ევროკავშირი და ბელორუსია ურთიერთობას განაგრძობენ - კვირის პალიტრა

ევროკავშირი და ბელორუსია ურთიერთობას განაგრძობენ

დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირი არანაირ დამსჯელ ღონისძიებებს არ მიმართავს ბელორუსში არჩევნების შემდეგ განხორციელებული ძალადობის აქტებისა და ეუთოს მიერ არჩევნების უარყოფითად შეფასების მიუხედავად. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) არჩევნებს "უსამართლო" უწოდა.

ეუთოს წინასწარი ვერდიქტის თანახმად, ბელორუსიამ „საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიაროს საერთაშორისო სტანდარტებთან მისაახლოებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა: - ჩვენ ვერ მივიჩნევთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურადო და ხელისუფლებას„დაპატიმრებულთა სასწრაფოდ გათავისუფლება მოსთხოვა.

ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის რეაქცია გაცილებით ზანტი გახლდათ. მისი თქმით, "ძალადობის აქტები„"სამწუხარო" და "მიუღებელია".

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოებული კრიტიკული თანამშრომლობის პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ბელორუსთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოდის,  დამყარებულია დემოკრატიის, მართლწესრიგის და ადამიანის უფლებების პრინციპების პატივისცემაზე, მაგრამ მას დაპატიმრებულთა გათავისუფლება არ მოუთხოვია და უარი არ უთქვამს არჩევნების შედეგების აღიარებაზე.

ევროკავშირის ქვეყნებში ბელორუსის მთავარი მფარველი და მეზობელი პოლონეთი, არ არის დაინტერესებული პრეზიდენტ ლუკაშენკოს დასჯით, რადგან ვარშავის აზრით, ეს ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიულ გარდაქმნებს და რუსეთისგან მისი დამოუკიდებლობის დაცვას.