"ასე მგონია, კოშმარულ სიზმარში ვარ. საკუთარ თავს ვეუბნები: გაიღვიძე, გეი, გაიღვიძე!" - რას ყვებიან "დაწყევლილი კრუიზის" მგზავრები? - კვირის პალიტრა

"ასე მგონია, კოშმარულ სიზმარში ვარ. საკუთარ თავს ვეუბნები: გაიღვიძე, გეი, გაიღვიძე!" - რას ყვებიან "დაწყევლილი კრუიზის" მგზავრები?

"ინტერფაქსის" ცნობით, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, რომელიც უკვე მესამე კვირაა, ახალი კორონავირუსის გამო, კარანტინის ზონად გამოცხადდა, მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა. მედიის ცნობით, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია, რომლის წარმომავლობა ჯერ კიდევ უცნობია.

ლაინერი Diamond Princess 4700 მგზავრთან ერთად კრუიზში 20 იანვარს გავიდა. მას ტურისტები ჰონკონგისა და ოკინავას მიმართულებით მიჰყავდა, თუმცა ჰონკონგის სანაპიროსთან მისვლისას, ლაინერზე კორონავირუსი აღმოაჩინეს. იაპონიის მთავრობის მტკიცებით, კორონავირუსი ასაკოვან მამაკაცს ჰქონდა, რომელმაც ხომალდი ჰონკონგში დატოვა, სავარაუდოდ, სწორედ მისგან გავრცელდა ინფექცია ლაინერზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 თებერვალს, ლაინერზე კარანტინი გამოცხადდა და ის "მცურავ ციხედ" იქცა.

ბოლო ინფორმაციით, კარანტინის მესამე კვირაში, ლაინერზე ინფიცირებულთა რიცხვი 621 ადამიანს აღწევს. გემიდან  პერიოდულად გამოჰყავთ ის მგზავრები, რომელთაც ვირუსი არ დაუდგინდათ. (წყარო)

კარანტინის მესამე კვირა

საკრუიზო ლაინერი უკვე მესამე კვირაა იოკოჰამას სანაპიროზეა გაჩერებული. ხომალდზე თავდაპირველად 4700 მგზავრი იყო, აქედან 1000-მდე ეკიპაჟის წევრი გახლდათ. იაპონიის ხელისუფლებამ ლაინერიდან ჩამოსვლის უფლება მხოლოდ 500-მდე ადამიანს მისცა, მას შემდეგ, რაც ზუსტად დადგინდა, რომ ისინი არ იყვნენ დაინფიცირებულები.

კარანტინის დროს, ვირუსი მგზავრებში სწრაფად გავრცელდა. ლაინერზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან, მათ შორის აშშ-ის, რუსეთის, იაპონიის, ჩინთის და სხვა. ზოგიერთმა ქვეყანამ მათი მოქალაქეების ევაკუირება მოახდინა და ეპიდემიის წერტილს გაარიდა.

"აფრიკაში უფრო უსაფრთხოდ ვიყავი"

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, ტურისტებთან ერთად, იაპონელი ექიმი კენტარო ივატაც აღმოჩნდა, რომელიც ბოლო 20 წელიწადია ინფექციურ დაავადებებს იკვლევს და ებრძვის. ლაინერზე ყოფნის შემდეგ, ექიმმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კრუიზზე არსებულ მდგომარეობას აღწერს. როგორც ივატა ამბობს, მან მოიპოვა უფლება იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ ლაინერზე ასულიყო, თუმცა, გზად ლაინერისკენ დაურეკეს და სთხოვეს, უარი ეთქვა ხომალდზე ასვლაზე. ექიმი, მედიკოსთა ჯგუფთან ერთად, მაინც ავიდა ლაინერზე და როგორც ამბობს, იქ შექმნილმა ვითარებამ დაზაფრა, ეს მაშინ, როცა თავის დროზე, აფრიკაში ებოლას ვირუსსაც კი არ შეუშინებია.

"გემზე კარანტინისთვის სრულიად შეუფერებელი რეჟიმი დაგვხვდა, ვნახე ისეთი ადგილები, სადაც საერთოდ არ იყო გამოყოფილი "მწვანე", ანუ ვირუსის გავრცელებისთვის ნაკლებად საშიში და "წითელი" - დაინფიცირების მაღალი რისკის ზონები. იყო ადგილები, სადაც გადაადგილება ყველას შეეძლო, მიუხედავად იმისა, ეცვათ თუ არა დამცავი სამოსი. ეკიპაჟის წევრები ყველგან დადიოდნენ. ამასვე აკეთებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ზოგიერთი მათგანი დამცავი სამოსით სადილობდა კიდეც, რამდენიმემ ნიღაბი მოიხსნა და კერძს დამცავი ხელთათმანებით შეექცეოდა. ეს იყო ნამდვილი ქაოსი.

ამ სფეროში უკვე 20 წელია ვმუშაობ, უამრავ ვირუსზე მიმუშავია, აფრიკაშიც ვიყავი, როცა იქ ებოლა მძვინვარებდა, ვყოფილვარ ქვეყნებში, სადაც ქოლერა იყო გავრცელებული, მაგრამ ლაინერზე ყოფნისას შევშფოთდი, რადგან შეუძლებელი იყო გცოდნოდა, რომელი ადგილი იყო ვირუსისგან დაცული. ლაინერზე არ იყო არცერთი პროფესიონალი, რომელიც სიტუაციას უხელმძღვანელებდა. სწორედ ამიტომ, არ მიკვირს, როცა ვიგებ, რომ უკვე ამდენი ადამიანი დაინფიცირდა. ლაინერის დატოვების შემდეგ, ჩემი ოჯახი იზოლირებული მყავს, რადგან, არ არის გამორიცხული, მეც დავინფიცირებულიყავი", - ამბობს ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში ექიმი ინფექციონისტი.

როგორც უცხოური მედია წერს, ლაინერზე ვირუსით დაავადდნენ ის ადამიანებიც, რომელთაც ევალებოდათ Diamond Princess- ში ინფექციის გავრცელებისთვის ხელის შეშლა. (წყარო)

ადამიანები, რომელთაც კრუიზი დატოვეს

მედიის ცნობით, 500-მდე ადამიანმა, რომელთაც კრუიზი დატოვეს, შეუძლიათ ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდნენ. სანაპიროზე გადმოსვლისას მათ ავტობუსებით და ტაქსებით ხვდებოდნენ და ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

რატომ არ გახდა საკმარისი კარანტინის გამოცხადება?

ამ დრომდე ჩინეთის საზღვრებს გარეთ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ვირუსის გავრცელება ასე სწრაფად მოხდა. მიუხედავად ამისა, იაპონიის მთავრობა ამტკიცებს, რომ კარანტინის გამოცხადება ლაინერზე აუცილებელი იყო.

ისინი ამტკიცებენ, რომ მგზავრები კარანტინის გამოცხადებამდე დაინფიცირდნენ, თუმცა როგორც ექიმი კენტარო ივატა ამტკიცებს, კარანტინში ექიმები და მგზავრები არ იცავდნენ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს.

საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი

პრემიუმ კლასის ლაინერი 2004 წელს შეიქმნა და ის დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ დაცურავს. ლაინერზე 18 გემბანია, რამდენიმე საცურაო აუზი, სილამაზის სალონი, რესტორანი ექსკლუზიური ღვინოებით, გოლფის მინი მოედანი, ფიტნეს ცენტრები და ბუტიკები.

ორადგილიან კაიუტაში, ერთი ადამიანის ბილეთის ფასი 639-1049 დოლარს აღწევს. ლაინერი დიდი პოპულარობით სარგებლობს ხანშიშესულ ადამიანებში, არც ეს ბოლო რეისი აღმოჩნდა განსხვავებული, როგორც ცნობილია, მოგზაურთა 80% 60 წლის ან უფრო უფროსია.

Diamond Princess-ი პირველად არ მოხვდა ვირუსული დაავადების გავრცელების ეპიცენტრში. ოთხი წლის წინ, ხომალდზე ნოვოვირუსის აფეთქება მოხდა, რა დროსაც 158 ადამიანი დაავადდა. მაშინ, ერთ-ერთმა მგზავრმა საკუთარ მოგზაურობას "დაწყევილი კრუიზი" უწოდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, "წყევლა გაგრძელდა"...

"ასე მგონია საშინელებათა ფილმში მოვხვდი"

75 წლის გეი ქოურთერი ფლორიდელი მწერალია, ის კრუიზში მეუღლესთან ერთად გაემგზავრა, ულამაზესი სივრცე, რომელიც ცოლ-ქმრის კაიუტის ფანჯრიდან იშლებოდა, მოულოდნელად საშნელებათა ფილმს დაემსგავსა.

გეი და ფილ ქოურთერები

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საშინელებათა ფილმში, კოშმარულ სიზმარში ვარ. საკუთარ თავს ვეუბნები: გაიღვიძე, გეი, გაიღვიძე! ეს ყველაფერი გეჩვენება!..  კაიუტებში ვართ გამოკეტილები, რამდენიმე დღის წინ, კიდევ ავდიოდით გემბანზე, ახლა შიშით ოთახებს ვერ ვტოვებთ. გადაადგილება შეზღუდული გვაქვს, დღეში სამჯერ კაიუტებთან საკვები მოაქვთ", - ამბობს მწერალი გამოცემა Time-თან.

2 698-მე გარდაცვლილი, 22, 800-ზე მეტი გამოჯანმრთელებული

უახლესი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა, აქედან 2 663 ადამიანი ჩინეთშია დაღუპული, 35 კი - მის ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსს ირანში 12 ადამიანი ემსხვერპლა, სამხრეთ კორეასა და იტალიაში - 7-7, იაპონიაში - 4, ჰონგ-კონგში -2, გარდაცვალების თითო შემთხვევაა დაფიქსირებული ფილიპინებში, საფრანგეთსა და ტაივანში.

რაც შეეხება დაინფიცირების შემთხვევებს, მსოფლიოში ვირუსი 80 067 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 77 658 შემთხვევა ჩინეთშია დაფიქსირებული. ჩინური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, 22 800-ზე მეტი ადამიანი უკვე განიკურნა კორონავირუსისგან.