ძალთა ახალი მსოფლიო ბალანსისკენ - კვირის პალიტრა

ძალთა ახალი მსოფლიო ბალანსისკენ

ეკონომიკური სტატისტიკის თანახმად, გაისად, ისევე, როგორც წელს, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი, ინდონეზია და ა.შ) სავარაუდოდ, 8%-ით გაიზრდება. ეს უკვე სტაბილური სურათია.

სხვაობა ნელა მზარდ და სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის ისევეა თვალშისაცემი, როგორც სხვაობა ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის. შესაბამისად იცვლება გეოპოლიტიკური წონასწორობაც. ჩინეთი აღმოსავლეთ აზიაში პოზიციებს იმტკიცებს. ინდოეთი ოკეანის ფლოტს აშენებს. ინდონეზია  ვაშინგტონს და პეკინს შორის ბალანსის ზღვარზეა.

ევროპა მსოფლიოში საკუთარი როლის შემცირებასთან, ამერიკა კი საბიუჯეტო დეფიციტის ზრდასთან და პოლიტიკურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს. ამავდროულად, ჯერ ნაადრევია ამერიკის უპირატესობის დასასრულზე საუბარი. ყველა პრობლემის მიუხედავად, ამერიკა დღეს კვლავ ერთადერთ ზესახელმწიფოდ რჩება, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლია მოქმედება. მაგალითად, 2010 წელს ცოტამ თუ შენიშნა, რომ ამერიკა აზიაში დაბრუნდა. პეკინის შიშით და უკიდურესად არაპროგნოზირებადი ჩრდილოეთ კორეის გამო, ჩინეთის მეზობლებმა დახმარება ამერიკას სთხოვეს.

სურათი, რომელიც გამოქვეყნებულმა საიდუმლო დიპლომატიურმა მიმოწერამ  შექმნა, სინამდვილეში არც ისე ცუდია. ამერიკის ნაციონალური ინტერესები მნიშველოვნად ემთხვევა დანარჩენი მსოფლიოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესებს. ვაშინგტონი დახურულ კარს მიღმაც ისე სწუხს მსოფლიო უსართხოებაზე, შეუმდგარ სახელმწიფოებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, ბირთვული იარაღის გავრცელების შედეგებზე, ტერორიზმსა და რეგიონულ კონფლიქტებზე როგორც საჯაროდ. მეორე მხრივ, WikiLeaks-ი ცხადყოფს აშშ-ის, როგორც ზესახელმწიფოს უუნარობას.

დიპლომატიური მიმოწერიდან ჩანს, რომ მას არ ძალუძს, პრობლემურ რეგიონში თავისას მიაღწიოს. მარტო ამ თვეში ვნახეთ, როგორ ჩაშალა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ბარაქ ობამას მცდელობა, ახლო-აღმოსავლეთში მშვიდობისთვის მიეღწია.

ევროპა ცუდ ფორმაშია. კრიზისი, რომელმაც დასაწყისშივე კერძო ბანკები აზარალა, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებულ პრობლემებში გადაიზარდა. ბაზრები ევროზონაზე ზეწოლას განაგრძობენ, თუმცა მთავარი საფრთხე პოლიტიკური ხასიათისაა.

რუსეთი თავს ერთ-ერთ განვითარებად ქვეყნად მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში  სულ უფრო სუსტდება და წარსულშია ჩარჩენილი. როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით. ხელისუფლება განაგრძობს ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს მისი მტრები დასავლეთში არიან.

მოსკოვს მიაჩნია, რომ ნაციონალური სიამაყის აღდგენა მხოლოდ აშშ-სთან და ევროპასთან დაპირისპირებით შეიძლება. თუმცა რუსეთის რეალური პრობლემები მასთან გაცილებით ახლოსაა. ეს არის საყოველთაო კორუფცია, დემოგრაფიული ვარდნა და ნავთობსა და გაზზე მდგარი ეკონომიკა, რომელიც იხრჩობა.