დასავლეთი მსოფლიოში ლიბერალური წესრიგის დასასრულზე დაფიქრდა?!
დასავლეთი მსოფლიოში ლიბერალური წესრიგის დასასრულზე დაფიქრდა?!
"ბი-ბი-სის"რუსულენოვანმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგელბში წარმოდგენილი მოხენების საფუძველზე, რომელში განხილული და შეფასებული იყო ის რისკები, რაც დასავლურ დემოკრატიას უდგას დღეს. მისი ავტორია ალექსეი კალმიკოვი.

გთავაზობთ სტატიის მცირედ შემოკლებულ ვერსიას:

დასავლეთს პრობლემები აქვს - შიგნითაც და გარეთაც. მას სულს უხუთავს წინააღმდეგობები, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული თვით ლიბერალური დემოკრატიის იდეაც, რომლის ჰეგემონია საფრთხის ქვეშაა, მატულობს მისი მტრებისა და კონკურენტების რაოდენობაც მსოფლიოში.

ესე იგი, რა გამოდის - დასავლეთი საბოლოო
ჯამში მაინც ლპება და მალე მისი დასასრულის მოწმენი გავხდებით? - არც ისე სწრაფად, - ვარაუდობენ მოხსენების ავტორები, რომლებმაც მიუნხენის კონფერენციისათვის თანამედროვე დასავლური აზროვნების ჭრილი წარადგინეს. მათ ერთად შეკრიბეს მოწინავე მეცნიერების, კომენტატორებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამები დასავლური მოდელის კრიზისის შესახებ, მის მიზეზებსა და სავარაუდო შედეგებზე. აღიარეს რა,
რომ ისტორიის დასასრული ჯერ არ დამდგრა და მსოფლიო ლიბერალიზმისა და დემოკრატიის დროში ქვეშ არ გადასულა, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრობლემა სასიკვდილო ჯერჯერობით არ არის.

დასავლეთს ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის ინსტრუმენტებიც აქვს და ფულიც.
და თუ ის შინაგან განხეთქილებას გადალახავს, მაშინ, როგორც მოხსენების ავტორები ვარაუდობენ, "ლპობის ასეთი პროცესი შეიძლება კიდევ წარმატებით გაგრძელდეს როგორც მინიმუმი, ასი წლის განმავლობაში"

"თუ დასავლეთის სახელმწიფოები მოახერხებენ მთელი თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების გაერთიანებას, მაშინ ისინი შეძლებენ ლიბერალური წესრიგის შენარჩუნებას და მას გააუმჯობესებენ კიდეც", - ნათქვამია მოხსენებაში.

დასავლეთმა საკუთარი თავი ამჟამინდელ კრიზისში თვითონ შეიყვანა - იმიტომ, რომ უკანმოუხედავად ჩქარობდა ნათელი მომავლისაკენ და ადამიანებს რეფლექსიისათვის, საკუთარ "მე"-ზე ფიქრისთვის დროს აღარ უტოვებდა. დასავლეთს არ ესმოდა ან ყურადღებას არ აქცევდა იმ ადამიანების მორიდებულ, გაუბედავ ხმებს, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ და მათ პოზიციას რეაქციულად მიიჩნევდა.

დღეს დასავლეთი შეჩერდა და დაფიქრდა. ამ ფიქრის შედეგები მიუნხენის მოხსენებაშია წარმოდგენილი, რომელიც თეზისების სახით მოკლედ ასე გამოიხატება:

ა) პირველი შიდა პრობლემა დასავლეთისთვის - უთანხმოება "ღია" და "დახურული" მოდელების მომხრეთა შორის. ანუ იმათ შორის, ვინც უცხო ჩვევებისა და ემანსიპაციისაგან თავისი ცხოვრების ტრადიციულ ყაიდის დაცვას ითხოვს და იმათ შორის, ვინც საფრთხეს ხედავს არა გადაჭარბებულ თავისუფლებასა და ღიაობაში, არამედ მათ შელახვაში.

ბ) მეორე პრობლემა - განხეთქილება აშშ-სა და ევროპას შორის საგარეო პოლიტიკაში: განსხვავებული მიდგომები რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ.

გ) შინაგანი კრიზისის ძირითადი მიზეზები: კულტურული და ეკონომიკური. ელიტები შეუჩერებლივ მიერეკებოდნენ ხალხებს ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, "ზედმეტი მოუვიდათ, უკიდურესობაში გადავარდნენ". პოპულისტებმა კი ამით ისარგებლეს.

დ) საგარეო პრობლემები საშინაოთია გამოწვეული. ომებით დაღლილ დასავლეთს კონფლიქტებში ჩარევა არ სიამოვნებს. ასეთი სიტუაცია მას უკან უბრუნდება მსოფლიოში გავლენის დაკარგვით, რაც, თავის მხრივ, ლტოლვილთა მოდინებით თვითონ დასავლეთის დესტაბილიზებას ახდენს, უპირველესად კი მთელი ევროპის დესტაბილიზებას.

ე) მსოფლიო მრავალპოლარული გახდა, დასავლეთის ჰეგემონიას ბოლო მოეღო. ნატოს სამხედრო ძლიერება დიდი ხანია უკვე ის აღარ არის, რაც იყო. გაეროს უშიშროების საბჭო პარალიზებულია. დასავლეთის უპირობო ლიდერობა თავდაცვით ტექნოლოგიებში დაკარგულია.

ვ) ადრე განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტებში დასავლეთი დომინირებდა და თავის იდეალებს წინ სწევდა, პროპაგანდას ეწეოდა, მაგრამ ახლა მისი გავლენა კლებულობს: ჩინეთი პარალელურ სტრუქტურებს ქმნის და სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს დღეს არსებულზე.

ზ) როგორც ჩანს, დასავლეთს არაქათი გამოეცალა, დასუსტდა და გამოსავალიც არ ჩანს? მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა: ლიბერალური იდეები ძველებურად პოპულარულია, დასავლეთის ეკონომიკურ სიძლიერეს ვერავინ გაუტოლდება, ხოლო მთავარ კონკურენტებს - ჩინეთსა და რუსეთს - თავიანთი პრობლემებიც ბევრი აქვთ.

თ) კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა დასავლეთის ქვეყნებმა თავისი რიგები შეამჭიდროვონ, მოაგვარონ შიდა კონფლიქტები, დაივიწყონ ჰეგემონია და ისწავლონ ახალ რეალობაში ცხოვრება: შეეგუონ თანაარსებობას და თანამშრომლობას არადემოკრატიულ კონკურენტებთან. იდეურად და ინსტიტუციურად დასავლეთი გარდაქმნებისადმი ისეთი შემგუებადია, რომ მას მსოფლიოში ამ მხრივ ვერცერთი სისტემა ვერ შეედრება.
და აი, როგორ განმარტავენ და გვიხსნიან ამ თეზისებს მოხსენების შემდგენლები.

უთანხმოება შიგნით

დასავლეთში დღესდღეობით სულიერი დაქსაქსულობა სუფევს, რომელიც შიდა ანტილიბერალური და ნაციონალისტური ბანაკის განმტკიცების შედეგია. ნაციონალისტებისა და ანტილიბერალების მომხრეებისათვის დასავლეთი ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობებეით გაერთიანებული საზოგადოება კი არ არის, რომელიც ყველასათვის ღიაა, ვინც მის ფასეულობებს იზიარებს, არამედ მათთვის დასავლეთი ადამიანთა დახურული რასობრივი და რელიგიური საზოგადოებაა, რომელსაც გარეშე ძალები ემუქრებიან, რელიგიურად და კულტურულად უცხო ძალები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დასავლეთი ზნეობის ამ დონის თავისუფლებით, ქალთა ემანსიპაციით და ფართო იმიგრაციით თვითგანადგურებისაკენ მიდის. ისინი ითხოვენ "ხიდების აღებას", რათა დაცული იყოს უცხოებისაგან ქრისტიანული სამყაროს "ციხე-სიმაგრე" და ტრადიციული ფასეულობები. უნგრელი ლიდერი ვიქტორ ორბანი ამ ბანაკის ყველაზე აქტიური წარმომადგენელია ევროპაში. მას არ ჩამორჩება აშშ-ის პრეზიდენტიც: მოხსენების ავტორები იხსენებენ მის გამოსვლას გაეროს გენასაბლეის სესიაზე გასულ წელს, როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა - "მომავალი გლობალისტებს კი არ ეკუთვნით, არამედ პატრიოტებსო".
ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი
"ღია მოდელის" დამცველების აზრით, დასავლური ცხოვრების წესისათვის ყველაზე სერიოზულ საფრთხე-მუქარას იმიგრანტების მოზღვავებასა და ზნეობის გათავისუფლებაში (დაცემაში) კი არ ხედავენ, არამედ იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე და თავისუფლებებზე უარში, რომლის შედეგად ნელ-ნელა ქრება განსხვავება დასავლეთსა და მის დაუძინებელ მტრებს შორის.

დასავლეთი სულ უფრო ნაკლებად "დასავლური" ხდება. სწორედ ამ კონცეფციას, რომელიც შეიძლება ამ ნეოლოგიზმით - westlessness-ით ("არადასავლურობით") გამოვხატოთ, მიეძღვნა მიუნხენის წლევანდელი კონფერენცია. პოლიტიკოსების, სამხედროებისა და ექსპერტების ყოველწლიური შეხვედრა ცივი ომის წლებში ნატოს წევრებისათვის ერთგვარი დავოსი იყო, ბოლო დროს კი მსოფლიო მნიშვნელობის მოწინავე მოედნად იქცა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოების პრობლემებზე სჯა-ბაასისათვის.
დონალდ ტრამპი
"ისინი (ანუ "ღიაობის" მომხრეები) შიშობენ, რომ ანტილიბერალური ძალები, რომლებიც დასავლური ბანაკის შიგნით არიან, სულ უფრო ხშირად გამოვლენ ლიბერალიზმის მოწინააღმდეგე ქვეყნების ტროას ცხენებად, - ნათქვამია კონფერენციის საპროგრამო მოხსენებაში, - ძალიან რთულია დასავლური დღის წესრიგის გატანა მაშინ, როცა მისი (ანუ დასავლეთის) ზოგიერთი წარმომადგენელი სულ უფრო მეტად იქცევა "აღმოსავლურად". ამ თვალსაზრისით ნატოსათვის მთავარ პრობლემად ითვლება არა თანაბარძალიანი ახალი მოთამაშეების გაჩენა მსოფლიოს არენაზე და კონფლიქტები ალიანსის გავლენის ზონაში, არამედ უფრო ანტილიბერალიზმის გააქტიურება და უთანხმოება დასავლეთის კოლექტიურ თვითშეგნებაში".

კრიზისის მიზეზები


პოლიტიკოსები და კომენტატორები, რომლებიც ციტირებულნი არიან მოხსენებაში, თანხმდებიან იმაში, რომ ამჟამინდელი კრიზისის მიზეზები ორ სფეროში საძებნი: კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში
პირველი - მტკიცე რწმენამ იმაში, რომ "დასავლური ფასეულობები საბოლოო ჯამში მთელ მსოფლიოს დაიპყრობსო", საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უკმაყოფილოთა და მოყოყმანეთა ხმებს აღარ უსმენდნენ. მაგრამ მათი იმედი არ გამართლდა - მსოფლიო ლიბერალური დემოკრატიის ერთ დიდ ბაზრად არ გადაიქცა: რუსეთი და ჩინეთი სხვა გზით წავიდნენ. დასავლური მოდელის უალტერნატივობის იდეაში ბზარი გაჩნდა და ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში, კულტურული კონტრრევოლუცია მოხდა: ტრადიციების დამცველებმა გაიმარჯვეს საზოგადოების სწრაფი ლიბერალიზების მომხრეებზე...
ემანუელ მაკრონი
მეორე მიზეზსაც - ეკონომიკურს - მსგავსი საფუძველი აქვს: ბიზნესისა და ფინანსების სწრაფმა ლიბერალიზებამ, გლობალიზებასთან ერთად, დასავლეთის სიმდიდრის "ფეთქებადი" ზრდა და პოსტინდუსტრიულ მოდელზე გადასვლა გამოიწვია. ამით ძირითადად მოგებულები დარჩნენ ელიტები, ხარჯების ტვირთი კი საშუალო კლასს და მუშა-მოსამსახურეებს დააწვა: ბევრი პროფესიისა და წარმოების დარგებისათვის ადგილი აღარ დარჩა, მთელი ქალაქების, ოლქებისა და შტატების ეკონომიკა გაჩერდა, სოციალური დაცვა კი არასაკმარისი აღმოჩნდა კრიზისით მიყენებული ტკივილის გასაყუჩებლად, ან შექმნილი სიტუაციის სიმწვავის შესარბილებლად.

და როგორც კულტურული ლიბერალიზების შემთხვევაში, აქაც იგივე ხდებოდა - ეკონომიკური პოლიტიკა მიჩნეული იყო უალტერნატივოდ და საუკეთესოდ, უკმაყოფილოებს კი არ უსმენდნენ.

ათი წლის წინათ მომხდარმა ფინანსურმა კრიზისმა საბოლოოდ დაურღვია ნდობა მოსახლეობის უმეტესობას იმაში, რომ ასეთი ეკონომიკური მოდელი სამართლიანია, ხოლო მისი ინსტრუმენტები და ინსტიტუტები - ეფექტური.
ადამიანებმა რწმენა დაკარგეს იმისა, რომ მათ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. შესაბამისად, დემოკრატია შეფერხდა. თუ 1940-1980-იან წლებში არჩევნებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებელი სტაბილურად 77% იყო, პოსტკრიზისულ პერიოდში - 2011-2015 წლებში - მაჩვენებელმა 66%-მდე დაიწია, თანაც ყველაზე მნიშვნელოვნად - ევროპაში. გაჩენილი ვაკუუმი პოპულისტებმა შეავსეს: მათ ისარგებლეს საზოგადოების მოთხოვნით, რომელსაც ადრინდელი პოლიტიკისა და ისტებლიშმენტის ალტერნატივა სურდა.

სამხედრო დანაკარგები


"დასავლეთის მიმდინარე კრიზისი დასავლური ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ის საკვანძო გავლენას ახდენს მთელ საერთაშორისო პოლიტიკაზე. როგორც კი ნათელი გახდა, რომ დასავლეთის ქვეყნების შესაძლებლობები მსოფლიოზე გავლენის მოსახდენად უსაზღვრო არ არის, "ლიბერალური წესრიგის მშენებლებისადმი" მხარდაჭერა შესუსტდა", - ნათქვამია მოხსენებაში.

შიდა დაპირისპირებით სულშეხუთული დასავლეთი კონფლიქტების მოგვარებაში უხალისოდ ერთვება, ხშირად ფეხს ითრევს. ერთი მხრივ, მას სულ უფრო მეტი ეჭვი უჩნდება ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების სამხედრო გზით ექსპორტის ეფექტურობაში, მეორე მხრივ კი, მოსახლეობა მოთმინებას კარგავს: იმ გამოკითხვების თანახმად, რომელიც მოხსენებაშია მოყვანილი, არამარტო ბევრი ამერიკელი ვეტერანი, არამედ აშშ-ის მოსახლეობის უმეტესობაც ავღანეთისა და ერაყის ომებს უაზროდ თვლის. როგორც ბრაუნის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გამოთვალეს, ეს ომები აშშ-ის ბიუჯეტისთვისაც კი ძალზე დიდი თანხა დაჯდა - 6 ტრილიონი დოლარი.
"შესაძლოა "ქანქარა" საწინააღმდეგო მხარეს ზედმეტად ძლიერ გაქანდა. ცხადია, რომ დასავლეთის მზარდი თავის არიდება კონფლიქტების ჩარევისაგან არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტები არ იქნება. პირიქით, ისინი უფრო სისხლისმღვრელნი გახდებიან და მათი შედეგები დასავლეთისათვის უფრო სერიოზული იქნება", - ნათქვამია მოხსენებაში.

ევროპის მხრიდან სურვილის უქონლობამ სირიის კონფლიქტში ჩარევაზე საბოლოო ჯამში მას ლტოლვილთა ნაკადით შეუბრუნდა, რომელმაც ევროპის დესტაბილიზება შიგნიდან მოახდინა... და შემდგომმა პასიურობამ შეიძლება სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ისედაც მყიფე პოლიტიკური ბალანსი დაარღვიოს - თუ მორიგი საიმიგრაციო კრიზისი დაიწყება, სამხრეთ ევროპაშიც გააქტიურდება ნაციონალიზმი და ანტილიბერალიზმი ისე, როგორც ეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხდა.

"და ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსები მანტრას იმეორებენ იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ კონფლიქტების სამხედრო გზით გადაწყვეტა არ შეიძლებაო, სხვა მოთამაშეები პირიქით აკეთებენ - ისინი კანონიერებას და ეთიკურობას ფეხებზე იკიდებენ", - წერენ მოხსენების ავტორები და "ცხელ წერტილებს" შორის ყურადღებას სირიასა და ლიბიაზე ამახვილებენ, ხოლო "დაუსჯელობის ახალი ეპოქის" მთავარ მოთამაშეებად ასახელებენ ჩინეთს, ირანს, თურქეთსა და რუსეთს, თანაც ამ უკანასკნელს წამყვან როლს აკისრებენ.

"რუსეთი, როგორც ჩანს, დასავლეთისათვის ყველაზე უშუალო და პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს", - ნათქვამია მოხსენებაში.

და სამომავლოდ მხოლოდ უარესი იქნება. ორი მიზეზით.
ცივის ომის დასრულების შემდგომ წლებში დასავლეთს ხელები მთლიანად ჰქონდა გახსნილი, მაგრამ ახლა ყველაფერი გადამწყვეტად შეიცვალა.

ჯერ ერთი, რომ დასავლეთს აღარ შეუძლია მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები სამხედრო ჩარევაზე: საერთაშორისო დავების უმაღლესი არბიტრი - უშიშროების საბჭო - დიდი ხანია პარალიზებულია მის მუდმივ წევრებს - რუსეთს, ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთს შორის არსებული იდეოლოგიური დაპირისპირების გამო

მეორე - დასავლეთის სამხედრო ძლიერება უკვე ისეთი აღარაა, რაც ადრე იყო: "აღწლეულების განმავლობაში ნატოს უპირობო უპირატესობა სამხედრო ტექნოლოგიებში საფრთხის ქვესაა. სხვა ქვეყნები არა მარტო ეწევიან ნატოს ქვეყნებს, არამედ ცდილობენ გაუსწრონ დასავლეთს საკვანძო სფეროებში - ისეთებში, როგორიცაა კოსმოსის ათვისება, ხელოვნური ინტელექტისა და ჰიპერბგერითი რაკეტების შექმნა", - კითხულობს ციტატას მოხსენებიდან კონფერენციაზე მყოფი როუზ გეტემიულერი, რომელიც ნატოს გენმდივნის მოადგილე იყო გასული წლის შუახანებამდე.


სუსტდება საერთაშორისო გავლენაც...


დასავლეთის კრიზისი და მისი კონკურენტების გააქტიურება პოზიციების დაკარგვას იწვევს არა მარტო ომში, არამედ მშვიდობის დროსაც.

მდიდარი დასავლეთი მსოფლიოს განვითარებაში ყოველთვის დომინირებდა და შესაბამისად, მსოფლიოს მოძრაობის მიმართულებას დასავლელები ბევრად განაპირობებდნენ. დასავლეთის ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებში მჭექარედ ისმოდა, ახლა კი ყველაფერი იცვლება.
დასავლეთის აღმოსავლელი კონკურენტები, უპირველესად კი ჩინეთი, არამარტო ქმნიან პარალელურ საერთაშორისო ინსტიტუტებს, ფინანსურისა და საგანმანათლებლოს ჩათვლით, არამედ სულ უფრო მეტ გავლენას ახდენენ ამჟამად მოქმედ ინსტიტუტებზე. თუ ადრე საერთაშორისო ორგანიზაციისაგან დახმარების მიღების პირობა იყო დასავლური ფასეულობებისადმი მისი შესაბამისობა, დღეს მსურველმა დახმარება შეიძლება უიმისოდაც მიიღოს.

"რა თქმა უნდა, სამართლიანია, როცა სხვა ქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაციებში ღირსეული წარმომადგენლობა ჰყავთ, მაგრამ სულ უფრო ხშირად საერთაშორისო ინსტიტუტები ავტოკრატების ხელში ინტრუმენტები ხდებიან. ამის თვალსაჩინო მაგალითია ინტერპოლის ორდერებით ბოროტად სარგებლობა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნის მიზნით", - ნათქვამია მოხსენებაში.

რით პასუხობს დასავლეთი ამ ყველაფერს? განა თავისი რიგები შეამჭიდროვა და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას შეეცადა? არა, უფრო პირიქით ხდება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მუშაობის პარალიზება მოახდინა და ნატოსა და გაეროს დაფინანსების შემცირებით იმუქრება. კიდევ ერთმა ბირთვულმა სახელმწიფომ - დიდი ბრიტანეთმა გადაწყვიტა გავიდეს მეორე მსოფლიო ომისშემდგომი წლების ყველაზე მთავარი პროექტიდან - ევროპის კავშირიდან... მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც მსოფლიო ლიბერალური წესრიგის საფუძვლებად ითვლებოდნენ, დღეს რთულ სიტუაციაში არიან", - აღნიშნულია მოხსენებაში.


რა უნდა გაკეთდეს?


გონივრული სტრატეგიის დაცემის დროს, ალბათ, სასურველი იქნებოდა, რომ დასავლეთს თავის რიგები განემტკიცებინა, მაგრამ ჯერჯერობით სრულიად საპირისპირო რამ ხდება და ამ უთანხმოებით მშვენივრად სარგებლობენ რუსეთი და ჩინეთი. ისისნი საკუთარ თავს ალტერნატივად სთავაზობენ იმათ, ვისაც პრობლემები აქვთ შექმნილი ტრადიციულ მოკავშირეებთან, უპირველესად კი აშშ-სთან..
დასავლეთის ქვეყნების ლიდერების ბოლო გამოსვლების გაანალიზების კვალობაზე, მოხსენების ავტორები ასეთ დასკვნამდე მიდიან: ატალანტიკის ორივე ნაპირზე კრიზისის მიზეზებისადმი ხედვა ერთნაირია და ყველამ იცის, თუ სადაა ასეთი სიტუაციიდან გამოსასვლელი... მაგრამ არ იციან, როგორ უნდა მოხვდნენ ამ გამოსასვლელში.

მრავალპოლარული მსოფლიოს პირობებში ევროპას მოუწევს მსოფლიო არენაზე უფრო აქტიური და მონოლითური მოთამაშე იყოს: ეს მისთვის ახალი ამპლუაა და ამიტომ წარმატება გარანტირებული არ არის. ამასთან, ევროპის ერთიანობა მხოლოდ ნახევარი საქმეა, საჭიროა აშშ-სთან კავშირის ახალი კონფიგურაციის განსაზღვრაც:"მთავარი სირთულე იქნება საერთოატლანტიკური და, უფრო ფართო აზრით თუ ვიტყვით, საერთოდასავლური მიდგომა. ამის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ერთობლივი პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებული სირთულეები", - აღნიშნავენ მოხსენების ავტორები.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლეთი შეძლებს შიდა უთანხმოების გადალახვას, გარე საფრთხეები არ გაქრება და ამიტომ ჰეგემონიის დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. დასავლეთს მოუწევს არამარტო თანაარსებობა და კონკურენცია სხვა სისტემებთან, არამედ მათთან თანამშრომლობაც მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემის გადასაჭრელად, ვთავათ, კლიმატის ცვლილების საკითხში
"ჩვენს დროში მძიმე თავიდან აიცილო შთაბეჭდილება იმისა, რომ დასავლეთი თითქოსდა უკან იხევსო, ლპება და მუდმივად იღებს დარტყმებს როგორც შიგნიდან, ისე გარედან. მაგრამ ამის მიუხედავად, საბაბი იმისათვის, რომ ლიბერალური ოპტიმიზმი უკვე ამოიწურაო, არ არსებობს", - ასკვნიან მოხსენების ავტორები.
სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი
ჯერ ერთი, რომ კონკურენტებს შორისაც ყველაფერი წესრიგში არა არის. ჩინეთის რეჟიმი სულ უფრო ავტორიტარული ხდება, რაც ნეგატიურად მოქმედებს მის მოქნილობაზე და უნარზე - დროული რეაგირება მოახდინოს კრიზისულ სიტუაციებზე. რუსეთს კი ძველი პრობლემები აქვს: მისი ეკონომიკა ისევ ნედლეულის ექსპორტზეა დამოკიდებული, იქ კორუფცია მეფობს და არასასიამოვნო დემოგრაფიული სიტუაცია აქვს.

მეორე - დასავლეთის სასარგებლოდ მეტყველებს მისი უნარი - შედარებით უფრო უკეთესად შეეგუოს კონკურენციას და გარდაქმნებს სიმდიდრის, იდეების სხვადასხვაობითა და იმ განვითარებული ინსტიტუტების წყალობით, რომელთა დახმარებით ამ იდეებს ეფექტურად განახორციელებს ცხოვრებაში.
და თუ დასავლეთმა ნაწილობრივ დათმო პოზიციები, მას მაინც აქვს გამძლეობისა და სიმტკიცის რეზერვი: ლიბერალური დემოკრატიის ეკონომიკური ძლიერება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება სწორუპოვარად.

"ლიბერალიზმი ძველებურად გავლენიანია. დასავლური ოცნებისადმი რექვიემი ჯერ ნაადრევია. ცხადია, არიან იმედგაცრუებულნი იმით, თუ როგორ ხდება ლიბერალური იდეების რეალიზება პრაქტიკაში, მაგრამ ასეთი იდეები ხალხს ყოველთვის ხიბლავს და იზიდავს", - ასეთ დასკვნას აკეთებენ ავტორები მოხსენების დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ


სოსო
19 თებერვალი 2020 09:37
თუ შენი არ გიყვარს,სხვას როგორ შეიყვარებ?დასავლეთი კი ჩაგვჩიჩინებს,დედა დაივიწყეთ და დედინაცვალზე ილოცეთო.დასავლური დემოკრატიის ისტორია გვაჩვენებს,რომ მისი დანერგვის მცდელობები, დანარჩენ სამყაროსთვის ზღვა სისხლის და ცრემლის მომტანია,ხოლო დასავლეთი,საბოლოო ჯამში, რატომღაც ფინანსურად მოგებული რჩება.ერთი სიტყვით,"ბევრი ვეცადე შენთვისა,ძლივს გამოვიდა ჩემთვისაო".ბოლოს ისე გამოდის,რომ დანარჩენი სამყარო ვერც ლიბერალურ ღირებულებებს ითავისებს და საკუთარ მორალსაც ჰკარგავს.ამორალური საზოგადოება კი,ყველაზე უფრო ცუდი ვარიანტია საზოგადოების განვითარებისა.მივიღეთ ერთი მხრიდან ძალადობაზე და დესტრუქციაზე დაფუძნებული,ვითომ მორალის დამცველი ფენები,მეორე მხრიდან კი თავაშვებულ და ხორციელ სიამოვნებაზე დაფუძნებული,უსქესო,უჯიგრო საზოგადოება.ამ ორმა ძალამ დაიპყრო მთელი საინფორმაციო სივრცე და საშუალებას აღარ აძლევს ტრადიციული ზნეობის მატარებელ ძალებს,თავის თავი შესთავაზოს ჰაერში გამოკიდებულ საზოგადოებას.შუა,მათაც წარმატებით გაკრიფეს
შორენა
18 თებერვალი 2020 21:13
რა უცნაური ხალხი არსებობს. რა შუაშია ამ შემთხვევაში რუსული პროპაგანდა. ევროპა რომ სახეს კარგავს და ლიბერალიზმი ნელ-ნელა ალპობს, ამის დანახვა რთული არაა! ის ასევე კარგავს ერთიანობას და სიძლიერეს. იმედია გამოფხიზლდებიან.
ალექსანდრე
18 თებერვალი 2020 20:59
დიდი მწერალი და მოაზროვნე დოსტოევსკი წერდა, რომ რუსეთს დაღუპავენ არა ანარქისტები, ან კომუნისტები, არამედ ლიბერალებიო. თუ განვაზოგადებთ ამ გამონათქვამს, მივხვდებით, რომ ლიბერალიზმი კარგს არაფერს უქადის კაცობრიობას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?