოლიტიკა. ევროს შემოღება საერთო ბაზრისკენ გადადგმული პირველი მასშტაბური ნაბიჯი გახლდათ და ევროპელი ლიდერები ამ ვალუტის დაცვაზე პასუხს აგებენ. ახლა თამამი გადაწყვეტილებების მიღების დროა.

ევროპელმა ლიდერებმა საკუთარ სახელმწიფოთა საზღვრები გადალახონ და დაიწყონ  საერთო ევროპული და არა ვიწრო ნაციონალური ინტერესების დაცვა, მაგრამ ასეთი ნაბიჯისთვის მათ სიმამაცე არ ეყოფათ. თანამედროვე სამყაროში ისეთი ცნების გაღარიბება როგორიც „ევროპაა“, მართლაც შემაშფოთებელია.

გახანგრძლივებული კრიზისის პირობებში ეს ცნება შესაძლოა საპნის ბუშტად იქცეს, სიტყვად რომელიც ყოველგვარი აზრისგან დაცლილია. კიდევ უფრო უარესია ის, რომ როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეებისთვის შეიძლება მკაცრი ეკონომიის სასტიკი რეჟიმის სინონიმი გახდეს, რაც თავად ევროკავშირის არსებობასაც კი დაემუქრება.