თურქეთმა და ირანმა ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქთან საზღვრები ჩაკეტა - კვირის პალიტრა

თურქეთმა და ირანმა ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქთან საზღვრები ჩაკეტა

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, თურქეთმა და ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საზღვრები ჩაკეტეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, რეგიონში კორონავირუსი არ ფიქსირდება და უცნობია, რატომ მიიღეს მოსაზღვრე ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

გამოცემა haqqin.az-ი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ცალმხრივად, აზერბაიჯანთან შეთანხმების გარეშე იქნა მიღებული.

ცნობისთვის, გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები მკურნალობას გადიოდნენ. აღნიშნულ საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

"ინტერპრესნიუსი"